ის, რაც ზაზა ოქუაშვილის ცრუ ბრალდებებთან დაკავშირებით ჯერ კიდევ 2018 წელს პროკურატურამ თქვა, 7 წლის შემდეგ ინგლისისა და უელსის უზენაესმა სასამართლომ დაადასტურა. კერძოდ, საქმე ეხება ზაზა ოქუაშვილის მიერ 2018 წლის 30 სექტემბერს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში გაჟღერებულ ბრალდებებს, როცა მან ბიძინა ივანიშვილს 4 მილიონი დოლარის გამოძალვაში დასდო ბრალი.
მაშინ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მედიაში ერთმანეთის მიყოლებით რამდენიმე ჩანაწერი გავრცელდა. გამოძიებამ სხვადასხვა მედიიდან აუდიოჩანაწერები მაშინვე გამოითხოვა და მათი ავთენტურობის და მონაწილე პირთა იდენტიფიცირების მიზნით, შესაბამისი ექსპერტიზა დაინიშნა. ჩანაწერები ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ შეისწავლა და დაადგინა, რომ "ისინი არ არის ავთენტიკური, დამზადებულია მონტაჟის გზით, ამავდროულად, ყველა ვიდეოჩანაწერი დამზადებულია წყვეტებით და მათზე აღინიშნება ციფრული და მექანიკური მონტაჟის კვალი.“
საქმეში, სადაც ზაზა ოქუაშვილი ბიძინა ივანიშვილთან სამართლებრივ დავაში დამარცხდა, სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელეთა არგუმენტები და მათი მოთხოვნები არასაკმარის მტკიცებულებებზე დაყრდნობილად და ფალსიფიცირებულად მიიჩნია. გარდა ამისა, მოსამართლემ დაადგინა სერიოზული პროცედურული ხარვეზები, რაც სარჩელის წარდგენის სწორ ფორმასა და სასამართლოს იურისდიქციის განსახორციელებლად საჭირო სამართლებრივ სტანდარტებს შეეხებოდა.
ამასთან, მოსარჩელეები ამტკიცებდნენ, რომ ქართულ სასამართლო სისტემაზე ბიძინა ივანიშვილის სავარაუდო გავლენის გამო ისინი საქართველოში სამართლიან სასამართლო პროცესს ვერ აწარმოებენ, თუმცა მოსამართლემ დაასკვნა, რომ ეს საკმარისად არ იყო დასაბუთებული.
უფრო მეტიც, ინგლისისა და უელსის უზენაესი სასამართლო ადგენს, რომ მოსარჩელეთა მიერ წარდგენილ მთავარ პრეტენზიებს – არ გააჩნდა სერიოზული სამართლებრივი საფუძველი და ხშირ შემთხვევაში იყო გამონაგონი.
„სასამართლომ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ მოსარჩელეთა მიერ წარდგენილ მთავარ პრეტენზიებს – მუქარას, უკანონო შეთქმულებასა და არაკეთილსინდისიერ ხელშეწყობას – არ გააჩნდა სერიოზული სამართლებრივი საფუძველი და ხშირ შემთხვევაში იყო გამონაგონი. სასამართლომ ამ ბრალდებებს ვადაგასული და არსობრივად მცდარი უწოდა.“,- წერია სასამართლოს მიერ ოფიციალურად გავრცელებულ განცხადებაში.
მიუხედავად ამისა, „ომეგა ჯგუფი“ სპეკულაციებს კვლავ აგრძელებს. კერძოდ, მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ მოსარჩელეთა მიერ დოკუმენტების დამატებითი ჩაბარების შემდეგ ლონდონის სასამართლოში სარჩელის განხილვა ივანიშვილის წინააღმდეგ განახლდება, რაც სიცრუეა იქიდან გამომდინარე, რომ ინგლისისა და უელსის უზენაესი სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში გარკვევით წერს, რომ 2025 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.