საქართველო მზადაა ურთიერთობის გადატვირთვისთვის, მთავარია რა გზავნილები მოვა ამერიკიდან 

საქართველო მზადაა ურთიერთობის გადატვირთვისთვის, მთავარია რა გზავნილები მოვა ამერიკიდან 

საქართველოს ხელისუფლება მზად არის ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენასთან დაკავშირებით კომუნიკაციისათვის, მაგრამ შემხვედრ ნაბიჯებს ელოდება. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ყველაფერი დიდწილად დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად დამარცხდება საბოლოოდ „დიფ სთეითი“. მთავრობის მეთაურის განცხადებით, ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა სუფთა ფურცლიდან „ქართული ოცნების“ უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია. ამ კუთხით მნიშვნელოვანია ის შეხვედრა, რომელიც შედგა ჩვენს საგარეო საქმეთა მინისტრსა და აშშ-ს ელჩს შორის.

„ვფიქრობ, რომ არის ღირებულებითი თანხვედრა. გახსოვთ, რას ვლაპარაკობდით გასული სამი წლის განმავლობაში და ახლა ზუსტად იგივე გზავნილებით საუბრობს აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია პრაქტიკულად ყველა თემაზე. არის თანხვედრა ხედვებს შორის, ეს არის საჯარო მოცემულობა, რასაც ყველა ხედავს. დანარჩენი, ვფიქრობ, დამოკიდებულია იმაზე, როგორი ნაბიჯები გადაიდგმება ორივე მხრიდან. ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა.

რაც შეეხება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს, თანხვედრა არსებობს, მთავარია, კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას. ეს ყველაფერი დიდწილად დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად დამარცხდება საბოლოოდ „დიფ სთეითი“ აშშ-ში. კვლავაც არის პრობლემები და „დიფ სთეითის“ სერიოზული გავლენა. თუ მოხერხდება „დიფ სთეითის“ დამარცხება სრულად თუ თვისებრივად, ვფიქრობ, ამ შემთხვევაში ვერაფერი დაუდგება წინ ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვას“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებას შეთავაზება აქვს ამერიკელ პარტნიორებთან, რომ საქართველოს აქვს კონკრეტული დღის წესრიგი, რა დროში, რა მიზანი უნდა იქნას მიღწეული. როგორც დეპუტატი აცხადებს, ქართულ მხარეს აქვს მოლოდინი, რომ დავუბრუნდებით სტრატეგიული ურთიერთობის ჩარჩოს. მისი თქმით, სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობა უფრო მეტი პასუხისმგებლობით იქნება აღქმული ყველა მხრიდან და ამას წინ არაფერი დაუდგება.

„ხელისუფლების გაცხადებული პოლიტიკაა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც ჩვენი ქვეყნის მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, არის უმნიშვნელოვანესი ჩვენი ქვეყნისათვის. იმ ნეგატიურ ფონს, რომელიც წინა ადმინისტრაციის დროს იყო შექმნილი, თავისი კონკრეტული მიზეზი ჰქონდა. დღეს ეს კონკრეტული მიზეზები მოხსნილია. ახალი ადმინისტრაცია ბევრ საკითხში, როგორც იდეოლოგიური კუთხით, ასევე, მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით, ხშირ შემთხვევაში, იდენტურ პოზიციებს გამოხატავს.

ამიტომ ჩვენ გვაქვს მყარი მოლოდინი იმისა, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში, საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობა არა მარტო დაუბრუნდება სტრატეგიული ურთიერთობის ჩარჩოს, არამედ ეს ჩარჩო იქნება კონკრეტული დღის წესრიგით გამდიდრებული. ჩვენ სწორედ ეს შეთავაზება გვაქვს ამერიკელ პარტნიორებთან, რომ გვქონდეს კონკრეტული დღის წესრიგი, რა დროში რა მიზანი უნდა იქნას მიღწეული. ვფიქრობ, ეს დღეს უფრო რეალურია. ვფიქრობ, სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობა უფრო მეტი პასუხისმგებლობით იქნება აღქმული ყველა მხრიდან და ამას წინ არაფერი დაუდგება“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე ფიქრობს, რომ აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან გადატვირთვის პოლიტიკა სულ მალე მოხდება, ვინაიდან სახელმწიფოს და ამერიკის დღევანდელ ადმინისტრაციას ერთი და იგივე ღირებულება აქვს. 

