ქუჩაში დარჩენილი ოპოზიცია, რომელმაც პარლამენტზე უარი თქვა, ახლა უარს თვითმმართველობის არჩევნებზე ამბობს. როგორც ცნობილი ხდება, მათი ნაწილი ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს.
ამაზე ღია განცხადება პირველმა „ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ“ გააკეთა. ბუნდოვანია, „ძლიერი საქართველოს“ პოზიცია. ხაზარაძე-ჯაფარიძის გუნდში ფიქრობენ, რომ 4 ოქტომბრამდე ქვეყანაში, ჯერ ახალი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს. რას აპირებს გახარიას, ან გვარამია-მელიას გუნდი, უცნობია - მათ ამ ეტაპზე კომენტარზე უარი თქვეს.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 4 ოქტომბერს გაიმართება. თარიღს ოფიციალურად საქართველოს პრეზიდენტი დანიშნავს. მონაწილე სუბიექტებს კი 4%-ანი ბარიერის გადალახვა მოუწევთ.
საკუთარ რეიტინგს 4 ოქტომბერს კიდევ ერთხელ გამოცდის „გირჩი“. პარტიაში, რომელიც საპარლამენტო მანდატების გარეშე დარჩა, დარწმუნებული არიან, რომ ნაკლები კონკურენციის პირობებში საკრებულოში ადგილს დაიკავებენ.
იაგო ხვიჩია დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებს, დარჩნენ თავიანთი სიტყვის და პრინციპების ერთგული და არ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში.
„თუ ხარ პოლიტიკური პარტია, აპრიორი ნიშნავს, რომ არჩევნებში მონაწილეობ, მაგრამ ვინაიდან ჩვენ უცნაურ ქვეყანაში ვცხოვრობთ, კაციშვილმა არ იცის რა მოხდება არჩევნებამდე. შეიძლება ერთმანეთში ჩხუბი დაიწყონ. შეიძლება საერთოდ გააუქმონ არჩევნები. თორემ, ისე მიგვაჩნია, რომ ვართ პოლიტიკური პარტია, რაც აპრიორი ნიშნავს იმას, რომ არჩევნებშიც ვიღებთ მონაწილეობას.
მოცემულ შემთხვევაში მე მოვუწოდებ, რომ დარჩნენ თავიანთი სიტყვის და პრინციპების ერთგული და არ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. მათ ნაკლებობას ქვეყნის პოლიტიკაში მაინც და მაინც ვერ ვგრძნობ და არაფერი დაშავდება, რომ საერთოდ არ მიიღონ მონაწილეობა, პირიქით, რეკომენდებულიც კი არის“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
ოპონენტებს სახელისუფლებო გუნდიდან ურჩიეს საკუთარი რეიტინგი თვითმმართველობის არჩევნებზე გაზომონ, რადგან საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას 2028 წლამდე არ აპირებენ.
„ქართული ოცნება“ დარწმუნებულია, რომ პოლიტიკურ კოალიციებს, რომლებმაც ბოლო რამდენიმე თვეში თავისივე ამომრჩეველი დაკარგეს, ოქტომბერშიც დიდი უპირატესობით დაამარცხებენ.
პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ სახელისუფლებო გუნდი ყველა მუნიციპალიტეტში გაიმარჯვებს. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ოპოზიციამ საკუთარ რეიტინგს უცხოელი დამკვეთების დავალებების შესრულებით, გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა.
„მე მგონია, რომ ისინი ძალიან კარგად აფასებენ საკუთარ რეიტინგებს, რომელიც არის კიდევ უფრო მეტად შემცირებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. იმდენად დააზიანეს საკუთარი თავი, უფრო სწორად, მათ კი არ დააზიანეს საკუთარი თავი და საკუთარი ინტერესები, მათმა პატრონებმა, დამკვეთებმა დააზიანეს მათი ინტერესები. ისეთ დაკვეთებს იღებდნენ გარედან, რომ ამით მათ მიიღეს გამოუსწორებელი ზიანი. შესაბამისად, დღეს ამ რადიკალური ოპოზიციური პარტიების რეიტინგი არის კიდევ უფრო მეტად შემცირებული და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მათ არ აქვთ არავითარი შანსი, რომ რამე წარმატებას მიაღწიონ რომელიმე მუნიციპალიტეტში, რომელიმე მერის არჩევნებში ან რომელიმე საკრებულოს არჩევნებში. აქედან გამომდინარე, პრინციპში, ამ შემთხვევაში უკვე ლოგიკურია მათი გადაწყვეტილება. თუ პარლამენტში არშემოსვლით მათ საკუთარ თავს მიაყენეს მძიმე დარტყმა, ამ შემთხვევაში არავითარი აზრი არ აქვს მათ მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში და ამ პოლიტიკური ნაბიჯით, შეიძლება, თავი დაიძვრინონ მორიგი მძიმე მარცხისგან, თუმცა ეს არის, საბოლოო ჯამში, მათი გადასაწყვეტი. მიიღებენ თუ არ მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში, ასეც და ისეც, ისინი არიან განწირული ძალიან მძიმე მარცხისთვის. ჩვენ ვაპირებთ ყველა მუნიციპალიტეტში მერის არჩევნების მოგებას და ყველა, 64-ვე მუნიციპალიტეტში საკრებულოს არჩევნების მოგებას“, – განაცხადა პრემიერმა.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან ამბობს, რომ ოპოზიციის უარი, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე, არასწორია. ძაბირაძე მიიჩნევს, რომ ჯერ სჯობს ასეთი კომენტარებისგან მათ თავი შეიკავონ, რადგან ამით ხელისუფლების წისქვილზე ასხამენ წყალს.
