საგამოძიებო კომისიის პირველივე სხდომებიდანვე კარგად გამოჩნდა, რომ წარსულში ჩადენილი გაუგონარი დანაშაულების ავტორები და მათი თანამზრახველები - ქვეყნის წინაშე საერთო, მტრული მიზნით მოქმედი პოლიტიკური პარტიები უნდა ჩამოშორდნენ პოლიტიკას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი ქვეყნის გადარჩენის, განვითარებისა და გამთლიანების რეალურ პერსპექტივებზე. ამავე დროს, მდინარაძის განცხადებით, აღნიშნული პოლიტიკური პარტიების პოლიტიკისგან ჩამოშორება, რეალურ, ეროვნულ ინტერესებზე ორიენტირებულ ოპოზიციას მისცემს პოლიტიკურ ველზე გაჩენის შესაძლებლობას.
„მხოლოდ ამ შემთხვევაში შეგვეძლება ვისაუბროთ ჩვენი სამშობლოს გადარჩენის, განვითარების, გამთლიანების, ევროპული მომავლის, კულტურის და იდენტობის შენარჩუნების რეალურ პერსპექტივებზე.
ამავე დროს, ამ გადაწყვეტილების გარეშე შეუძლებელია გაჩნდეს რეალური, საქმეზე, ეროვნულ ინტერესებზე ორიენტირებული, ძლიერი ოპოზიცია, რომელიც არ იქნება დაკავებული ქვეყნის გარედან მიღებული დავალებების შესრულებით. წარსულის ცოდვებით დამძიმებულ ე.წ. პოლიტიკოსებს დღეს მთლიანად აქვთ ათვისებული ოპოზიციური ველი და შანსს არ უტოვებენ სხვას ხელისუფლების ოპონენტად ჩაერთოს დემოკრატიულ პროცესებში მაშინ, როდესაც ამ ქვეყანას ჰყავს უამრავი ნიჭიერი, განათლებული და პატრიოტი ადამიანი, მათ შორის, ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლები, რომლებიც ვერც კი ფიქრობენ პოლიტიკაში ჩვენს ოპონენტებად შემოსვლასა და შემდგომ განვითარებაზე, რადგან იციან, რომ მინიმალურ კონკურენციასაც კი ვერ გაუწევენ უცხოელპატრონიან და გარედან დიდი თანხებით დაფინანსებულ ვითომ პოლიტიკოსებს.“ - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.