ხაზარაძის და ჯაფარიძის თაღლითობას საარბიტრაჟო სასამართლომაც დაუსვა ბეჭედი

ხაზარაძის და ჯაფარიძის თაღლითობას საარბიტრაჟო სასამართლომაც დაუსვა ბეჭედი

მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, სახელმწიფოს 650 000 დოლარი გადაუხადეს. ამით ხაზარაძემ აღიარა, რომ სახელმწიფო მას კანონიერად ედავებოდა. როგორც ცნობილია, 2024 წლის ივლისში, ფრანგულმა საარბიტრაჟო სასამართლომ მამუკა ხაზარაძისა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ სარჩელის არც ერთი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. საუბარია კონსორციუმისთვის კონტრაქტის შეწყვეტის საქმეზე, რომელსაც „ლელოს“ დამფუძნებელი და ანაკლიის ყოფილი ინვესტორი უკანონოდ მიიჩნევდა. არბიტრაჟმა, რომელსაც მამუკა ხაზარაძემ თავად მიმართა, სრულად უარყო მისი მოთხოვნა.

აღსანიშნავია, რომ საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ხაზარაძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა წერილი, სადაც საუბრობს იმის შესახებ, რომ ანაკლიის პროექტში უნდა დაბრუნდნენ ამერიკული კომპანიები. ის ამბობს, რომ „ლელო-ძლიერ საქართველოს“ დიდი ხანია აქვს კომუნიკაცია საკითხზე ამერიკულ მხარესთან, თუმცა, „ქართული ოცნების“ მიერ „მიტაცებული ხელისუფლების პირობებში“ საკითხის დადებითად გადაწყვეტა შეუძლებელია.

„ქართული ოცნება“ ანაკლიას ჩინელებს აძლევს. ანაკლიის პროექტში უნდა დაბრუნდნენ ამერიკული კომპანიები და მხოლოდ მათი ჩართულობითაა შესაძლებელი ანაკლიის საუკუნის პროექტის განხორციელება. გვაქვს შანსი, გავხდეთ დიდი სავაჭრო გზების შემკრები კარიბჭე, სადაც ასეულ მილიარდიანი საქონელბრუნვაა შესაძლებელი. არის თუ არა ანაკლია და საქართველო ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაციის ეკონომიკურ ინტერესში? - დიახ, არის! ასეთი შესაძლებლობების ფანჯარას დროული გამოყენება სჭირდება. ამ ისტორიული შანსის ხელიდან გაშვება ქვეყნის ღალატის ტოლფასი ქმედებაა!“, - წერს მამუკა ხაზარაძე.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ხაზარაძის მიერ საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება არის იმის დასტური, რომ ხაზარაძე იყო მტყუანი და მან აღიარა ანაკლიის პორტის ჩამოშლა. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ხაზარაძემ და ჯაფარიძემ ამით აღიარეს, რომ თაღლითები არიან.

„გავიდა დრო და კიდევ ერთხელ დადასტურდა საერთაშორისო სასამართლოს მეშვეობით, რომ ეს იყო წაუგებელი ბიზნესის თაღლითური სქემა, რომელიც მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ჰქონდათ შემუშავებული. იცით თქვენ, რომ ისინი ნასამართლევი არიან თაღლითობაზე, ამიტომ გასაგებია, რომ მათი ქცევის სტილია თაღლითობა. ხედავთ, რომ პოლიტიკაშიც ასე იქცევიან. გახსოვთ, რას ითხოვდნენ ისინი - ჰქონოდათ წაუგებელი ბიზნესი. თუ არ იქნებოდა ბიზნესი მომგებიანი, საქართველოს მოსახლეობას შეევსო თანხა, რომ მოგებაში ყოფილიყო მამუკა ხაზარაძე. ეს ყველაფერი ხალხის ფულიდან უნდა მიგვეცა მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძისთვის, მათი მიმდევარი „ლელოს“ თანამშრომლებისთვის, ჰქონოდათ მომგებიანი ბიზნესი. ამაზე უარი რომ მიიღეს, დაიწყეს დავა. მოითხოვეს მილიარდ-ნახევარი ისევ ხალხისგან და ბიუჯეტისგან, წააგეს ყველა ინსტანცია და ბოლოს, არბიტრაჟში, სადაც თავისი მოსამართლეები ჰყავდათ დანიშნული, ამ სასამართლომ გაამტყუნა ბადრი ჯაფარიძეც და მამუკა ხაზარაძეც. სასამართლომ თქვა, რომ რა მილიარდნახევარს ითხოვთ ქართველი ხალხისგან, იქით უნდა დაუბრუნოთ თითქმის ორი მილიონი ლარიო. როგორც ჩანს, ჩარიცხეს ეს თანხა უკვე ბიუჯეტში და ამით აღიარეს, რომ თაღლითები არიან. ამაზე მეტი თაღლითობის აღიარება მე არ გამიგია“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ვიცე-სპიკერ გია ვოლსკი არ ფიქრობს, რომ ხაზარაძე გონს მოეგო, რამე აღიარა, ან პოზიცია შეიცვალა ამ საკითხზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიტიკურ ქოლგას შეფარებული, დიდი ხნის წინ გააკეთებდა განცხადებას თავისი გეგმების და ამოცანების შესახებ. როგორც ვოლსკი ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, ხაზარაძე ვალდებული იყო, რომ ჯარიმა გადაეხადა, ამიტომ ვერ იტყოდა, რომ მან რამე აღიარა.

