უმუშევრობა ისტორიულ მინიმუმზეა და რაც მთავარია, შარშან ყველა წინასწარ მაჩვენებელზე უკეთესი შედეგი დადგა. ასეთი ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში, 3-4 წელიწადში ქვეყანაში უმუშევრობის დონე 10%-ს ჩამოსცდება, რაც საერთო ევროპული საშუალო მაჩვენებელია.
2024 წელს უმუშევრობის დონე 13.9%-მდე დავიდა, რაც რეკორდულად დაბალი მაჩვენებელია. წინა წელთან შედარებით, უმუშევრობის დონე 2.5%-ით არის შემცირებული.
2024 წელს უმუშევრობა ქალაქში, სოფელთან შედარებით, მცირედით მაღალი იყო. სოფელში უმუშევრობის დონე 13.3% შეადგინა, ხოლო ქალაქში - 14.4%. შარშან დაქირავებით დასაქმებული იყო 960 ათასზე მეტი ადამიანი, ხოლო თვითდასაქმებულად 441.5 ათასი ადამიანი ითვლებოდა, ანუ ჯამში ქვეყანაში დაახლოებით 1.4 მლნ ადამიანი იყო დასაქმებული, ხოლო 227 ათასი უმუშევარი.
უშუალოდ 2024 წლის მე-4 კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წლიურად 1.1%-ით 14.2%-მდე შემცირდა. მე-4 კვარტალში დაქირავებულთა რაოდენობა 20 ათასით 978.5 ათასამდე გაიზარდა, ასევე 19.7 ათასით გაიზარდა თვითდასაქმებულთა რიცხვი და 433 ათასს გადააჭარბა. ამავე პერიოდში უმუშევართა რაოდენობა 14.7 ათასით და 234 ათასამდე იყო შემცირებული.
როგორც ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ვახტანგ ცინცაძემ განაცხადა, ეკონომიკურმა ზრდამ შრომის ბაზარზე დადებითი როლი იქონია.
„ეკონომიკური ზრდის მიმართულებით საქართველო, გლობალურად, ერთ-ერთი ლიდერია, 2024 წელს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა 9.5% შეადგინა, რაც თავისთავად აისახა შრომის ბაზრის მიმართულებით პოზიტიურ ტენდენციებზე - გასული წლის მონაცემებით, რეკორდულად მაღალია დასაქმებულთა რაოდენობა, უმუშევრობა კი ისტორიულ მინიმუმამდეა შემცირებული“, - განაცხადა ვახტანგ ცინცაძემ და იქვე აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის მოლოდინით, მაღალი ეკონომიკური ზრდა მიმდინარე წელსაც შენარჩუნდება.
„ჩვენი მოლოდინია, რომ 2025 წელს შევინარჩუნებთ მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპს, რაც, რა თქმა უნდა, საშუალებას მოგვცემს, კიდევ უფრო გაჯანსაღდეს შრომის ბაზარი, გაიზარდოს დასაქმებულთა ოდენობა, შემცირდეს უმუშევრობის მაჩვენებლები და ასევე გაიზარდოს დასაქმებულთა შრომის ანაზღაურება, ქვეყანაში შეიქმნას უფრო მეტი დოვლათი და ყოველივე ამან ხელი შეუწყოს მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის გაუმჯობესებას“, - განაცხადა ვახტანგ ცინცაძემ.
შრომის ბაზარზე რეალური ვითარების გაუმჯობესებაზე ამახვილებს ყურადრებას ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუაც. იგი ბოლო წლების შედარებასაც აკეთებს:
„მნიშვნელოვანია, რომ დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა 960 ათასზე მეტია, რაც ისტორიული მაქსიმუმია და ყველაზე მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენი საუკუნის მინიმუმამდე არის შემცირებული უმუშევართა ფიზიკური რაოდენობა - 227 ათასი კაცი. ყველაზე პიკური მაჩვენებლი ჩვენ გვქონდა 2012 წელს, როდესაც 442 ათასი ადამინი ითვლებოდა უმუშევრად და მასთან შედარებით კლება აირს 92%. ქვეყანაში დასაქმებული ადამიანების რაოდენობის ზრდა შრომის ბაზრის სტრუქტურულ გაუმჯობესებას უწყობს ხელს“, - განაცხადა მიხეილ დუნდუამ.
მიუხედავად შთამბჭდავი მონაცემებისა, ჯერჯერობით საქართველოში უმუშევრობა მაინც მაღალ ნიშნულზე რჩება. წამყვანი და ასე თუ ისე განვითარებული ქვეყნების ფონზე თითქმის 14%-იანი მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია, თუმცა საქართველო 110-ზე მეტ ქვეყანას უსწრებს გაუმჯობესებული შედეგით.
აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი 2024 წლისთვის საქართველოში 14.5%-იან უმუშევრობას ვარაუდობდა, მაგრამ გაცილებით უკეთესი შედეგი დადგა. სხვათა შორის, ანალოგიურ პროგნოზს ინარჩუნებს ფონდი საქართველოსთვის 2025 წელსაც, თუმცა უმუშევრობის კლების ტენდენციის გათვალისწინებით, სავარაუდოდ, აღნიშნული პროგნოზი 2025 წლის აპრილში განახლდება.
რაც შეეხება საერთაშორისო მონაცემებს, ჩვენი ქვეყანა უმუშევრობის დონით მსოფლიოში ჯერ კიდევ მაღალ პოზიციას ინარჩუნებს. მსოფლიო ეკონომიკურ მიმოხილვაში სავალუტო ფონდის უმუშევრობის სტატისტიკა აღრიცხული აქვს 99 ქვეყნისთვის. იქ არ არის მოცემული 110-ზე მეტი სახელმწიფო მონაცემები, სადაც გაცილებით რთული სურათია. იმ 99 ქვეყანას შორის რომელთა სტატისტიკაც აღრიცხულია საქართველო უმუშევრობით სუდანის და სამხრეთ აფრიკის შემდეგ მსოფლიოში მესამე პოზიციას იკავებს. სსფ 2024 წელს საქართველოში 14.5%-იან უმუშევრობას მოელოდა, ანალოგიურია პროგნოზი 2025 წლისთვისაც, თუმცა ფაქტობრივი მაჩვენებელი 13.9%-ია. დაახლოებით იგივე მაჩვენებელი აქვს სომხეთს (13.5%), ხოლო აზერბაიჯანი ამ ჩამონათვალში საერთოდ არ არის მოხსენიებული.