„ევროპა ვერ დაეხმარება ზელენსკის, ერთადერთი, რაც ევროპას შეუძლია, არის ის, რომ ამერიკისგან იყიდოს იარაღი და გადასცეს ზელენსკის“

„ევროპა ვერ დაეხმარება ზელენსკის, ერთადერთი, რაც ევროპას შეუძლია, არის ის, რომ ამერიკისგან იყიდოს იარაღი და გადასცეს ზელენსკის“

ამერიკამ უკრაინისთვის გასაცემი სამხედრო დახმარება დროებით შეაჩერა. საუბარია ამერიკულ იარაღზე, რომელიც უკრაინის შეიარაღების 30%-ია, ანუ აშშ-ის სამხედრო აღჭურვილობაზე, რომელიც ამჟამად უკრაინაში არ არის, გადაზიდვის პროცესში მყოფ საჰაერო და საზღვაო ხომალდებზე, პოლონეთის სატრანზიტო სივრცეებში განთავსებულ შეიარაღებაზე. 

დროებითი პაუზა გასტანს მანამ, სანამ ტრამპი არ დაადგენს, რომ უკრაინის ლიდერებს გულწრფელად სურთ მშვიდობა.

ამერიკისგან ხელმოცარული ზელენსკი ახლა ევროპის იმედადაა. პოლონეთის პრემიერმა ტუსკმაც არ დააყოვნა და ციფრებში დაამტკიცა ევროპის უპირატესობა - 500 მილიონი ევროპელი 300 მილიონ ამერიკელს არ უნდა სთხოვდეს 140 მილიონი რუსისგან დაცვას. ამიტომ ევროპელებმა უნდა ირწმუნონონ საკუთარი ძალის.

თავის მხრივ, ევროპელების დაკარგვა ზელენსკის არ სურს. ამიტომაც იყო, რომ ვაშინგტონიდან პირდაპირ ლონდონში გადაფრინდა კონტრასტის საჩვენებლად, რომ ტრამპისთვის არასასურველი სტუმარი ინგლისისთვის სასურველი სტუმარია, მაგრამ თავისი ვიზიტით დასავლეთი გაყოფის რისკის წინაშე დააყენა.

ევროპის დახმარება რამდენად იქნება ამერიკის დახმარების საპირწონე? ევროპა, რომელსაც რუსეთ-უკრაინის ომის არც დასრულების და არც მიმდინარეობის გეგმა არ გააჩნია, შეძლებს იმ ტვირთის ზიდვას, რაც გლობალისტებმა დააკისრეს?! ამერიკის შუამავლობის პარალელურად, ხომ არ მოხდება როლების დუბლირება?

საფრანგეთი და ბრიტანეთი უკრაინაში ცეცხლის ერთთვიანი შეწყვეტის ინიციატივით გამოვიდნენ და უკრაინაში ევროპული სახმელეთო ჯარების გადატყორცნა გადაწყვიტეს, რამაც ლავროვი გააცოფა, ევროპელი ლიდერების გადაწყვეტილებას თავხედობა უწოდა და დასძინა, რომ ევროპელებს უკრაინაში ომის გაგრძელება, უფრო სწორად კი, ბანკეტის გაგრძელება სურდათ.

მანამდე ამ ყველაფერს წინ უძღოდა ევროპის დარაზმვა ზელენსკის გარშემო. უკრაინის ლიდერი მეფე ჩარლზმა მიიღო, ასევე, მას უმასპინძლა გაერთიანებული სამეფოს პრემიერმა კირ სტარმერმა, რომელმაც ზელენსკის მიმართა, რომ დაუნინგ სთრითზე ის მისასალმებელი სტუმარი იყო და ამის დასტური იყო გარედან შეძახილები უბრალო ხალხის მხრიდან.

