„ევროპას არ სურს ამ მოცემულობით ომის დამთავრება, რადგან მას ჯერ კიდევ აქვს იმედი, რომ მოახერხებენ რუსეთის სტრატეგიულ დამარცხებას და რუსეთი იქით შეეხვეწება ევროპის და უკრაინის პირობებზე, სამშვიდობო ხელშეკრულების დადებას“, - განაცხადა ანალიტიკოსმა, ზაალ ანჯაფარიძემ Fo.ge-სთან ინტერვიუში.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურუსულა ფონ დერ ლაიენმა ხუთპუნქტიანი გეგმა წარადგინა, რომელიც ევროპის თავდაცვაზეა ორიენტირებული. ევროპელი ლიდერების უმრავლესობა თანხმდება, რომ კონტინენტი საფრთხეშია და თავდაცვის ხარჯები დაუყოვნებლივ უნდა გაიზარდოს. როგორც ცნობილია, ევროპის თავდაცვისა და სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერების გეგმის მეშვეობით 800 მილიარდი ევროს მობილიზებაა შესაძლებელი.
- აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის ციტირებას მოვახდენდი, რომელმაც ერთ-ერთი ეროპელი საგარეო საქმეთა მინისტრის სიტყვები გაიხსენა, რომ ევროპა არ აპირებს ომის დასრულებას უკრაინაში 2025 წლის ბოლომდე. ვფიქრობ, რომ ეს განცხადება, რომელიც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის კულუარებში ითქვა, არის იმ რეალური პოზიციის გამოხატულება, რაც აქვს ევროპას უკრაინის ომთან დაკავშირებით. მას არ სურს ამ მოცემულობით ომის დამთავრება, რადგან მას ჯერ კიდევ აქვს იმედი, რომ მოახერხებენ რუსეთის სტრატეგიულ დამარცხებას და რუსეთი იქით შეეხვეწება ევროპის და უკრაინის პირობებზე, სამშვიდობო ხელშეკრულების დადებას. შესაბამისად, ვიდრე ევროპაში არსებობს რწმენა იმისა, რომ ისინი შეძლებენ რუსეთის დამარცხებას და აქვთ რესურსები, უკრაინას დაეხმარონ, რომ მის ტერიტორიაზე ომი აწარმოოს, იმედი იმისა, რომ ომი დამთავრდება, არ უნდა გვქონდეს.
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინას სამხედრო დახმარება შეუჩერა. პაუზა ვრცელდება ყველა სახის სამხედრო ტექნიკასა და შეიარაღებაზე, მათ შორის იმაზეც, რაც უკვე სატვირთო თვითმფრინავებსა და ხომალდებზეა ატვირთული, ან პოლონეთში სატრანზიტო ლოკაციებზე უკვე უკრაინაში გადაგზავნისთვისაა გამზადებული. აშშ-ს დახმარების შეწყვეტის ფონზე, ყველაზე ცუდი სცენარი რა შეიძლება იქნას განხილული ამ ომთან დაკავშირებით?
- უკრაინას უკვე აქვს იმის რესურსები, რომ თვითონაც აწარმოოს შეარაღება, შეიძლება ბევრი არა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, რამდენიმეთვიან ომს ნამდვილად გაუძლებს, თუმცა მეორე საკითხია, უკრაინის ეკონომიკა რამდენად გაუძლებს ამას. საბოლოოდ ყველაფერი მაინც წყდება ბრძოლის ველზე, სწორედ ბრძოლის ველზე არსებული სიტუაცია კარნახობთ პოლიტიკოსებს და დიპლომატებს მათი მოქმედების ალგორითმს.
ტრამპმა დადო წინასაარჩევნო პირობა, რომ მალე დაამთვრებდა ომს და სურს ეს პირობა შეასრულოს, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ამ პირობის შესრულება არ არის ასეთი მარტივი, თუნდაც ევროპის პოზიციის გათვალისწინებით. ამასთან, არც აშშ-ს უნდა, რომ ამ ომიდან სახედაკარგული გამოვიდეს. ამიტომაც, მათ მოიფიქრეს ასეთი მეთოდი, რომ უკრაინას შესთავაზოს ცნობილი გარიგება სასარგებლო წიაღისეულზე წვდომის, რომლითაც ამერიკაც მოიგებს ეკონომიკურად, თანაც, ის ტერიტორიები, სადაც ამერიკელები მოახდენენ ინვესტირებას ამ იშვიათი ლითონების მოპოვების კუთხით, იქნება ამერიკის სამხედრო ძალით დაცული - რუსეთი იქ ვერ შევა.
