არაფრისმომცემი სანქციებით შანტაჟს ბოლო არ უჩანს

არაფრისმომცემი სანქციებით შანტაჟს ბოლო არ უჩანს

შანტაჟი გრძელდება - ევროკავშირის მხრიდან, შესაძლოა, სანქციების ახალი პაკეტის დაწესდეს. მმართველ გუნდში აღნიშნავენ, რომ საქართველოს მიმართ მსგავსი დამოკიდებულება თავად ევროკავშირს აზიანებს, ხოლო თავად სანქციების გავლენა ქვეყნის შიდა პროცესებზე მინიმალურია. 

ევროკავშირის პრესსამსახურის ოფისში აადასტურებენ, რომ ევროკავშირი მზადაა განახორციელოს სანქციები, თუმცა რა სახის სანქციები იქნება, ჯერჯერობით უცნობია.

„ჩვენ ვითვალისწინებთ ბალტიისპირეთის ქვეყნების გადაწყვეტილებას - ევროკავშირი მზადაა განახორციელოს შემდგომი ქმედებები, მათ შორის სანქციები, რათა პასუხისმგებელმა პირებმა პასუხი აგონ ძალადობაზე. ევროკავშირმა შეამცირა პოლიტიკური კონტაქტები საქართველოს ხელისუფლებასთან, გარდა იმ კონტაქტებისა, რომლებიც ორიენტირებულია არსებული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნაზე; ევროკავშირმა შეწყვიტა საქართველოს ხელისუფლებისთვის 120 მილიონ ევროზე მეტის პირდაპირი დახმარება; ჩვენ შევაჩერეთ 30 მილიონი ევროს მხარდაჭერის ღონისძიება 2024 წლისთვის ევროპის სამშვიდობო ფონდის მეშვეობით და არ ვგეგმავთ რაიმე სახის მხარდაჭერის ღონისძიებას 2025 წელს“, - წერია პრესსამსახურის განცხადებაში.

რაც შეეხება ბალტიისპირეთის ქვეყნების გადაწყვეტილებას, ცნობილია, რომ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარგუს ცაჰკნას თქმით, ესტონეთი საქართველოს 55 მოქალაქეს, მათ შორის პროკურორებს, მოსამართლეებს, პოლიციელებს, დეპუტატებსა და სხვა პირებს ქვეყანაში შესვლას უკრძალავს. ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ესტონეთში შესვლა, საერთო ჯამში, საქართველოს 83 მოქალაქეს აქვს აკრძალული.

ამასთან, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, კიასტუსის ბუდრისის ცნობით, „ლიეტუვამ 74 ქართველი ჩინოვნიკი, საქართველოში ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევისა და რეპრესიების გამო, იმ ადამიანების სიაში დაამატა, რომლებსაც ქვეყანაში შესვლა ეკრძალებათ“. გარდა ამისა, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბაიბა ბრაჟე X-ზე წერს, რომ ლატვიამ საქართველოს 16 მოქალაქეს ქვეყანაში შესვლა შეუზღუდავი ვადით აუკრძალა.

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რომ სანქციებს არანაირი ფასი არა აქვს და ამით საქართველოს ხელისუფლების დაშანტაჟება შეუძლებელია.

„ფასი აქვს სამართლიანობას. უსამართლობას, რაც არ უნდა მძიმე და ბრუტალური იყოს, არ აქვს ფასი. როცა ასეთ მავნე პოლიტიკას ეწევი, რა თქმა უნდა, ასეთ სანქციებს არანაირი ფასი არ აქვს. ამას ქართული საზოგადოება, საბოლოო ჯამში, ხედავს. ხალხს ბევრ რამეზე თვალი აეხილა ამ ორმაგი, სამმაგი და ხშირ შემთხვევაში, აბსოლუტურად ანტიევროპული, ანტიდემოკრატიული პოლიტიკის გამო,“ - განაცხადა ქადაგიშვილმა.

მისივე თქმით, ბალტიისპირეთის ქვეყნები „მაქსიმალურად იყვნენ სხვადასხვა დროს ჩართული საქართველოში იმგვარი პოლიტიკის გატარებაში, რაც ხელისუფლებაში მოიყვანდა იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც 2008 წლის ისტორიას ხელმეორედ გაიმეორებდა“, - ამბობს ქადაგიშვილი.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან ამბობს, რომ დონალდ ტრამპის დარტყმის შემდეგ, „გლობალური ომის“ პარტიის გავლენების ცენტრმა ევროპაში გადაინაცვლა. აბაშიძე მიიჩნევს, რომ სწორედ იქიდან ხდება საქართველოს ლეგიტიმურ ხელისუფლებაზე ზეწოლა.

