განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი თავმჯდომარე, გივი მიქანაძე აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე ოპოზიცია პატრონების დავალებას ელოდება. როგორც მიქანაძემ აღნიშნა, ოპოზიციას რასაც უბრძანებენ, იმას შეასრულებს.
„ოპოზიციაში ღრმავდება ის კრიზისი, რაც დაკავშირებულია პოზიციების შეუთანხმებლობასთან. ამის ნათელი მაგალითია ის მოთხოვნა, რომ მოხდეს ლუსტრაცია და თითოეულმა პარტიამ მყისიერად დააფიქსიროს აპირებენ თუ არა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას. კონკრეტული რადიკალური ძალები, რომლებიც დღეს აცხადებენ, რომ მონაწილეობას არ მიიღებენ, უნდა ითქვას, რომ ეს მათზე არ არის დამოკიდებული. მათი პატრონები რას უბრძანებენ, ზუსტად ისე მოიქცევიან.
ასევე, ამ განცხადებების უკან დგას რეალობის შიში. მათ იციან, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში პირწმინდად წააგებენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.
ოპოზიციაში დაპირისპირებაა - მიზეზი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში მონაწილეობის საკითხია. რადიკალური ოპოზიცია ამ დრომდე ვერ თანხმდება, უნდა ჩაერთონ თუ არა წინა საარჩევნო კამპანიაში და არჩევნებში.