„ძალიან დიდი შეცდომაა, როცა ჯერ კიდევ 7 თვით ადრე აკეთებენ განცხადებას, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ. კაცმა არ იცის ამ პერიოდში რა შეიძლება მოხდეს. არ არის ეს პოლიტიკურად სწორი ტაქტიკა და ამით ხელისუფლება კიდევ ერთხელ ეცდება საკუთარი პოზიციების გამყარებას. ეს არის ხელისუფლების ანკესზე წამოგება, როდესაც ის უკვე ცდილობს ოპოზიციის პოზიცია გაიგოს და მთელი ტაქტიკა და პროპაგანდა ამდენი ხნით ადრე უკვე დასახოს. ამას ოპოზიციის წინააღმდეგ ძალიან კარგად გამოიყენებს.
ამიტომ ნაციონალების ასეთი ღია განცხადება, რომ ისინი არ აპირებენ მონაწილეობის მიღებას, მათვე დააზიანებს. ოპოზიციას ჩაუვარდა ამ ეტაპზე ქუჩის აქციებიც და საკუთარ ამომრჩეველშიც კი ვერ მიაღწია იმ ნდობას, რომ ისინი ქუჩაში გამოეყვანა. ახლა წარმოიდგინეთ ნეიტრალურად განწყობილ ამომრჩეველს რა პოზიცია შესაძლოა გაუჩნდეს. მათ ტაქტიკური ბრძოლა ხელისუფლებასთან 2024 წლის არჩევნების წინ წააგეს, ახლაც იგივე შეცდომებს უშვებენ. სწორედ ამ მოტივით დაიწყო ხელისუფლებამ თვითმმართველობის არჩევნებზე საუბარი. მთელი ყურადღება ამ მიმართულებით უნდათ, რომ გადავიდეს“, - ამბობს ძაბირაძე.
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე კი for.ge-სთან მიიჩნევს, რომ ნებისმიერი წესიერი ოპოზიცია, რომელსაც საკუთარი თავის იმედი აქვს, ხელისუფლების ცვლილებას არჩევნების გზით უნდა ცდილობდეს. თუმცა ჩვენს ოპოზიციას, რომელიც თვითგანადგურების რეჟიმზეა გადასული, ეს არ შეუძლია, რადგან არჩევნები 9-ჯერ წააგეს.
„ოპოზიცია არჩევნებისთვის არასდროს ემზადება. ამის მიზეზი არის ის, რომ ძალიან კარგად იციან, ამ არჩევნებსაც წააგებენ, რეიტინგი ახლა ყველაზე დაბალი აქვთ. შესაბამისად, ეს ხალხი ცდილობს ხელისუფლების ძალადობრივ დამხობას, ამიტომ არჩევნებში მონაწილეობას საჭიროდ არ მიიჩნევენ. ასეთი ძალა, რომელიც არ ცდილობს ხელისუფლებაში ლეგიტიმურად მოსვლას, პოლიტიკური ასპარეზიდან საერთოდ უნდა გაქრეს. როგორც მე მათ ვპირდები და ეს ასეც იქნება, ისინი ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარსდგებიან. ეს ხალხი მალე ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური ასპარეზიდან საერთოდ გაქრება.
ისინი პოლიტიკურ ცხოვრებაში არ იღებენ მონაწილეობას. დაკავებულები არიან მხოლოდ ქვეყნის და საკუთარი ხალხის მავნებლობით. ამიტომ კარგიც არის მეორე მხრივ, რომ არ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას. ამის შედეგად ჩვენს ქვეყანაში გაჩნდება ახალი პოლიტიკური ძალა და პოლიტიკოსები. პოლიტიკური ველი გაჯანსაღდება. მათ ტყუილად აქვთ იმედი, რომ ვინმე ახალ არჩევნებს დანიშნავს. არც ქუჩაში ვარგან და დაკარგეს პარლამენტის ტრიბუნაც. ახლა კი თვითმმართველობის არჩევნებშიც არ უნდათ მონაწილეობის მიღება. კი ბატონო, გააგრძელონ ასე, ქვეყნისთვის უკეთესიც იქნება“, - ამბობს გვენეტაძე.
მისივე თქმით, ტყუილად ჰგონიათ, რომ ამ 7 თვეში რამე შეიცვლება. პირიქით, ტრამპის პოლიტიკა მსოფლიოს სრულიად ახალ პოლიტიკურ რელსებზე გადაიყვანს. ამიტომ ჩვენი ოპოზიციის ფაშისტი ლიბერალი პატრონები ამერიკაშიც და ევროპაშიც მალე გადაშენდებიან. ვის იმედად დარჩებიან მაგასაც ვნახავთ.