„ამ სანქციებით რომ ვერაფერს მიაღწევენ, ეს უკვე დიდი ხანია გამოჩნდა. მათი მიზანია, რომ საქართველოს სუვერენიტეტი როგორმე დაკნინდეს, „ოცნებამ“ ევროკრატიის სასარეგებლო გადაწყვეტილებები მიიღოს. ეს უკვე არავისთვის აღარ არის უცნობი, თუ საქართველო რის გამო ისჯება. აი, ამ არაფრის მომცემი სანქციებით, შეშფოთება-აღშფოთებით, საქართველოს მართლმსაჯულებაში ჩარევით, ევროპელი ბიუროკრატები საქართველოს საზოგადოების უდიდესი ნაწილისგან უკურეაქციას იღებენ. ეს სამარცხვინო ე.წ. სანქციები არ მუშაობს. უკრაინელი ოლიგარქების და ზელენსკის მაროდიორი წარმომადგენლებისგან განსხვავებით, ქართველ მაღალჩინოსნებს მოპარული ფული ევროპის ქვეყნებში არ დაუბანდებიათ. ამიტომ ეს სულელური შანტაჟი საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რაღაც ეტაპზე გაგრძელდება. თუმცა ბოლოს აღმოჩნდებიან იმ ზღვრამდე, რომ როგორმე სახე  შეინარჩუნონ და ეს არაფრისმთქმელი სანქციები გაიწვიონ“,-ამბობს აბაშიძე.

მისივე თქმით, საქართველოს დამუნათებასა და შანტაჟთან დაკავშირებით ევროპული ქვეყნები გაყოფილები არიან. ეს კი მხოლოდ უნგრეთი და სლოვაკეთი არ არის.

„ამ ქვეყნების გარდა, ძალიან ბევრი სხვა ქვეყანაა, რომლებიც საქართველოს შანტაჟის მომხრე არ არის და მხარს არ უჭერენ ჩვენთვის სანქციების დაწესებას. ეს ქვეყნები შესაძლოა ამაზე საჯაროდ და ხმამაღლა არ საუბრობენ, მაგრამ დახურულ შეხვედრებზე, სამიტებზე ამაზე ლაპარაკობენ. ასეთი ინფორმაცია გარეთ გამოდის და საქართველოს ხელისუფლება საქმის კურსშია. ასე რომ, როდემდე გაგრძელდება ეს ვითომ ხელის გადაგრეხა ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ, ამის პროგნოზირება რთულია. თუმცა ეს მუდმივად ასე არ იქნება, რადგან უკრაინის ომის დასრულებისთანავე, ეს ზეწოლა შემცირდება. ტრამპმა მთელს მსოფლიოს აჩვენა, რომ ევრობლოკი არ წარმოადგენს გეოპოლიტიკურ ძალას. ეს არის უხერხემლო წარმონაქმნი, რომელსაც მხოლოდ საფინანსო-ეკონომიკური რესურსები აქვს და მეტი არაფერი. წლებია ევროკავშირის წევრი ქვეყნები ვერ ახერხებენ ნატოს სასარგებლოდ თავდაცვის ხარჯები გაზარდონ, ვერანაირად ჩამოყალიბდნენ, როდის და რა ფორმით შექმნან ევროპული არმია. საქართველოს შანტაჟი კი ამ პერიოდის განმავლობაში ინერციით კვლავ გაგრძელდება. თუმცა, როგორც „ოცნების“ წარმომადგენლებმა იწინასწარმეტყველეს და შემდეგ ეს ვიხილეთ ვაშინგტონიდან წამოსული გზავნილებით, რომ უკრაინის ომის დასრულება საერთაშორისო გლობალური პოლიტიკის ამინდს რადიკალურად შეცვლის. ამიტომ წერონ, იკითხონ და იყვნენ“,-ამბობს აბაშიძე.

მისივე თქმით, ამ 3 წლის განმავლობაში ევროკრატების მუქარებიც გვინახავს, მაგრამ რეალურად ვერაფერი გააკეთეს, მათ შორის ვიზალიბერალიზაციის გაუქმების კუთხით.