„გვინდა თუ არა, ლიბერალური ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლა ჩვენგან დამოუკიდებლად მოხდება. ამას როგორც ამერიკული საზოგადოება, ისე ქართული საზოგადოება და ისე მსოფლიო განვითარების პროცესები ითხოვს. ლიბერალური ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ავანგარდში სულ რამდენიმე ქვეყანაა - საქართველო, უნგრეთი, სლოვაკეთი და აშშ. სხვა, ასე გამოკვეთილად არავინ არ არის. ამიტომ, ისტორიული აუცილებლობაა, რომ ჩვენ ქვეყნებს შორის უსწრაფესად დამყარდეს სტრატეგიული ურთიერთობა, ეს გარდაუვალია.

ეს პერიოდი საქართველოს ისტორიაში შევა ოქროს ასოებით. ბევრი მოთქვამს და უნდა მოთქვამდეს, რადგან ბევრმა პურის ფული დაკარგა, ბევრმა წყლის ფული დაკარგა და ბევრი საკუთარ თავს დაკარგავს, მაგრამ ეს პროცესია. ასე იყო საუკუნეთა განმავლობაში, როდესაც ერთი იცვლებოდა მეორეთი, მაგრამ ჩვენი ხალხის გენიალურობა იმაში მდგომარეობს, რომ მიხვდნენ და დროზე გააკეთეს გასაკეთებელი, რასაც ჰქვია ლიბერალურ ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლა. პირველი ქვეყენა, რომელმაც ევროპულ ლიბერალურ ფაშიზმს და მსოფლო „დიფ სთეითის“ მოუგო ეს იყო საქართველოში 26 ოქტომბერს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ედიშერ გვენეტაძე.

უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტის დავით კუხალაშვილის შეფასებით, საქართველოს დაშვებული აქვს ძალიან დიდი შეცდომები, რომელიც პირდაპირ უკავშირდებოდა პოლიტიკურ და სამხედრო უსაფრთხოების რისკებს საქართველოში როდესაც ინიშნებოდნენ დიპლომატები.

„გვქონდა ისეთი პერიოდი, როდესაც ელჩი დემარშით გამოდიოდა, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ამ ტიპის აზროვნების ადამიანები, ზოგადად, თანამდებობაზე არ უნდა დარჩენილყვნენ, მაგრამ ამის ნაცვლად გახდა მინისტრი და შემდეგ ელჩად ისეთ ქვეყანაში, როგორიც აშშ-ია და ვიცით რა შედეგებიც მიიღო საქართველომ იმ პერიოდის აშშ-ის მმართველობიდან. ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში ჩვენ ვერც საფრთხეების იდენტიფიცირება ვერ მოვახდინეთ და ვერც რისკები შევაფასეთ. ამიტომ ვფიქრობ, რომ ამერიკასთან ურთიერთობის საკითხზეც ჯერჯერობით ადრეა რაიმეზე საუბარი.

ვფიქრობ, რომ, ამ ეტაპზე, ძირითადი მოთამაშეები საერთაშორისო ურთიერთობებში მაინც არიან აშშ და რუსეთის ფედერაცია და მთავარია მათი მოლაპარაკების შედეგები. მათ შორის მსოფლიოს ახალი გადანაწილების მიმართულებით ვფიქრობ, რომ იქნება მნიშვნელოვანი საფუძველი იმისა, სად უნდა ავღმოჩნდეთ, როგორ და ვისთან, რა დონის მოლაპარაკება უნდა ვაწარმოოთ. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი ინფორმაცია უნდა გააჩნდეს ხელისუფლებას ქვეყნის სადაზვერვო და კონტსადაზვერვო უწყებებიდან, მან უნდა გადადგას ისეთი ნაბიჯები, რომელიც ქვეყნის პოლიტიკური და სხვა ტიპის უსაფრთხოებისათვის იქნება უსაფრთხო“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დავით კუხალაშვილი.