ქვეყანაში მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემის მაჩვენებელი ძალიან მაღალია

ქვეყანაში მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემის მაჩვენებელი ძალიან მაღალია

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, ციფრული ჯანდაცვის აუდიტის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ქვეყნის მასშტაბით რეცეპტს დაქვემდებარებული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემის მაჩვენებელი მაღალია და საერთო რაოდენობის 67%- შეადგენს. სპეციალისტები რეფორმას დადებითად აფასებენ, მაგრამ კონტროლის გაძლიერებას აუცილებლად მიიჩნევენ. საყურადღებოა, რომ ხარვეზებია როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში.

აუდიტის თანახმად, 2022-2023 წლებში, რეცეპტს დაქვემდებარებული წამლების ურეცეპტოდ გაცემისთვის ჯამში 1,822,100 ლარის ოდენობის ჯარიმა გამოიწერა.

წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობისსაქართველოს კანონის მიხედვით, ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას. 2022-2023 წლებში, სულ განხორციელებული 1,875 კონტროლის ღონისძიებიდან, 98%-ის (1,747) შემთხვევაში გამოვლინდა რეცეპტს დაქვემდებარებული წამლების ურეცეპტოდ გაცემის ფაქტი და ჯამში გამოიწერა 1 822 100 ლარის ოდენობის ჯარიმა, - ნათქვამია აუდიტის დასკვნაში.

აუდიტი წერს, რომ რეგულირების სააგენტოს განმარტებით, შეზღუდული რესურსის გამო ვერ ხორციელდება ყველა სამედიცინო/სააფთიაქო დაწესებულების შემოწმება, ელექტრონული რეცეპტების ფარგლებში. ამასთანავე, არ არის შემუშავებული და დანერგილი ის მექანიზმები, თუ რა ფორმით და როგორ მოხდება EHR სისტემის ფარგლებში სამედიცინო დაწესებულებების/ სამედიცინო პერსონალის შემოწმება ვადების დაცვის კონტროლის ან ინფორმაციის შეყვანის სისრულეზე, ელექტრონული ჩანაწერების სისტემაში.

ასევე აღსანიშნავია, რომ EHR სისტემის შექმნის დღიდან 2023 წლის მდგომარეობით, ზედამხედველობის ღონისძიებები არ განხორციელებულა, შედეგად, არათანმიმდევრული და არაეფექტიანი ზედამხედველობის მექანიზმები იწვევენ ელექტრონულ სისტემებში არსებული ინფორმაციის სისრულის რისკს.

კანონის აღსრულებაში არსებულ პრობლემებზე საუბრობენ ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებიც და ამბობენ, რომ არაეფექტიანი მონიტორინგის გამო კეთილსინდისიერ კომპანიებს, რომლებიც კანონს ზედმიწევნით იცავენ, არასამართლიან კონკურენტულ გარემოში უწევთ ოპერირება.

საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის ხელმძღვანელის შეფასებით, აუცილებელია პროცესების სისტემატიზება მოხდეს, რადგან ურეცეპტოდ გაცემული მედიკამენტი პაციენტებს მნიშვნელოვანი რისკების წინაშე აყენებს.

რეგიონებში და თბილისშიც არის ტექნიკურ ხარვეზებთან დაკავშირებული. ძალიან კარგად ვაფასებთ, აღნიშნულ რეგულაციას, თუმცა ის რომ ხარვეზი აუდიტმა აჩვენა, იმედი გვაქვს, რომ ეს იქნება ბიძგი, იმისთვის რომ სწორი დასკვნები გაკეთდეს, ჩატარდეს ადეკვატური მონიტორინგი. სადაც მოსათხოვია პასუხი და ჯარიმებია აუცილებელი, ამის იმპლემენტაცია უნდა მოხდეს, რათა ყველა დაწესებულება და პაციენტი იყოს ერთნაირ მდგომარეობაში, - განაცხდა ირაკლი მარგველაშვილმა.

პროცესის ხარვეზიანობაზე ჯანდაცვის ექსპერტებიც ამახვილებენ ყურადღებას. წლების წინ ბაზრის გაჯანსაღებისთვის ამოქმედებული რეგულაცია, არაეფექტიანი კონტროლის გამო არ უნდა ზარალდებოდეს. ნინო მირზიკაშვილის თქმით, დარღვევები, სავარაუდოდ, უფრო მეტად ამბულატორიებში ფიქსირდება, რასაც თავისი მიზეზები აქვს.

ფაქტია, რომ ზედამხედველობის მექანიზმები არ არის ისეთი როგორიც უნდა იყოს, თუმცა უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს 2023 წლის მონაცემებია და 2024-ში და წლევანდელ წელს რეგულირების სააგენტო უფრო მეტად ახორციელებს შემოწმებებს. ვარაუდი მაქვს, იმაზე თუ რა შეიძლება იყოს ამ მაღალი პროცენტის მიზეზი. გარდა სტაციონარებისა, რომლებიც ჩართულები არიან საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში და თავისთავად ევალებათ ელექტრონული ჩანაწერების სისტემაში ატვირთვა და ელექტრონული რეცეპტები ამბულატორიულ დონეზე შეიძლება იყოს უფრო მეტი ხარჯი.

ამას გარდა, სამწუხაროდ, ჩვენი ოჯახის ექიმების უმეტესობა 60 წელს გადაცილებულია, ერთ-ერთი დაბერებადი პროფესიაა. შესაბამისად, შეიძლება ამბულატორიული მიმართულებით ეს სიახლე ვერ დაინერგა სათანადოდ, როგორც ეს მოსალოდნელი იყო. რა თქმა უნდა, აქ არის ექიმების თემაც, რამდენად ყველა ექიმი აფორმებს ვიზიტებს ელექტრონულად და წერს ელექტრონულ რეცეპტებს, არის ფარმაინდუსტრიის ინტერესები ექიმებთან მიმართებაში.

პოლიტიკა რომელიც გატარდა ამ მიმართულებით ძალიან კარგია, თუმცა აუცილებელია აღსრულება და მონიტორინგი მოხდეს, იმისთვის, რომ სრულფასოვნად დაინერგოს ელექტრონული რეცეპტი, - აღნიშნა ბიზნეს მედიასთან საუბრისას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ნინო მირზიკაშვილმა.

ლევკოთეა ელექტრონული რეცეპტი არ ვიცი და სამედიცინო სფერო მართლაც არის ერთი დიდი დიიფ სტეიტი საქართველოს შიგნით.
სახალხო ენაზე რომ ვთქვათ, დიდი მაფია ტრიალებს მედიცინაში.
4 საათის უკან