წინა ხელისუფლების მიერ გადადგმული მოღალატეობრივი, სახელმწიფოსა და საზოგადოების ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯები, რომლებიც მიმდინარე გამოძიების ფორმატში კიდევ უფრო ნათელი გახდა, საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის საშუალებას იძლევა, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ.
„მიმდინარე გამოძიების ფორმატში მთელი საზოგადოება ხედავს, თუ რაოდენ მოღალატეობრივი და სახელმწიფოსა და საზოგადოების ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯები იყო გადადგმული წინა ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესების საზიანოდ.
შესაბამისად, ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი გადმონაშთები, რომლებიც ცდილობენ, რომ საზოგადოებას მოევლინონ თითქოს და ისინი გამიჯნული არიან „ნაციონალურ მოძრაობასთან“, მაგრამ კონკრეტული ფაქტებითაც საგამოძიებო კომისიის რამდენიმე სხდომიდან იკვეთება, რომ ისინი პირდაპირ კავშირში იყვნენ იმ დანაშაულებრივ ქმედებებთან, რომლებიც ამ ადამიანების საქმიანობასთან იყო დაკავშირებული მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს. შესაბამისად, ეს ყველაფერი იძლევა იმის საფუძველს, რომ ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოს მივმართოთ“, - განაცხადა მიქანაძემ.
მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, „ნაციონალური მოძრაობა” და მისი სატელიტი პარტიები არაკონსტიტუციურად გამოცხადდებიან. ამის მყარი საფუძველი, სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენელთა თქმით, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა იქნება. გარდა ამისა, ფართოვდება საგამოძიებო კომისიის მანდატი და ახალი დადგენილებით 2012 წლის შემდგომ პერიოდზეც გავრცელდება.