ტრამპთან კამათის შემდეგ ზელენსკის სოლიდარობა გამოუცხადა ემანუელ მაკრონმაც. მან აღნიშნა, თუ ვეძებთ მას, ვინც ბირთვული მუქარით ჟონგლიორობს და მესამე მსოფლიო ომის ჩრდილს ქმნის, ეს მოსკოვია და არა კიევი. გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმაც არ დამალა, რომ ვერასოდეს დაიჯერებდა, რომ ოდესმე მოუწევდა უკრაინის დაცვა შეერთებული შტატებისგან. მისი აზრით, დიპლომატია მარცხდება მაშინ, როცა მოლაპარაკების პარტნიორები თავს იმცირებენ მთელი მსოფლიოს წინაშე. ლიეტუვა უკრაინას იარაღის ერთობლივ წარმოებაში 20 მილიონი ევროს ინვესტიციას ჰპირდება. ფინეთის პრეზიდენტი ზელენსკის გვერდით დადგა. ჩეხეთის პრეზიდენტმა აგრესორის პირობებით მიღწეულ მშვიდობას კაპიტულაცია უწოდა. ნორვეგიამ კი ზელენსკის თანადგომა იმით გამოიხატა, რომ ერთ-ერთმა ნორვეგიულმა კომპანიამ უარი თქვა აშშ-ის სამხედრო გემებისთვის საწვავის მიწოდებაზე.

ევროპელებისა და ზელენსკის ალიანსს გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და გაამჟღავნა ევროპელების ნამდვილი განზრახვა - უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების კიდევ ერთი წლით გახანგრძლივება.

მე ვკითხე თითოეულ ევროპელ საგარეო საქმეთა მინისტრს, მითხარით, როგორ წარმოგიდგენიათ ომის დასრულება? უმეტესობას გეგმა არ აქვს, ზოგიერთმა კი თქვა: მოდით, მათ ბრძოლის კიდევ ერთი წელი მივცეთ, ერთი წლის შემდეგ, სიკვდილისა და ნგრევის კიდევ ერთი წლის შემდეგ, პუტინი შეიძლება მზად იყოს მოლაპარაკებისთვის, - აღნიშნა რუბიომ ევროპელთა მზაკვრული ჩანაფიქრის შესახებ.

რუბიო დარწმუნებულია, რომ პუტინს ვერავინ მიიყვანს მოლაპარაკების მაგიდასთან, თუ მას შეურაცხყოფას მიაყენებს და ეს პრეზიდენტმა ტრამპმა კარგად იცის, რადგან სწორედ ამ ინსტინქტებით დებს გარიგებებს წლების განმავლობაში.

მარკო რუბიოს თქმით, არავინ ამტკიცებს, რომ ვლადიმერ პუტინს ნობელის პრემიას მიანიჭებენ მიმდინარე წელს, უბრალოდ, პუტინს ძალიან დიდი ქვეყანა აქვს, ისინი სრულად მზად არიან ომისთვის, ისინი ახლა იარაღს ამზადებენ და უნდა გავარკვიოთ, არსებობს თუ არა გზა, რომ ომი შეაჩერონ? ერთადერთი გზა ამისთვის არის რუსების ჩართვა მოლაპარაკებებში, რაც ვერც ევროპელებმა შეძლეს, ვერც ბაიდენმა.

შეძლებს თუ არა ევროპა ზელენსკის დახმარებას ამერიკისგან დამოუკიდებლად?

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ევროპა ვერავითარ მოლაპარაკებას ვერ შეძლებს რუსეთთან, რადგან ევროპას მოსალაპარაკებელი სივრცე არ აქვს. ერთადერთი, რაზეც შეიძლება შეთანხმება, რუსეთის ინტერესების გათვალისწინებაა.

