„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ პასიური კოორდინაცია არაფერს შეცვლის.
მისი თქმით, ცვლილებას და გამარჯვებას მხოლოდ საერთო მოქმედება მოიტანს.
„პასიური კოორდინაცია არაფერს შეცვლის – მხოლოდ საერთო მოქმედება მოიტანს ცვლილებას და გამარჯვებას!
ნუ დაველოდებით ლიდერის გამოჩენას – ჩვენვე უნდა გავხდეთ ცვლილების ლიდერი!
არ დაიჯერო, რომ რეჟიმი ურღვევია! – მისი ძალა ჩვენს შიშზეა აგებული.
ნუ გაჩუმდები, როცა სიმართლე იცი! – დუმილი ბოროტებას აძლიერებს.
ნუ დაელოდები სხვას! – თავისუფლება თავისით არ მოვა, ჩვენ უნდა მოვიპოვოთ!
და ბოლოს – არ იყო მონა და ლაჩარი!
ეს არის პასუხი რიტორიკულ კითხვაზე გვეშველება რამე?! – კი, თუ ამ წესებს ყველა დავიცავთ!“- წერს პაატა მანჯგალაძე.
ცნობისთვის, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი „მიზანი ოპოზიციის გაერთიანება არასოდეს არ ყოფილა“.
მისი თქმით, ამზადებს „ძლიერ კოორდინაციას”, რომელიც უძლებს ყველაფერს, ხოლო „ყალბი გაერთიანება არის ყველაზე მოწყვლადი“.
„მე ვამზადებ, და ვარ საკმაოდ ოპტიმისტური ამ მიმართულებით, ძლიერ კოორდინაციას. ძლიერი კოორდინაცია არის ის, რაც უძლებს ყველაფერს და ყალბი გაერთიანება არის ყველაზე მოწყვლადი. უნდა ვიცოდეთ, რა გვინდა რეალურად, გვინდა ძლიერი კოორდინაცია არამხოლოდ პოლიტიკური პარტიების, ასევე ამ საზოგადოების, რომელიც არის წამყვანი ამ პროტესტში დღეს და რომელსაც უნდა ჰქონდეს თავისი ადგილი ამ კოორდინაციაში“, - განაცხადა ზურაბიშვილმა ინტერვიუში.