თურქეთის იუსტიციის მინისტრი სტამბოლის მერის დაკავებაზე: თურქეთში კანონის უზენაესობაა და არცერთ პირს ან ჯგუფს განსაკუთრებული პრივილეგიები არ ენიჭება

თურქეთის იუსტიციის მინისტრი სტამბოლის მერის დაკავებაზე: თურქეთში კანონის უზენაესობაა და არცერთ პირს ან ჯგუფს განსაკუთრებული პრივილეგიები არ ენიჭება

თურქეთის იუსტიციის მინისტრი ილმაზ თუნჯი სტამბოლის მერის, ეკრემ იმამოღლუს დაკავებას გამოეხმაურა. მისი თქმით, თურქეთში კანონის უზენაესობაა და არცერთ პირს ან ჯგუფს განსაკუთრებული პრივილეგიები არ ენიჭება. ოპოზიციური „სახალხო რესპუბლიკური პარტიის“ წევრი, სტამბოლის მერი ეკრემ იმამოღლუ გუშინ საკუთარ სახლში დააკავეს. მას კორუფციასა და ტერორისტული დაჯგუფების ხელშეწყობაში ადანაშაულებენ. მანამდე ცნობილი გახდა, რომ სტამბოლის უნივერსიტეტმა იმამოღლუს დიპლომი გაუუქმა, რის გამოც ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს.

იმამოღლუს დაკავების პარალელურად, სტამბოლის გუბერნატორის ოფისმა საზოგადოებრივი შეკრებები 4 დღით აკრძალა, თუმცა ქალაქში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები დაიწყო.

„პირველი გამოძიება, რომელსაც ტერორისტული დანაშაულის გამოძიების ბიურო ატარებს, უკავშირდება ტერორისტული ორგანიზაციის ხელშეწყობისა და წაქეზების ბრალდებებს. ამ გამოძიების ფარგლებში გაცემულია შვიდი პირის დაკავების ორდერი. მათ შორის, სტამბოლის მერის. მეორე გამოძიება, რომელსაც ორგანიზებული დანაშაულის ბიურო ხელმძღვანელობს, ფოკუსირებულია ქრთამის აღებაზე, სახელმწიფო სახსრების გაფლანგვაზე, ტენდერების გაყალბებაზე, პერსონალური მონაცემების უკანონო მოპოვებასა და თაღლითობაზე ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით. ამ გამოძიების ფარგლებში გაცემულია ასი ეჭვმიტანილის დაკავების ორდერი. მათ, შორის, სტამბოლის მერის. თურქეთის რესპუბლიკაში არის კანონის უზენაესობა. სასამართლო ხელისუფლებას ახორციელებენ დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოები თურქი ხალხის სახელით. კანონის უზენაესობის პრინციპი ფუნდამენტურია, კანონის წინაშე ყველა თანასწორია. არცერთ პირს ან ჯგუფს არ ენიჭება განსაკუთრებული პრივილეგიები“, - განაცხადა თურქეთის იუსტიციის მინისტრმა ილმაზ თუნჯიმ.