თუმცა, საუბრების იქით ჯერ ეს ყველაფერი არ წასულა და არის ახლა გაწევ-გამოწევა, თუ ვისი პოზიცია გაიმარჯვებს - ომის ქორების თუ შედარებით ზომიერების.
თუკი რუსეთი და უკრაინა მოლაპარაკების მაგიდას მიუსხდებიან, შეთანხმების მიღწევა რამდენად შეიძლება? ანდა, რა დათმობებზე შეიძლება წავიდნენ მხარეები?
- მხარეები რომ მიუსხდნენ მოლაპარაკების მაგიდას, ჯერჯერობით ამის წინაპირობა არ არსებობს, რადგან მინიმალური ნდობაც კი არ არსებობს მათ შორის. გარდა ამისა, სასტარტო პოზიციები არის ძალიან განსხვავებული: რუსეთში თვლიან, რომ თუ ახლა ისინი დათანხმდებიან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, ამას დასავლეთი გამოიყენებს იმისთვის, რომ უკრაინას სული მოათქმევინოს და შემდეგ მან ისევ განაახლოს საბრძოლო მოქმედება. შესაბამისად, ვიდრე რუსეთს აქვს იმის საშუალება, რომ ომი აწარმოოს, ის ომს გააგრძელებს, ვიდრე არ მივა მისთვის ხელსაყრელ პირობებამდე, რომ მოლაპარაკებაზე, რომელიც, ადრე თუ გვიან, გაიმართება, მაქსიმალურად მომგებიანი პოზიცია დაიკავოს.
გლობალური პრობლემების გათვალისწინებით, აშშ-ს ახალი პრეზიდენტისთვის და მისი ადმინისტრაციისთვის საქართველოს საკითხი თითქოს სადღაც ჩაიკარგა. როდის გახდება ტრამპისთვის საქართველო მნიშვნელოვანი და საინტერესო, თქვენ როგორ ფიქრობთ?
- არ მაქვს ზუსტი პასუხი ეს როდის შეიძლება მოხდეს, ყოველ შემთხვევაში, თვალსაწიერ მომავალში ამას არ ველოდები, რადგან უფრო პრიორიტეტული პრობლები არის ტრამპის ადმინისტრაციის წინაშე, ვიდრე საქართველო. შესაბამისად, მგონია, რომ ამას 2-3 თვე მაინც დასჭირდება.
ამ პერიოდის განმავლობაში, რამდენად უნდა ველოდოთ ვითარების გამწვავებას საქართველოში?
- საქართველოში ვითარება გამწვავდება იმ შემთხვევაში თუ ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები წარმოიშვა. თუ ყველაფერი ისე შენარჩუნდება, როგორც ახლა არის, სერიოზულ გამწვავებას არ ველოდები. თუმცა, თუ ეკონომიკური სანქციები დაწესდა, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა და ეს უკვე მოქალაქეების პირად ბიუჯეტს შეეხო, მაშინ შეიძლება სირთულეები წარმოქმნას და საპროტესტო მუხტი გაზარდოს.
ბალტისპირეთის ქვეყნებმა მაღალი თანამდებობის პირებს სანქციები დაუწესეს და სანქცირებულთა სიაც გაიზარდა. რამდენად უნდა ველოდოთ მათგან ისეთ სანქციებს, რაც უშუალოდ მოსახლეობის ჯიბეზე აისახება?
- ამის ალბათობა 50-50-ზეა. ევროპაშიც არიან პრაგმატულად მოაზროვნე პოლიტიკოსები და ალბათ, ხვდებიან იმას, რომ სანქციებით გართობა შეიძლება მათ ბუმერანგივით დაუბრუნდეთ იმით, რომ აქ გაიზარდოს ევროსკეპტიკური, ანტიდასავლური განწყობები და რუსეთმა და ჩინეთმა გააძლიერონ თავიანთი გავლენები. თუ საქართველოს ხელისუფლებას ძალიან დააჭერენ ფეხს, მან შეიძლება თავისუფალი და მრავალვექტორული პოლიტიკის ფარგლებში, ურთიერთობების ინტენსიფიკაცია მოახდინოს სხვა სახელმწიფოებთან, რომ სიტუაციიდან გამოვიდეს. ასე რომ, სანქციებით ომი იმ სახელმწიფოსთან, რომელსაც შენ მოკავშირედ მიიჩნევ, რთული და სარისკო გეოპოლიტიკური თამაშია.