რუსეთი მარტივ რამეს ამბობს და ამაში სიმართლე გააჩნია, ის არის მსოფლიო პოლიტიკის სრულუფლებიანი მოთამაშე, უზარმაზარი ქვეყანა, ყველაზე დიდი ბირთვული არსენალით და მისი ინტერესების იგნორირების ხარჯზე არ შეიძლება ვინმემ თავის მიზნებს მიაღწიოს. ამას ამბობს პუტინი, გაითვალისწინეთ რუსეთის ინტერესები ნატოში არშესვლასთან დაკავშირებითო. ნატო ვის წინააღმდეგაა? ის ხომ აღარ არის თავდაცვის ალიანსი? თავდაცვის ალიანსი რომ იყოს, ნატო იმთავითვე უნდა დასრულებულიყო, როგორც კი დამთავრდა საბჭოთა კავშირი. იყო ბიპოლარული სამყარო, იყო დაპირისპირება, მაგრამ საბჭოთა კავშირი დასრულდა. იგივე კაპიტალისტური წყობაა დღევანდელ რუსეთში, რაც დასავლეთში. პრინციპულად არავითარი განსხვავება არ არის. ეს ყველაფერი დემაგოგიაა, როცა ვითომც დემოკრატიაზე გველაპარაკებიან. რომელ დემოკრატიაზეა საუბარი? ამ მხრივ ვენსის გამოსვლა მნიშვნელოვანია, ეგ არის თქვენი დემოკრატიაო?!- აცხადებს დავით ზარდიაშვილი.

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, პოლიტილოგი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ რუსეთის გამარჯვება დროებითია. შესაძლოა, რუსეთს ახლა უფრო მეტი იარაღი ჰქონდეს, ვიდრე უკრაინას და შეიძლება დაჩაგროს და შეუტიოს კიდეც უკრაინას, თუკი ევროპა ეფექტურად არ დაეხმარება უკრაინას.

ტრამპი ვაჭარია, მხოლოდ მოგებაზე ორიენტირებული აზროვნება აქვს, ფული არ უნდა დაკარგოს და უნდა მოიგოს. ევროპას იარაღი არ აქვს, ორი აზრი არ არსებობს ამაზე, ევროპა იარაღით ვერ დაეხმარება უკრაინას ისევე, როგორც ამერიკა შეძლებდა დახმარებას, რადგან იარაღი ამერიკას აქვს. უბრალოდ, ევროპამ შეიძლება ფული მოაგროვოს და იყიდოს არა პრეზიდენტ, არამედ ვაჭარი ტრამპისგან იარაღი. შეიძლება ქეშითაც იყიდოს იარაღი, ჯიბეში ჩაუდოს ტრამპს ფული და ეს იარაღი გადასცეს უკრაინას. ტრამპს იმდენად უფართოვდება თვალები ფულის დანახვაზე, მზად არის, მთელი ამერიკა გაყიდოს, - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი ჩვენთან საუბრისას და დასძენს, რომ ევროპის დახმარების გარდა, უკრაინის სასარგებლოდ მუშაობს ის სანქციებიც, რაც რუსეთს დაუწესეს.

ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ზელენსკის არსენალშია, ასევე, საკუთარი ხალხის თანადგომა. ოვალური კაბინეტის ეპოზოდის შემდეგ უკრაინელი ხალხი კი არ დაბეჩავდა, არამედ წელში გაიმართა და მობილიზაციის მომენტები გაუჩნდათ, უფრო მეტი პატრიოტიზმი რუსეთის და ახლა უკვე ამერიკის წინააღმდეგ. სავარაუდოდ, უკრაინელები მზად არიან, ნაჯახებით ებრძოლონ რუსეთს. თუ ამერიკული იარაღი არ ექნებათ, ესეც არაა პრობლემა. უკრაინელებმა გამოიარეს მეორე მსოფლიო ომი, პარტიზანული ომები, ჩვენ რომ სახლებში ჩამოკიდებული გვაქვს დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის სურათები, უკრაინელებს თავანთი ბებიებისა და და ბაბუების სურათები უკიდიათ, რომლებიც გერმანელებს ებრძოდნენ, მათ იციან, რა არის პარტიზანული ომი. ამიტომ პარტიზანულ ომს გააგრძელებენ რუსეთის წინააღმდეგ.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ევროპის მხრიდან რუსეთთან დაპირისპირება ნიშნავს იმას, რომ ევროპელებს შიში აქვთ, თუ რუსეთი უკრაინაზე გაიმარჯვებს, შემდეგ დაუპირისპირდება საფრანგეთს, ინგლისს, გერმანიას. ევროპა მშიშარაა.

