ხელისუფლების დაპირება დევნილებისთვის ფართების დაკანონებაზე ბლეფი აღმოჩნდა

ხელისუფლების დაპირება დევნილებისთვის ფართების დაკანონებაზე ბლეფი აღმოჩნდა

[გეგა ბერიძე]
იმ დროს, როდესაც ოსლოში ეუთომ ქართველი დევნილების საკუთარ სახლებში დაბრუნებაზე რეზოლუცია მიიღო, თბილისში ათონელის ქუჩაზე აფხაზეთიდან დევნილებს დროებითი საცხოვრებლიდან ძალით ასახლებდნენ. დევნილებს ალტერნატიულ ფართს ზუგდიდის რაიონის ერთ–ერთ სოფელში სთავაზობენ, თუმცა იძულებით გადაადგილებულებმა არ იციან, თუ რა მდგომარეობაა ამ სახლებში. ოპოზიცია ხელისუფლების დაპირებას დევნილებისთვის ფართების დაკანონების შესახებ „ბლეფს“ უწოდებს.

ეუთო-მ დევნილების დაბრუნებაზე რეზოლუცია ორი დღის წინ მიიღო. ოსლოში საპარლამენტო დელეგაციების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა დოკუმენტს, სადაც აღნიშნულია ომისა და ეთნიკური წმენდის შედეგად დევნილი მოსახლეობის ღირსეული და თავისუფალი დაბრუნების აუცილებლობა; რუსეთის მიერ აგვისტოს შეთანხმების შესრულების ვალდებულება.

სხდომამდე და რეზოლუციის დამტკიცებამდე, შესაბამის კომიტეტებში წინასწარი დებატები გაიმართა. მიუხედავად რუსეთის დელეგაციის წინააღმდეგობისა და საკითხის დღის წესრიგიდან მოხსნის მცდელობისა, დელეგატებმა რეზოლუციას მხარი დაუჭირეს.

საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს დელეგაციამ ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით ხელისუფლების სტრატეგიაც წარადგინა. პარალელურად, გიგი წერეთელი სხდომაზე ეუთო-ში ევროპის სახალხო პარტიის ფრაქციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს.

ჩატარდა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარის არჩევნებიც, ჟოაო სუარესი პეტროს ეფტიმიუსმა შეცვალა.

ეუთოს საქართველოს მხარდამჭერი ამ ბოლო გადაწყვეტილების ფონზე თბილისში, ათონელის 9–ში მდებარე პოლიციის სამმართველოს ყოფილი შენობიდან აფხაზეთიდან დევნილები გამოასახლეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ერთ-ერთმა დევნილმა, მორის გერლიანმა განუცხადა, 10 ივლისს, 06.00 საათიდან პოლიციამ შენობიდან 17 ოჯახი გაასახლა, თუმცა ოჯახები ფართის დატოვების წინააღმდეგი იყვნენ.

მისივე თქმით, დევნილთა სამინისტრო ალტერნატიული ფართს ზუგდიდის რაიონის ერთ-ერთ სოფელში სთავაზობს, თუმცა დევნილებს არ აქვთ ინფორმაცია, რა მდგომარეობაა ამ სახლებში.

მორის გერლიანი ამბობს, რომ პოლიციის ყოფილ შენობაში 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საკუთარი სურვილით შევიდნენ. მანამდე კოდორის ხეობაში და გალის რაიონში ცხოვრობდნენ. აგვისტოს ომის შემდეგ კი, წასასვლელი არსად ჰქონდათ და ამიტომ გადაწყვიტეს სახელმწიფო შენობაში შესვლა.

საპარლამენტო ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატების“ თავმჯდომარის, გიორგი ახვლედიანის განცხადებით, მოძრაობის წარმომადგენლები დევნილების გამოსახლების ადგილზე დილის 06:00 საათიდან იმყოფებოდნენ და ცდილობდნენ, დევნილების მიმართ სამართალდამცავების ჰუმანური მოპყრობა უზრუნველეყოთ.

„ნაციონალური არხები კი სირაქლემას პოზაში არიან და აჩვენებენ, მამუკა ახვლედიანი როგორი პატივით ეპყრობა იძულებით გადაადგილებულებს. ჩვენი პარტია არჩევნებამდე გამოთქვამდა ეჭვს და აფრთხილებდა ყველას, რომ ხელისუფლების დაპირება დევნილებისთვის ფართების დაკანონების შესახებ ბლეფი იყო. სამწუხაროდ, მართალი აღმოვჩნდით. გიგი უგულავას სიტყვები, რომ ყველა დევნილი, ვინც თბილისში ცხოვრობს, თბილისელია, სიცრუე გამოდგა“ – აცხადებს გიორგი ახვლედიანი.

ახვლედიანი ათონელის ქუჩაზე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან, ჯაბა სამუშიასთან ერთად იმყოფებოდა. სამუშიას განცხადებით, დევნილების პროტესტის მიუხედავად, პატრულმა 17 ოჯახი შენობიდან გამთენიისას, ძალის გამოყენებით გამოასახლა. მისივე თქმით, გამოსახლებულებს ალტერნატიულ ფართს ზუგდიდის რაიონის ერთ-ერთ სოფელში სთავაზობენ, თუმცა დევნილებს არა აქვთ ინფორმაცია საცხოვრებელი პირობების შესახებ.

„ქრისტიან-დემოკრატები“ დევნილების გამოსახლების კანონიერების გარკვევას თბილისის საკრებულოს მომავალ სხდომაზე აპირებენ.

ათონელის 9-ში მდებარე პოლიციის სამმართველოს ყოფილი შენობიდან აფხაზეთიდან დევნილები გუშინ გამოასახლეს.