„ზელენსკის ვიზიტი ამერიკაში არა უკრაინის, არამედ გლობალისტური ელიტების ინტერესებს გამოხატავდა“

„ზელენსკის ვიზიტი ამერიკაში არა უკრაინის, არამედ გლობალისტური ელიტების ინტერესებს გამოხატავდა“

გლობალისტების დამოკიდებულება მანიქეველობაა, მათ უნდათ, რუსეთი განადგურდეს, ასე არ არის. ქრისტიანული შეხედულება ანტიმანიქეველურია, ეს არის უფრო არეოპაგული. რა არის ბოროტება? სიკეთის ნაკლოვანება და მისი დამარცხება შეიძლება უმეტესი სიკეთით, მეტი არაფრით. ამას ამბობს ტრამპი. იმის ნაცვლად, რომ იომოთ უკრაინაში, მოვნახოთ რაღაც მოდუსი, რომლის გარშემოც ვითანამშრომლებთ, - აცხადებს ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი for.ge-სთან საუბრისას.

თეთრ სახლში ზელენსკის უცერემონიოდ დახვედრა, სინამდვილეში, ევროპისა და ბაიდენის ადმინისტრაციისთვის სილის გაწვნა იყო, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს ამ ომის გასახანგრძლივებლად. როგორი უარყოფითი დამოკიდებულებაც არ უნდა გვქონდეს ზელენსკის მიმართ, ალბათ, ძალიან მძიმე იყო საყურებლად მისი დატუქსვა ზესახელმწიფოს ლიდერის მხრიდან. ზოგიერთი ადამიანი ფიქრობს, რომ ტრამპს პუტინთან მოლაპარაკება არ გამოსდის, 24 საათში ომს ვერ ამთავრებს და სუსტი რგოლი იპოვა ზელენსკის სახით. რით იყო განპირობებული ეს სიმკაცრე?

- ეს ისეთი მდგომარეობაა, რომ 24 საათში ამ ომის დასრულება შეუძლებელია. აქ საუბარია პროცესზე, რომელმაც უნდა მიგვიყვანოს მშვიდობამდე. ტრამპი ცდილობს ამ მდგომარეობიდან გამოსვლას, ოღონდ ისე, რომ არ დათმოს ძირეული ინტერესები, მათ შორის, უკრაინის ინტერესები. ეს არავითარ კავშირში არ არის ტრამპის წარუმატებელ ნაბიჯთან პუტინის პირისპირ. დასავლეთს როცა ვახსენებთ, სინამდვილეში, ორი დასავლეთია, ერთია ტრადიციულ- კონსერვატიულ-ეროვნული ორიენტაციის დასავლეთი და არის გლობალისტური დასავლეთი. ზელენსკი მუშაობდა და მოქმედებდა გლობალისტური დასავლეთის პროგრამით. ამერიკაში მისი ვიზიტიც უკრაინის ინტერესებს კი არ გამოხატავდა, არამედ გლობალისტური ელიტების ინტერესს. ეს არის არა იმდენად უკრაინის მარცხი, რადგან უკრაინის მარცხის ამბავი უკვე დასრულებულია. შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2014 წელსვე უკრაინამ საბედისწერო ნაბიჯი გადადგა და შუაზე გაიხლიჩა, რადგან ანტირუსეთი დაუპირისპირდა რუსულ უკრაინას. ზოგადად, ორი უკრაინა არსებობს - ანტირუსული და რუსული, სინამდვილეში, არც ერთი უნდა იყოს, არც მეორე, ეს უნდა იყოს სულ სხვა ქვეყანა, რომელსაც თავისი იდენტობა ექნება და შეძლებს იმის შენარჩუნებას, რაც საბჭოთა კავშირის შემდეგ ხელოვნურად დარჩა. უკრაინა ევროპის უდიდესი სახელმწიფოა, ამხელა ტერიტორია მას არ მიუღია დამსახურებისამებრ, მიწების ნაწილი, რაც უკრაინას ერგო, ისტორიულად არის რუსეთის, ნაწილი არის ევროპის, ნაწილი არის ყოფილი ოსმალეთის იმპერიის. ამის შენარჩუნება უკრაინელებმა ვერ მოახერხეს, გაიხლიჩნენ 2014 წელს, როცა რუსულენოვანი უკრაინა დაუპირისპირდა ანტირუსულ უკრაინას. საბოლოო ჯამში, რუსეთმა ისარგებლა ამით. რა თქმა უნდა, ამას ჰქონდა გეოპოლიტიკური კონტექსტი - დასავლეთის გაფართოება აღმოსავლეთისკენ, ლიბერალური ძლევამოსილი სვლა მთელ მსოფლიოში, ისტორიის დასასრული, როგორც ამას უწოდებდნენ ერთი პერიოდი, ეს ნიშნავდა, რომ ერთი წესრიგი უნდა ყოფილიყო ვლადივოსტოკიდან ვანკუვერამდე. ეს ყველაფერი კრახით დასრულდა. ტრამპის გამარჯვებამ ამას წერტილი დაუსვა.

ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს შეჯიბრი იმართება აშშ- სა და ევროპას შორის იმასთან დაკავშირებით, ვინ მოახერხებს ომის შეჩერებას. ამერიკელები ამბობენ, რომ ერთადერთი ადამიანი დედამიწის ზურგზე, რომელსაც მოლაპარაკების მაგიდასთან პუტინის დასმა შეუძლია, დონალდ ტრამპია. თუკი ეს მართლაც ასეა, რა საჭირო იყო დემონსტრატიულობა პუტინის თვალწინ და აშკარა დაპირისპირება ოვალურ კაბინეტში?

- კულუარულად ეს შეხვედრა არ მოხდა, ეს მოხდა დემონსტრაციულად, რადგან ზელენსკი ამისთვის იყო ჩასული. ის დემონსტრაციულად ჩავიდა იმისთვის, რომ შეკოწიწებულიყო გლობალისტების ანტიტრამპისტული კოალიცია.

თქვენ ფიქრობთ, რომ ზელენსკიმ გამოიწვია ტრამპი?

- რასაკვირველია, ეს გამოიწვია ზელენსკიმ. თორემ მანამდე ჩვეულებრივად მიმდინარეობდა მოლაპარაკებები. ტრამპი რას ამბობს? რომ არსებული გეოპოლიტიკური კონფლიქტები არ შეიძლება იყოს ცხელ ფაზაში, საომარი საშუალებებით დაპირისპირება უნდა დასრულდეს. დაპირისპირება შეიძლება გადაიზარდოს ეკონომიკურ, გეოეკონომიკურ კონკურენციაში, რაც უფრო უკეთესია. კავკასიური ცარცის წრე ყველას ახსოვს, კვანძი მაშინ იხსნება, როცა გრუშე იძახის, შუაზე ხომ არ გავგლეჯთ ბავშვსო. გლობალისტების დამოკიდებულება მანიქეველობაა. მათ უნდათ, გინდა თუ არა, რუსეთი განადგურდეს, ასე არ არის. ქრისტიანული შეხედულება ანტიმანიქეველურია, ეს არის უფრო არეოპაგული. რა არის ბოროტება? სიკეთის ნაკლოვანებაა და მისი დამარცხება შეიძლება უმეტესი სიკეთით, მეტი არაფრით. ამას ამბობს ტრამპი, იმის ნაცვლად, რომ იომოთ უკრაინაში, მოვნახოთ რაღაც მოდუსი, რის გარშემოც ვითანამშრომლებთ. ეს წიაღისეულის მოპოვება იქნება, თუ ეკონომიკური განვითარება. ლაპარაკია უზარმაზარ ზოლზე, რომელიც უკრაინის გარშემო შეიქმნება, ტრილიონ დოლარზეა საუბარი. აქ მონაწილეობას მიიღებს რუსეთიც, ჩინეთიც და შეერთებული შტატებიც. ყველას ექნება აქ მონაწილეობის საშუალება, მათ შორის, ევროპასაც. ევროპას ეს არ სურს, ევროპას სურს რუსეთის განადგურება მანიქეველური შეხედულებით, რომ ეს არის აბსოლუტური ბოროტება და უნდა განადგურდეს. სინამდვილეში, ევროპა ახლა თვითგანადგურებისკენაა.

