ბაჩიაშვილმა ქვეყანა დატოვა - „ფაქტობრივად, სახეზეა საბოტაჟის ნიშნები“

ბაჩიაშვილმა ქვეყანა დატოვა - „ფაქტობრივად, სახეზეა საბოტაჟის ნიშნები“

ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმის მთავარმა ფიგურანტმა საქართველო დატოვა. თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს, გიორგი ბაჩიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ გირაოსთან ერთად სხვა ამკრძალავი ღონისძიებებიც ჰქონდა დაწესებული, მათ შორის ჩამორთმეული ჰქონდა პასპორტი და აკრძალული ჰქონდა საზღვრის კვეთა. ადვოკატის განცხადებით, მათ შემზღუდავი ღონისძიებების შეცვლის მოთხოვნით პროკურატურას 5-ჯერ მიმართეს, თუმცა, ის დაუსაბუთებელი მიზეზით, არ დაკმაყოფილდა. აღნიშნულთან დაკავშირებით კი ბრალდების მხარე მიმალვის საფრთხეებზე საუბრობდა და უთითებდა ბრალდებულის კავშირებზე საზღვარგარეთ.

გახმაურებული საქმის პროკურორმა ერთ-ერთ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ბაჩიაშვილს აქვს რუსეთის ფედერაციის პასპორტიც და უნგრეთის ბინადრობის მოწმობაც. რაც შეეხება ბრალდებას, საქმე 2017 წელს განხორციელებულ ქმედებას ეხება. კერძოდ, ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 39 215 820 აშშ დოლარს შეადგენდა.

საქმის განხილვის პროცესში გამოკვლეული იქნება ისეთი ხასიათის მტკიცებულებები, რაც ბრალდებულის მხრიდან ფაქტობრივად აღიარებას წარმოადგენს, რაც პროკურორის თქმით, როგორც მითვისების, ასევე ფულის გათეთრების მტკიცებას წარმოაჩენს. საქართველოდან გაქცევამდე ბაჩიაშვილს 7 დღით ადრე კიდევ ერთი ბრალი, „მტკვარი ჰესის“ საქმეზე წარედგინა.

როგორც ბრალდებაშია აღნიშნული, „მტკვარი ჰესის“ მშენებლობისას მან არაჯეროვნად შეასრულა მისდამი დაკისრებული მოვალეობა და არც ჰესის მშენებლობის დაწყებისას და არც შემდგომ პერიოდში, არ მიიღო შესაბამისი და აუცილებელი ზომები იდენტიფიცირებული რისკების თუ საფრთხეების აღმოსაფხვრელად, რაც ჰესის მშენებლობის პროცესს უკავშირდებოდა. ბრალდებებით დახუნძლული ბაჩიაშვილი, რომელმაც გირაოს სანაცვლოთ 2 მილიონნახევარი გადაიხადა, აფინანსებდა რადიკალური ოპოზიციის აქციებს და თანამშრომლობდა რადიკალურ მედიასთან.

ქვეყნის დატოვების შესახებ ინფორმაცია თავად ბაჩიაშვილმა სოციალური ქსელ „ფეისბუქის“ საშუალებით გაავრცელა, სადაც წერს, რომ იძულებული გახდა დაეტოვებინა ქვეყანა, რადგან მიიღო სანდო ინფორმაცია, რომ მისი უსაფრთხოება რეალური საფრთხის ქვეშ დადგა.

„საფრთხის, რომელსაც დღევანდელ საქართველოში შეიძლება სასიკვდილო მნიშვნელობა ჰქონდეს. ციხეში აბსოლუტურად დაუცველი დავრჩებოდი ივანიშვილის ჯალათების პირისპირ... იმ ციხეში, სადაც ივანიშვილმა გაჭყლეტა შემომითვალა. ჩემი წასვლა არა დანებება, არამედ გააზრებული და სტრატეგიული ნაბიჯია. ამ ბრძოლაში, ჩემი გარეთ ყოფნა გაცილებით უფრო სარგებლიანი იქნება. სამწუხაროდ, ამ არჩევანის გაკეთების საშუალება არ აქვს ათასობით ჩვენს თანამოქალაქეს, ჩვენ ვერ გაგვაჩუმებენ, ჩვენ ვერ გაგვტეხენ და ვერ შეგვაჩერებენ, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ის, რაც მათ არასდროს ექნებათ - ჩვენ გვაქვს სიყვარული!“, - წერს გიორგი ბაჩიაშვილი.

გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატის, ლევან მახარაშვილის განცხადებით, პასპორტები ჩამორთმეული ჰქონდა, თუმცა არ დაინტერესებულა რა ფორმით წავიდა ქვეყნიდან და არ იცის, რომელ ქვეყანაშია. ამბობს, რომ ბაჩიაშვილისგან იცის, რომ თანხმობას აცხადებს ჩვენება დისტანციურად მისცეს.

„ბაჩიაშვილს ქვეყნიდან წასვლა არავისთვის შეუთანხმებია. პასპორტები ჩამორთმეული ჰქონდა. როგორ წარმოგიდგენიათ, ადამიანმა, რომელმაც საზღვარი გადალახა და ყველამ შევიტყვეთ 12:00 საათზე, ან მე რატომ უნდა გამოვკითხო, რა ფორმით წავიდა და ამ დეტალებით, რატომ უნდა დავინტერესდე? მისი გადასაწყვეტია, არავისთან შეუთანხმებია.

ხომ გეუბნებით, ვესაუბრე და ჩვეულებრივად მოლოდინი მქონდა პროცესზე გამოცხადების. ამ პოსტის შემდეგ დავინტერესდი, რას ნიშნავდა ეს ტექსტი და მითხრა, რომ არ იმყოფებოდა საქართველოში. არ ვიცი, არანაირი ინფორმაცია არ მაქვს სად არის“, - განაცხადა მახარაშვილმა.

ადვოკატმა ასევე უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, რომ პატიმრობის შემთხვევაში ის ციხეში დაუცველი დარჩებოდა „ივანიშვილის ჯალათების“ პირისპირ.

„მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ რეზონანსულია ეს საქმე, ხშირად გვისაუბრია პერსპექტივებზე. გამოკვლეული მტკიცებულებების შემდეგ ყველანაირად ჰქონდა განწყობა, რომ დიდი ალბათობით, გამამართლებელი განაჩენი დადგებოდა. დანარჩენი, ახლა, მე მესმის, რომ ძალიან მაღალია საზოგადოების ინტერესი, განსაკუთრებით ჟურნალისტების, მაგრამ ნამდვილად არანაირ ინფორმაციას არ ვფლობ არანაირ დეტალებთან დაკავშირებით. დღეს შევიტყვე, როგორც თითოეულმა თქვენგანმა, ამ პოსტის შემდეგ“, - განაცხადა ლევან მახარაშვილმა.

საქმის პროკურორის განცხადებით, ბაჩიაშვილს ჩამორთმეული აქვს პასპორტი, აკრძალული აქვს საზღვრის დატოვება, მაგრამ ფაქტობრივი მოცემულობა არის ის, რაც არის. მიხეილ სადრაძის განცხადებით, ეს საკითხი საჭიროებს შესწავლას და გამოძიება დაიწყება. ბაჩიაშვილის მიერ ქვეყნის დატოვებას დამატებითი შესწავლა სჭირდება.

„რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიების შეცვლას, ესეც საჭიროებს შეფასებას და ამ მოცემულობიდან გამომდინარე, გადავწყვეტთ როგორ და რანაირი სამართლებრივი რეაგირება და შეფასება გვექნება“, - განაცხადა მიხეილ სადრაძემ.

რა მოხდა და როგორ დატოვა საზღვარი ბაჩიაშვილმა, რომელსაც აქვს როგორც რუსეთის ფედერაციის პასპორტი, ასევე უნგრეთის ბინადრობის მოწმობაც, ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში დავით კუხალაშვილი თვლის, რომ თუ ლეგალურად დატოვა საზღვარი, მაშინ განსხვავებულ პრობლემასთან გვაქვს საქმე, იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანი, რომელიც ამ მდგომარეობაში იმყოფება, ალბათობის მაღალი ხარისხით, სასაზღვრო დეპარტამენტს აქვს შესაბამისი ინფორმაცია, რომ ასეთმა ადამიანებმა არ უნდა დატოვონ სახელმწიფო საზღვარი და მით უმეტეს თუ მას პასპორტი ჰქონდა ჩამორთმეული.