30 წელზე მეტია, დაინგრა საბჭოთა კავშირი. პუტინმა ეს ტრაგედიად გამოაცხადა და ეს განცხადება გააკეთა თავად რუსეთის მოქალაქეების გულის საამებლად, რადგან მათ აქვთ ნოსტალგია საბჭოთა კავშირის მიმართ. მას შემდეგ ზოგიერთები იძახიან, პუტინს საბჭოთა კავშირის აღდგენა უნდაო. თუმცა 2008 წელს პუტინი საქართველოში რომ შემოვარდა, რატომ ბოლომდე არ აიღო საქართველო და არ მიიერთა? რატომ არ მიიერთა ბელორუსია, რომელიც ეხვეწებოდა, მიმიერთეო და მოდელიც ჰქონდა რუსეთ-ბელორუსიის ერთ სახელმწიფოდ გაერთიანების თაობაზე? რატომ არ მიიერთა სომხეთი? რადგან მათი შენახვა არ უნდოდა. ადამიანებშიც ასე ხდება, ვთქვათ, მოსამსახურის აყვანა გვინდა, რამდენად გვაწყობს, რომ ეს მოსამსახურე ვაცხოვროთ ჩვენთან, ჩვენი ოჯახის წევრი გახდეს, იმის ჭამაზე, ტანსაცმელზე ფული დავხარჯოთ? უკეთესი არ არის, მოსამსახურე მოვიდეს, მოგვემსახუროს, მერე წავიდეს სახლში და თავის თავს თვითონვე მიხედოს? ანალოგიურად ტრამპმა რომელიმე ქვეყანა რომ მიიერთოს, იმათ რჩენაზე უნდა დახარჯოს ფული. რუსეთზეც იგივე შეგვიძლია ვთქვათ, რუსეთსაც ურჩევნია, სომხეთმა, ბელორუსიამ და საქართველომ გაუწიოს ანგარიში, ოღონდ თავის თავს თვითონ მოუარონ, არ იყვნენ რუსეთის სარჩენნი. წარსულს ჩაბარდა საბჭოთა მოდელი, როცა რუსეთი არჩენდა 15 რესპუბლიკას და ვარშავის ხელშეკრულების ქვეყნებს, აღმოსავლეთ ევროპას. ეს დაანგრია რუსეთმა იმის გამო, რომ ძვირი უჯდებოდა მათი შენახვა. უზარმაზარი პოტენციალის ქვეყანაა ამერიკა, მაგრამ კოლონიები არ აქვს, რადგან ამერიკამ ფულის თვლა იცის. ასევე, იცის ის, რომ გავლენა შეიძლება ჰქონდეს მთელ მსოფლიოზე, ოღონდ ისე, რომ არავინ არჩინოს. ამიტომ არ აქვს ამერიკას კოლონია, რომ მისი სარჩენი არ გახდეს. არც რუსეთი აპირებს, კოლონიები ჰყავდეს, ამიტომ რუსეთმა გავლენის მოსაპოვებლად შეიძლება დაარტყამს ნებისმიერ ქვეყანას, ისევე, რაგორც დაარტყა უკრაინას და საქართველოს. ორივე ეს დარტყმა იყო იმისთვის, რომ მისთვის გაგვეწია ანგარიში, - აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ.

Gami ბლუ ზაქარეიშვილის შტერული ბლუყუნი
1 თვის უკან
Gami ბლუ ზაქარეიშვილის შტერული ბლუყუნი
1 თვის უკან
Vlad ზაქარეიშვილო ხომ არ დაგავიწყდა რადამ ზელენსკის პროექტი რომ ჩააგდო და უნდობლობა გამოუცხადა? უკრაინელი ხალხია ცოდო თორე აგერ ნახავთ ყველაფერს მიეზღვევა თავის..პუტინსაც და ზელენსკისაც..
1 თვის უკან