ზელენსკის გარშემო დაირაზმნენ ევროპელები და ცალკე აპირებენ რუსეთთან მოლაპარაკებას. ისინი ცეცხლის შეწყვეტის ერთთვიანი ინიციატივით გამოდიან, შემდეგ კი უკრაინაში სამშვიდობო ჯარებს განალაგებენ.

- ეს არის ანტიტრამპისტული კოალიცია, პუტინთან ეგენი ვერ მოილაპარაკებენ, ეს გამორიცხულია. პუტინი არაფერს არ დათმობს. რახან გაბედა და ომი დაიწყო, ეს ნიშნავს, რომ ბოლომდე გაჰყვება ამას. პუტინს ეს ომი არ დაუწყია იმისთვის, რომ აქედან დამარცხებული გამოვიდეს. კონფლიქტის მოგვარების შანსი არსებობდა და ეს მოხდა ომის დაწყებიდან ერთ კვირაში, სტამბოლის მოლაპარაკებები რომ გაიმართა.

რომელიც ბრიტანეთის მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ჩაშალა და უკრაინელებს ურჩია, მოდით, უბრალოდ ვიომოთო?

- დიახ, ჯონსონმა მოლაპარაკება ფორმალურად ჩაშალა, თორემ მთლიანობაში ჩაშალა გლობალისტურმა დასავლეთმა, ბაიდენის ადმინისტრაციამ, დიფ სთეითმა. ეს იმთავითვე უკრაინის განადგურებას ნიშნავდა.

ამჟამად იარაღის წარმოების დაწყებას თავად აპირებს უკრაინა ევროპის დახმარებით, რასაც რუსული გაყინული აქტივებიდან 2,26 მილიარდი ევრო მოხმარდება. ამის პერსპექტივა არსებობს?

- რომელი იარაღის წარმოება, როცა ობიექტური რეალობა ასეთია - რუსეთი თვეში აწარმოებს დაახლოებით 2,5-ჯერ მეტ იარაღს, ვიდრე მთელი ნატო ერთად აღებული წელიწადის განმავლობაში. მარტო სამხედრო სამრეწველო კომპლექსი რომ ავიღოთ, რუსეთისთვის ეს იმხელა უპირატესობაა, რომლის აღმოფხვრასაც რამდენიმე ათწლეული დასჭირდება, ან დასჭირდება მთელი ევროპის გადაწყობა საომარ მდგომარეობაზე. რუსეთისთვის ეს პრობლემა არ არის, პუტინის ერთი თითის დაქნევაზე მთელი რუსეთი საომარ მდგომარეობაზე იმთავითვე გადადის. ომს ის კი არ იგებს, ვისაც აქვს უფრო მეტი შესაძლებლობა ჯამში, არამედ იგებს ის, ვისაც უკეთესი მობილიზება შეუძლია. ამაში რუსეთს ბადალი არ ჰყავს. ეს ყველამ იცის, მთელი ისტორიული გამოცდილება ამას ამტკიცებს. რასაკვირველია, აგრესიულია რუსეთი და ეს ბოროტებაა, მაგრამ ამ ბოროტების დამარცხება შეიძლება ქართული არეოპაგული ცნობიერებით.

არეოპაგიტული მოძღვრება ქართულ აზროვნებაში ყველაზე ნათლად შოთა რუსთაველთან დასტურდება, სადაც სიკეთისა და ბოროტების ურთიერთმიმართების პრობლემაა. ის, რასაც რუსთაველი გვასწავლის - გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი, ამის განხორციელებას ცდილობს ტრამპი პუტინთან მიმართებით?