„თუ ეს არალეგალური გასვლაა, ესეც პრობლემაა და მაშინ კიდევ ერთხელ უნდა ვისაუბროთ სასაზღვრო ზოლის მოწყვლადობაზე. მთავარი და არსებითი გახლავთ ის, რომ ამ გასვლით მას მიეცემა საშუალება, რომ მიზანმიმართული და ალბათობის მაღალი ხარისხით დაუსაბუთებელი კომპრომეტაცია განახორციელოს საქართველოს ხელისუფლების, რომელიც ჩნდება ზუსტად იმ ინტერესებში, რა ინტერესებიც დღეს ევროპული სახელმწიფოების მნიშვნელოვანი ნაწილიდან მომდინარეობს საქართველოს ინტერესების საზიანოდ“, - აცხადებს დავით კუხალაშვილი.

უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტის განცხადებით, იმის გათვალისწინებით, რომ ბაჩიაშვილს უცხოეთში წასვლით ამ ხელისუფლების კომპრომეტაციის საშუალება ეძლევა, ფიქრობს, რომ ამ შემთხვევაში შესაძლებელია არ ვისაუბროთ ამ ვერსიაზე, თუმცა გამორიცხვა არ შეიძლება.

„ფაქტი სახეზეა, თუ ეს ლეგალურად განხორციელდა ამ შემთხვევაში, აქ არის ჯგუფური მოქმედება, ორგანიზებული ქმედება საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ. თუ ეს არალეგალური გზებით განხორციელდა, ამ შემთვევაშიც უნდა ვისაუბროთ საზღვრის მოწყვლადობაზე და ზოგადად, მიღებული პრაქტიკაა სადაზვერვო საქმიანობაში, რომ როდესაც სადაზვევრო შეღწევადობას დაქვემდებარებულ პირს ექმნება საფრთხე, მას უქმნიან ხელსაყრელ პირობებს, რომ ქვეყნიდან უმტკივნეულოდ გაიყვანონ.

ამ შემთხვევაში შესწავლილია სასაზღვრო სექტორის უსაფრთხოება და მოწყვლადი ადგილები, რომელიც არის გამოკვეთილი. შესაბამისად, ხდება მისი შესწავლა და ამ მოწყვლადი ადგილების გამოყენება, რომ მოხდეს მისი გაყვანა. ორივე შემთხვევაში ლეგალურია თუ არალეგალური გასვლა, ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს იმ პირებს, ვისაც ევალებოდათ, რომ ეს პროცესი არ მომხადარიყო. ვფიქრობ, როდესაც ასეთი დონის სისხლის სამართლებრივი დევნის ობიექტი გააჩნია სახელმწიფოს, მასზე უნდა აწესებდეს ოპერატიულ მეთვალყურეობას. თუ პროცესიც არ არის შედგენილი, მაშინ უკვე აქ რაიმე კომენტარის გაკეთება ზედმეტია. კვლავ და კვლავ ვუბრუნდები იმ ტერმინს, რომელსაც არაერთხელ ვიყენებ თქვენთან პუბლიკაციებში, რომ ფაქტობრივად სახეზეა საბოტაჟის ნიშნები“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით კუხალაშვილმა.

trampi საბოტაჟიო....
დათვს თავში ურტყამდნენ და ის კიდევ..... ეს რა ბრაგიბუგიაო....
მამაძაღლი ......ყველა სახელმწიფო დაწესებულება ნაცებით არის გადატენილი და მა რა იქნება?????
ესენი კიდევ ..საბოტაჟიაო
ხანდისხან მიშას ვინატრებ ხოლმე (ფუი ეშმაკს)...........................აფსუსსს... რას დაერეოდა....
46 წუთის უკან