ევროპის საბჭოს კონგრესზე ევროსაბჭოს ბიურომ დააინიცირა რეზოლუცია. ბიუროს ეს წევრები იყვნენ თბილისში და სამწუხაროდ, რაც მე ამ დოკუმენტში ვნახე, ხელწერა ერთი და იგივე იყო, ერთი-ერთში იმეორებს ყველა იმ რეზოლუციას, რომელიც ევროპარლამენტმა, ევროსაბჭომ და კონგრესმა მიიღეს. ეს ერთი ჯგუფის, ერთი სისტემის მიერ არის შემუშავებული, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ოთარ გრიგოლიამ, რომელმაც ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა.
მისი თქმით, აღნიშნული დოკუმენტი გაჯერებული იყო სიცრუით, რის გამოც საქართველოს დელეგაციის წევრებმა რეზოლუციის ავტორები სხდომაზე ღიად დაადანაშაულეს ტყუილში და წარმოადგინეს კონკრეტული მტკიცებულებები.
„ჩვენ შეხვედრა გვქონდა ევროპის საბჭოს ბიუროსთან, მის პრეზიდენტთან და ასევე აღმასრულებელი რეგიონებისა და თვითმმართველობის პრეზიდენტებთან. ჩვენ ვესაუბრეთ მათ, ავუხსენით სიტუაცია. ისინი შეხვდნენ ასევე ოპოზიციას, არასამთავრობო ორგანიზაციებსაც. ამ დოკუმენტში მოცემულია ის, თითქოს აქციები, რომელიც მიმდინარეობდა, იყო მშვიდობიანი, რაც ფაქტობრივი ტყუილია. ჩვენ ვანახეთ კონგრესის წარმომადგენლებს ფოტომასალა, მათ შორის დაშავებული პოლიციელების და პარლამენტის დაზიანებული ოთახების, იყო ნასროლი პიროტექნიკა და მოლოტოვის კოქტეილები პოლიციელების მიმართულებით. სამწუხაროდ, თავიდან მათ ჩვენი არგუმენტები არ გაიზიარეს, თუმცა ჩვენ ღიად, პირდაპირ წარვადგინეთ კონგრესის სხდომაზე ეს ფოტომასალა და პირდაპირ დავდეთ ბრალი მათ ტყუილში, ვინც ეს საკითხი წარმოადგინა. აღვნიშნეთ, რომ მსგავსი შეფასებები ხელს უშლის საქართველოში მშვიდობიან პროცესებს და ახალისებს რადიკალურ ჯგუფებს, რომ კიდევ უფრო რადიკალურები იყვნენ. ამის შემდეგ, გარკვეული ცვლილებები ძალიან სასწრაფოდ შეიტანეს. იმ ადამიანებმა, რომლებმაც წარმოადგინეს საკითხი, თავად შეცვალეს რიტორიკა, ვინაიდან უკვე აღარ გამოდიოდა იმ რეალობის უარყოფა, რომელიც ფაქტებით იყო გამყარებული.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის საკითხი, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ღიად და აშკარად ტყუილებით დაიწყეს სესია. ეს ადამიანები ამბობენ, რომ პოლიციელები დაესხნენ თავს მშვიდობიან დემონსტრანტებს მიზეზების გარეშე. ასევე, ძირითადად საუბრობდნენ იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილი, ადამიანი, რომელიც პრაქტიკულად უდანაშაულოა, დაჭერილია. ეს იყო ხაზი, ევროპის საბჭოს წარმოდგენილი დოკუმენტისა და ჩვენი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების მხრიდან ჩვენი კრიტიკისა, რომელიც ტყუილზე იყო დაფუძნებული.
ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ ვაგრძელებთ ევროსაბჭოსთან სამუშაო რეჟიმში ყოფნას, მათ მოვიწვევთ 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დასაკვირვებლად. ჩვენ იმედი გამოვთქვით, რომ მიუხედავად ყველაფრისა, არჩევნების და საარჩევნო პროცესის შეფასებები იქნება უფრო მეტად ობიექტური, გამომდინარე იქიდან, რომ არსებობს გარკვეული ეჭვები, რომ საქართველოსთან მიმართებით ევროპის საბჭოს კონგრესს აქვს მიკერძოებული დამოკიდებულება და არჩეული აქვს მხარე. თუმცა ჩვენ ღიად მხარი დაგვიჭირა უნგრეთის დელეგაციამ, მათ გავაცანით ყველა ის დოკუმენტი, რომელიც ჩვენს ხელთ არსებობდა“, - განაცხადა გრიგოლიამ.