დიდ გეოპოლიტიკურ გადალაგებაში კომპასდაკარგული ოპოზიციის ნაწილი ახალი პატრონის და დაფინანსების ძიებაშია. მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი აშშ-ს პრეზიდენტი გახდა, ოპოზიციამ, ენჯეოსექტორთან და მედიასთან ერთად დაფინანსების ამერიკული წყარო დაკარგა. ამჟამად წყალწაღებულები დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირს ეტმასნებიან. „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერებმა ამ მიზნით დიდ ბრიტანეთს მიაშურეს. როგორც ელენე ხოშტარია აცხადებს, კოალიციის ლიდერები ბრიტანეთში კონკრეტული ამოცანებით იმყოფებიან, მათ შორის არის სანქციები და არაღიარების პოლიტიკის გაღრმავება. როგორც მათი კომენტარებიდან ირკვევა, ისინი, პარალელურად, ბიძინა ივანიშვილისთვის დიდი ბრიტანეთისგან სანქციების დაწესებას ცდილობენ.
„დღეს ბრიტანეთი, პრაქტიკულად, მსოფლიოს ეპიცენტრია, ევროპული „ლიდერშიფის“ უმნიშვნელოვანესი ადგილი. რასაც ბრიტანეთი და ევროპა ებრძვის, ამის ნაწილი საქართველოც არის, რადგან ძირი ყველა პრობლემის სწორედ რუსული სხვადასხვა ფორმის აგრესია და ჩარევაა. ნიკა გვარამიასა და გიორგი ვაშაძესთან ერთად ჩამოვედით ბრიტანეთში კონკრეტული ამოცანებით:
„პოლიტპატიმრები - გადავცემთ ოჯახის წევრების წერილს, არაღიარების პოლიტიკის გაღრმავება, ლეგიტიმური პრეზიდენტის და ოპოზიციის მხარდაჭერა, სამოქალაქო სექტორის, მედიის და რეპრესირებული საჯარო მოხელეების ფინანსური მხარდაჭერა, სანქციები - კონკრეტული მასალებით. დღეს გვეწყება ორმხრივი შეხვედრები. ყველა პოლიტიკურ ჯგუფს შევხვდებით“, - წერს ელენე ხოშტარია „ფეისბუქზე“.
ნიკა გვარამია ლონდონში, ლორდთა პალატაში ბრიტანეთის პარლამენტის ევროპასთან ურთიერთობის ჯგუფის თანათავმჯდომარეს შეხვდა. მისი თქმით, მრავალ საკითხთან ერთად, შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების თემაზეც ისაუბრეს.
„დღის მეორე ნახევარში შეხვედრა იყო ბრიტანეთის ლორდთა პალატაში, ლორდ კირხოფთან, რომელიც არის თანათავმჯდომარე ბრიტანეთის პარლამენტის ევროპასთან ურთიერთობის ჯგუფის. მე მგონია, რომ ამ დაწესებულებაში ისეთი ცოდნა აქვთ საქართველოს და განსაკუთრებით რუსულ-ქართული, რუსულ-ევროპული, რუსული და ჩვენი რეგიონის ურთიერთობების, (ასევე, ცხადია, რომ უკრაინა და მის ირგვლივ მიმდინარე მოვლენები ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო), რომ პირადად ჩვენ არ უნდა დავიშუროთ ძალები იმისთვის, რომ სულ შევახსენოთ ბრიტანელ ლორდებსაც და ქვედა პალატის წარმომადგენლებსაც, რომ საქართველოს არის გამოსავალი არამხოლოდ შავი ზღვის რეგიონისთვის, არამედ ცენტრალური აზიისთვის.
ძალიან ბევრი საუბარი იყო იმაზეც, რომ ივანიშვილი უნდა დასანქცირდეს. განსაკუთრებით მტკივნეული ივანიშვილისთვის ბრიტანეთის სანქციებია, იმიტომ რომ ქონების ძალიან დიდი ნაწილი მას აქ აქვს. საუბარი ამაზე მნიშვნელოვანია, მაგრამ ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია საუბარი იმაზე, რომ საქართველო სჭირდება ბრიტანეთს, ევროპას და დანარჩენ ცივილიზებულ სამყაროს“, - თქვა ნიკა გვარამიამ.
ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე for.ge-სთან ამბობს, რომ ქართული ოპოზიცია ანტიეროვნულია, რომელიც საკუთარი მიზნების გამო ქვეყანასაც გაყიდის. ყოველი მათგანი მხოლოდ პირადი და მერკანტელური ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს.
