არის ორკესტრირებული მცდელობა, რომ მოხდეს ბიძინა ივანიშვილზე, როგორც ამ ქვეყნის სტაბილურობისა და მშვიდობის მთავარ გარანტზე ზეწოლა, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ.
მისივე თქმით, ეს ადამიანი არანაირ ზეწოლას, არანაირ შანტაჟს არ ექვემდებარება.
„მისთვის პირველი და უპირველესი პრიორიტეტი იყო ყოველთვის, არის და მომავალშიც იქნება ამ ქვეყნის და ამ ქვეყანაში მაცხოვრებელი ხალხის მშვიდობა და კეთილდღეობა. არაერთი ამ კონკრეტული მიმართულების ფაქტი ვიხილეთ ბოლო წლების განმავლობაში და ვიცით, რომ ამ მოცემულობას შვეიცარიული ბანკების ავტორიტეტი გადაჰყვა. ასევე ვიცით, რომ ფაქტობრივად, ბიძინა ივანიშვილის მიმართ გამოიყენებოდა კონკრეტული სანქციები მიუხედავად იმისა, რომ მას ყველა საერთაშორისო დონეზე, სასამართლოებში ჰქონდა დავები მოგებული, მაგრამ ამ გადაწყვეტილებების აღსრულება არ ხორციელდებოდა.
ახლაც ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ეს არის იმ გეგმისა თუ იმ სცენარის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის, პირადად მის წინააღმდეგ კონკრეტულ აქტივობებს ემსახურება. თუმცა, სასამართლომ იმსჯელა და დაადგინა, რომ ეს მტკიცებულებები აბსოლუტურად მიუღებელია და ვერ იქნება გათვალისწინებული, რითაც კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ თვითონ ის სარჩელი, რომელიც ოქუაშვილს ჰქონდა შეტანილი, აბსოლუტურად უარგუმენტო და უსაფუძვლო იყო“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.
ზაზა ოქუაშვილი დიდი ბრიტანეთის სასამართლოში ბიძინა ივანიშვილთან სამართლებრივ დავაში დამარცხდა. სასამართლომ წარდგენილი ბრალდებები ფალსიფიცირებულად ჩათვალა.