მზღვეველები ერთმანეთს ერწყმიან, იყოფიან, საბოლოოდ კი მრავლდებიან

მზღვეველები ერთმანეთს ერწყმიან, იყოფიან, საბოლოოდ კი მრავლდებიან

[ეკა ბაქრაძე]

სადაზღვევო არენაზე, შეიძლება ითქვას, სიცოცხლე ჩქეფს. რას აღარ ნახავს იქ დაინტერესებული ადამიანი. არის სკანდალური კვლევები, დაპატიმრებები, გაერთიანებები, ახალი კომპანიების შექმნა-ჩამოყალიბება. ასე თუ გაგრძელდა 2011 წელს მზღვეველთათვის უპრეცედენტოდ მჩქეფარე წელი იქნება.

ქართულ სადაზღვევო ბაზარს ახალი მოთამაშე შეემატა. კომპანია „უნისონმა“ არა-სიცოცხლის დაზღვევის ლიცენზია ეროვნული ბანკისგან თებერვლის დასაწყისში მიიღო. „უნისონის“ გენერალური დირექტორი მიხეილ კაკულია აცხადებს, რომ კომპანიის გააქტიურებასა და სადაზღვევო პროდუქტებზე მუშაობა ამ ეტაპზე მიმდინარეობს, ამიტომ დეტალების გახმაურებისაგან თავს იკავებს.

კაკულიას თქმით, არსებულ კომპანიებთან ჯანსაღ კონკურენციას გეგმავენ. იგი არ გამორიცხავს, რომ სამომავლოდ „უნისონი“ სიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიასაც აიღებს.

სხვათა შორის ვრცელდება ინფორმაცია, რომ კომპანია „ირაოს“ თანამშრომლების ნაწილმა ახალი კომპანიის შექმნა გადაწყვიტეს, თუმცა „უნისონი“ „ირაოს“ ყოფილ თანამშრომლებთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს.

„უნისონის“ გამოჩენის შემდეგ ბაზარზე უკვე 17 სადაზღვევო კომპანიაა. სხვათა შორის, სულ ცოტა ხნის წინ, მზღვეველთა მარაქაში გარევა მოიწადინა ფარმაცევტულმა კომპანია „პეესპემაც“ და ეს განზრახვა აისრულა კიდეც. „პეესპე დაზღვევა“ თავის ძალას მალე გამოაჩენს.

ახლო მომავალში ქართულ სადაზღვევო ბაზარზე უმსხვილესი გაერთიანებაც იგეგმება. საქმე ეხება ბაზრის ორ უმსხივლეს მოთამაშეს - „ირაოსა“ და „ჯი პი აი ჰოლდინგის“ შერწყმას.

ორივე სადაზღვევო კომპანიის აქციონერი „ვენის სადაზღვევო ჯგუფია“ და ორივე სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობს. 2010 წლის 2 კვარტლის შედეგებით „ჯი პი აი ჰოლდინგმა“ 31 მილიონის, ხოლო „ირაომ“ 28 მილიონი ლარის პრემია მოიზიდა. ამ მაჩვენებლებით კომპანიები ბაზარზე მესამე-მეოთხე ადგილებს ინაწილებენ. 

ჯერჯერობით, არც ერთ სადაზღვევო კომპანიაში ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ. საქართველოს სადაზღვევო ინსტიტუტის ხელმძღვანელი ბაზარზე მიმდინარე გაერთიანებებს ჩვეულებრივი ბიზნეს-პროცესად აღიქვამს. თუმცა, აცხადებს, რომ მთავარია ამით დაზღვეულთა უფლებების შელახვა არ მოხდეს. გიორგი გიგოლაშვილის თქმით, უმჯობესია სადაზღვევო კომპანიებმა ეს თემა საჯარო გახადონ.

ამავე დროს, ვრცელდება ინფორმაცია, რომ „ირაოს“ თანამშრომელთა ნაწილის მიერ ახალი სადაზღვევო კომპანიის დაფუძნებაში „დანაშაული“ ამ გაერთიანებასაც მიუძღვის. მომავალი გაუგებრობებისაგან თავის დაზღვევა, „ირაოელებმა“ „უნისონით“ გადაწყვიტეს.

თუმცა მხოლოდ მიზეზი მხოლოდ ეს არ უნდა იყოს. ამ ბოლო დროს „ირაოს“ პრობლემები შემოეჯარა. 2011 წელი ამ კომპანიისთვის უსიამოვნოდ დაიწყო. კომპანიაში შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტი შევიდა და ფინანსურ დოკუმენტაციას ამ დრომდე სწავლობს.

რადიო „კომერსანტის“ ინფორმაციით, სადაზღვევო კომპანია დალუქულია კომპანიის დოკუმენტაცია. შესვლის მიზეზები ოფიციალურად არ ხმაურდება.

აქამდე „ირაო“ სადაზღვევო ბაზრის ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშე იყო. მისი 90%-იანი წილის მფლობელი უცხოური საფინანსო ჯგუფია, სადაც 60%-ს „ვენის სადაზღვევო ჯგუფი“ ფლობს.