„ეს ხალხი, ვინც ახლა დიდ ბრიტანეთში იმყოფება, მხოლოდ ერთი ინტერესით მოქმედებს, როგორმე ქვეყანა დააზიანონ და ნებისმიერ ფასად მიიღონ ფული თუ პოლიტიკური მხარდაჭერა. რაც შეეხება ბრიტანეთს, სიტუაცია მართლაც კურიოზულია და თუ გვარამიას, ხოშტარიას და ვაშაძეს ჰგონიათ, რომ ამერიკას დიდი ბრიტანეთით ჩაანაცვლებენ და მსოფლიოში ახლა დომინანტი ისინი არიან, ძალიან ცდებიან. ბრიტანეთის პრემიერი კირ სტარმერი ანალიტიკოსებისა და პოლიტიკოსების მხრიდან კიდევ უფრო უპასუხისმგებლო პრემიერად არის აღიარებული, ვიდრე ბორის ჯონსონი იყო. ჯონსონი გვახსოვს რასაც აკეთებდა და როგორ ჩაშალა უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკება და როგორ შეუწყო ხელი ომის გაგრძელებას. ის კიევში ჩაფრინდა და მთელ მსოფლიოს გამოუცხადა, რომ შექმნილია ლონდონი-ვარშავა-კიევის ღერძი.
ეს იყო სასაცილო, რადგან მთელი ბრიტანეთი 40 ტანკის მეტს არაფერს ფლობს და სამხედრო მოქმედების არანაირ რესურსი არ გააჩნია, ეს იყო მხოლოდ ფუჭი პიარი. იმავეს აკეთებს ახლაც სტრამერი, რომლის იმედიც ჩვენს ოპოზიციას აქვს. ზელენსკი მას შემდეგ, რაც ოვალურ კაბინეტში დიდ სკანდალში გაეხვა, ლონდონში ჩავიდა, სადაც გულმხურვალე დაპირებები მისცეს, ხოლო მეორე დღეს პრემიერმა გააკეთა განცხადება, რომ საფრანგეთთან ერთად მუშაობენ იმაზე, რომ წარადგინონ ისეთი ხელშეკრულება, რომელიც ამერიკის პრეზიდენტისთვის მისაღები იქნება. აი, რით დასრულდა ამ პრემიერის ბაქიბუქი. ამიტომ გვარამიას ვის და რისი იმედი შესაძლოა ჰქონდეს, ფაქტი სახეზეა“, - ამბობს მამრაძე.
მისივე თქმით, ეს ანტიქართული ძალები პიარის დონეზე შესაძლოა დიდ ბრიტანეთში მართლაც მიიღონ, თუმცა მათ ამერიკის მხარდაჭერის ჩანაცვლება არ შეუძლიათ. ჩვენი ოპოზიცია ვერ შეძლებს ვაშინგტონით ლონდონის ჩანაცვლებას.
„როგორც ჩანს, მათ მოქმედების დამატებითი მოტივაცია ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებაა. როგორც თავად ამბობენ, ლონდონის სანქციები კიდევ უფრო დამაზიანებელი იქნება ივანიშვილისთვის, ვიდრე ამერიკული. ოფშორულ ზონებში ანგარიშების გაყინვა იქნება შესაძლებელი. თუმცა გეოპოლიტიკურ განლაგებაში დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა ნულია. ჩვენმა ოპოზიციამ რომ მათგან რეალური მხარდაჭერა მიიღოს, ძალიან რთულია, ისეთივეს მიიღებენ, როგორც ზელენსკიმ მიიღო. ის იძულებული გახდა, საკუთარი თავის დამცირების ფასად, ტრამპისთვის ბოდიში წერილით მოეხადა. ამიტომ რაღაცა სახის დაფინანსება შესაძლოა მიიღონ, პოლიტიკური მხარდაჭერაც, ოღონდ პიარის სახის, რეალურ მხარდაჭერას ვერაფერს მიიღებენ. არაერთხელ ითქვა, რომ ევროპაში რეალური პოლიტიკა პიარმა ჩაანაცვლა. მხოლოდ განცხადებებს ვისმენთ, რომლის უკანაც არანაირი რეალური პოლიტიკა არ ჩანს. ასე იქნება ამ ჩვენი ოპოზიციის შემთხვევაშიც, ცდილობენ რაღაცას, მაგრამ რას მიიღებენ გამოჩნდება“, - ამბობს მამრაძე.