„სახელმწიფოს სერიოზული ზარალი მიაყენა უკვე იმით, რომ სახელმწიფომ დახარჯა 1 მილიონი დოლარი იმ ვალდებულების შესასრულებლად, რასაც ანაკლიის პორტის და მისი შემოგარენის განვითარება ჰქვია. სახელმწიფო ბიუჯეტმა უშველებელი რესურსი ჩადო ამაში და პროექტის შემსრულებელმა არაფერი, პრაქტიკულად, გარდა იმისა, რომ სერიოზული პოლიტიკური ზარალი და უშველებელი ეკონომიკური ზარალი მიაყენა, ვინაიდან წლების განმავლობაში, ეს თემა ვერ განვითარდა, საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სატრანზიტო რესურსი არ იქნა ამოქმედებული.

აქედან გამომდინარე, მის მიერ ჯარიმის გადახდა, მით უმეტეს, თუ ამას არბიტრაჟი ავალებს, იყო ის ვალდებულება, რასაც იძულებითი ნაბიჯი ჰქვია. აქედან გამომდინარე, მე ვერ ვიტყოდი, რომ იგი გონს მოეგო, რამე აღიარა, ან პოზიცია შეიცვალა ამ საკითხთან დაკავშირებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიტიკურ ქოლგას შეფარებული ხაზარაძე დიდი ხნის წინ გააკეთებდა განცხადებას თავისი გეგმების და ამოცანების შესახებ“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, ხაზარაძე არ ადასტურებს დანაშაულს და ამიტომ თანხის გადახდას სასამართლო გადაწყვეტილების შესრულებით ახსნის, რადგან კანონი უნდა აღსრულდეს და ამ შემთვევაში ეს პრინციპი მოქმედებს.

„ასეთი აღიარება მისი მხრიდან ძნელი მისახვედრი იქნება, ჩვენ ყველას ცხოვრების საკმაო გამოცდილება გვაქვს, მათ შორის პოლიტიკურიც, რომ არ ველოდოთ აღიარებებს. იშვიათ შემთხვევაში ხდება ხოლმე აღიარება ადამიანის მიერ, რომ შეცდომა დაუშვა. უფრო მაგ საქმეს ვერ იტანს ადამიანი. ამიტომ არ არის მოსალოდნელი აღიარება ასეთი გაშლილი ტექსტით, მაგრამ თვითონ ის, რომ აღარ გაგრძელდა დავის პროცესი და მიიღო ეს გადაწყვეტილება, უკვე მიუთითებს იმაზე, რომ საკუთარი პოზიცია გამართულია.

ქართულ პოლიტიკაში ერთ-ერთი რთული ფიგურა არის ხაზარაძე, რომელსაც ბევრი კავშირები აქვს ისეთი, რომლის გამჟღავნება ჯერ არ მომხდარა. ერთი მკაფიოდ ვიცით, სააკაშვილის ხელისუფლებასთან მისი კავშირები, მაგრამ საგარეო კავშირებიც შეიძლება იგულისხმო და შიდა კავშირებიც. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ძალიან ბევრი ინტერესები იყო დაჯახებული ერთმანეთთან ანაკლიის პორტის საქმეში და შეიძლება ამ ინტერესების გადაკვეთის წერტილში აღმოჩნდა ხაზარაძე“, - აცხადებს პოლიტოლოგი.

როგორც რამაზ საყვარელიძე აცხადებს, ჩვენ მაშინ ბეჯითად ვაანალიზებდით ამერიკისა და ჩინეთის რამდენიმე პოზიციას, რადგან მაშინ არ იყო ასეთი მკაფიო ჩინური ტრანზიტის მასშტაბი. მისი თქმით, მაშინ ხოლოდ პორტზე იყო ლაპარაკი და დღეს უკვე უკვეთება, რომ ეს შეიძლება იყოს მთელი გზა ევროპისაკენ, მაგრამ მაშინ ნაკლებად იყო ლაპარაკი ამ საკითხზე.

„ამ გზის პროექტი ადრეც იყო, უბრალოდ, ჩვენს დისკუსიებში არ იყო ამოტივტივებული. ეს ამბავი რომ ამოტივტივებულიყო, ცხადი იქნებოდა, რომ გარდა ამერიკისა, ჩინეთის შემოსვლის პროცესი რუსეთისთვისაც მიუღებელი იყო - ჩინეთის შემოსვლის შეთხვევაში, რუსეთის სამხრეთ რიონებში შევა ჩინეთი თავისი გავლენით. ვიცით, რომ ჩინეთმა რუსეთს ნახევარი ციმბირი წაართვა და დიდი შანსია, რომ ასეთი მიახლოების შემთხვევაშიც, ჩრდილო კავკასიასაც ჩინური გავლენა დაეტყობოდა და ეს გავლენა რუსეთისთვის ხელსაყრელი არ იქნებოდა.

ჩინეთი ეცდებოდა იმ რაიონებთანაც თავისი გავლენის გატარებას. ყოველ შემთხვევისთვის რუსეთს რომ ასეთი შიში ჰქონდეს, თავისთავად გამართლებული იქნება. ამას იმისთვის ვამატებ, რომ საქართველო მაშინ ჩართული იყო ბევრნაირ ურთიერთობებში და მათ შორის ანაკლიის პორტით. მაგალითად, დღეს ამ დიდი ჩინური ტრანზიტის თემის ფონზე უკვე დამაინტერესებდა იმის გარკვევა, ანაკლიის პორტის მშენებლის მიმართ როგორი იყო რუსული პოზიცია. უფრო ადვილია იგულისხმო, რომ ქართველი ბიზნესმენები ანგარიშს გაუწევდნენ რუსულ პოზიციას, ვიდრე ეძებო მათზე გავლენა ამერიკაში, ან ჩინეთეში“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.

Gami საყვარელიძე ვერსიებში ჩაიხლართა... რა ნიშნით არის "რთული" აფერისტი ხაზარაძე გაუგებარია.
18 საათის უკან