- დიახ, უპირატესი სიკეთით შეიძლება ბოროტების დამარცხება, ანუ მეტი სიკეთით მარცხდება ბოროტება. საუბრისას ვახსენეთ კავკასიური ცარცის წრე, ამ დრამიდან გამოსავალი ოპტიმისტურია. უკრაინა ერთგვარი შავი ხვრელია, რომელიც განადგურებისკენ მიდის, უკრაინა თავის თავს ანადგურებს, ამაში ითრევს მთელ ევროპას, უფრო სწორად, პირიქით მოხდა, ევროპამ ჩაითრია უკრაინა, მაგრამ დღეს ზელენსკი არჩეულია გლობალისტების მთავარ მედროშედ, მებაირახტრედ, მის გარშემო ერთიანდებიან და ეს არის შავი ხვრელი.

როგორ ესმით უსაფრთხოების გარანტიები ტრამპსა და ევროპელებს?

- უსაფრთხოების გარანტიაში გლობალისტური დასავლეთი გულისხმობს შეერთებული შტატების ჩართვას ომში. როგორც ჩვენ გვთხოვდნენ მეორე ფრონტის გახსნას, ასე სთხოვდნენ ტრამპს, უსაფრთხოების გარანტია ჩაწერე გარიგებაშიო, ევროპა ტრამპს სთავაზობს, მე მთლიანად დაგითმობ უკრაინას, უკრაინა იქნება თქვენი კოლონია, ოღონდ თქვენ რუსებს უნდა ეომოთო. ეს არის სწორედ ნეოკოლონიალური დამოკიდებულება. ტრამპი ამაზე უარს ამბობს, არც კოლონია მინდა, არც რუსეთთან ომიო. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტრამპი არის ჩვეულებრივი ქოცი, ტრამპი სიკეთისკენაა ორიენტირებული, რომ ომი არ არის საჭირო, როცა არსებობს მშვიდობის საშუალება, რატომ უნდა ვიომოთ? ოვალურ კაბინეტში შეხვედრაც დაიწყო იმით, რომ ომი რა საჭიროა, როცა შესაძლებელია მშვიდობიანი თანაარსებობა, რისი გამოხატულებაც იყო გარიგება უკრაინის სასარგებლო წიაღისეულის გამოყენების შესახებ. ამ დროს ზელენსკიმ საუბარი დაიწყო უსაფრთხოების გარანტიებზე. თავისთავად ის, რომ ომიდან გადავდივართ თანამშრომლობაზე, ეს არის უსაფრთხოების გარანტია, ამაზე მეტი უსაფრთხოების გარანტია შეუძლებელია.

ხომ არ ფიქრობთ, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ატყუებდა ზელენსკის, ტრამპი კი იმიტომ არის უკეთესი, რომ არ ატყუებს ზელენსკის, პირდაპირ ეუბნება სათქმელს, რომ გლობალისტებმა იგი გამოიყენეს, უკრაინა მოატყუეს და ამერიკას შეატოვეს მესამე მსოფლიო ომის შეჩერება.

- ზელენსკი დასავლეთის ჩვეულებრივი კლიენტია. ის არის კლიენტელა, ანუ თავიდან ბოლომდე დასავლეთის ხარჯზე არსებობს. ზელენსკი პოლიტიკურად, ეკონომიკურად, იდეოლოგიურად გლობალისტური ელიტების, ლიბერალური ინტერნაციონალის კლიენტია. მას კონკრეტული ინტერესი კი არ აქვს, არამედ ემსახურება სხვის ინტერესს და ამაში იღებს საზღაურს, ამით არსებობს. მისი ეგზისტენციაა ამ ინტერესის მსახურება. უბედურ დღეში ჩააგდეს უკრაინა 2014 წლიდან და ეს გააკეთეს გლობალისტებმა, ანუ, თუ ვიფიქრებთ, რომ ტრამპი არის ქოცი, გლობალისტები არიან ნაცები. ეს ერთი და იგივეა, უბრალოდ, საქართველოში ეს პროცესი დაიწყო გაცილებით ადრე. ეს კატასტროფა გავიარეთ 2008 წელს, შემდეგ იყო ბიძინა და შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ, ტრამპი არის დიდი ბიძინა, გლობალური მასშტაბით.