კახა კალაძე: არ ვიცი, კაცობრიობისთვის რა უნდა იყოს იმაზე მძიმე, რასაც ომი წარმოადგენს

კახა კალაძე: არ ვიცი, კაცობრიობისთვის რა უნდა იყოს იმაზე მძიმე, რასაც ომი წარმოადგენს

არ ვიცი, კაცობრიობისთვის რა უნდა იყოს იმაზე მძიმე, რასაც ომი წარმოადგენს, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ და უკრაინასთან მიმართებაში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით ოპოზიციის წარმომადგენლების კრიტიკას გამოეხმაურა.

მისივე შეფასებით, ქართველი ოპოზიციონერები მძიმე მდგომარეობაში არიან, რადგან აშშ-ის პრეზიდენტის მთავარი საზრუნავი ახლა სწორედ ე.წ. დიფ სთეითის დამარცხებაა.

„მესმის და შევდივარ მათ მდგომარეობაში. ისინი არიან რადიკალური დაჯგუფების წარმომადგენლები, რომელთაც თავიანთი პატრონები ჰყავთ, თავიანთი პატრონები კი მძიმე მდგომარეობაში არიან. იცით, რომ პრეზიდენტ ტრამპის მთავარი საზრუნავი „დიფ სთეითის“ დამარცხებაა და ახლა სწორედ ეს პროცესები მიმდინარეობს. ის, რაც მსოფლიოში ხდება, თუნდაც ავიღოთ რუსეთ-უკრაინის ომი, შემთხვევითი პროცესები არ არის. ეს არის წინასწარ დაგეგმილი ქმედებები, რომლის შედეგადაც, უკრაინა ძალიან დაზარალდა და დაზიანდა. უმძიმესი, კატასტროფული მდგომარეობაა - უამრავი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, განადგურებულია ქალაქები, სოფლები, დაკარგულია ტერიტორიები. არ ვიცი, კაცობრიობისთვის რა უნდა იყოს იმაზე მძიმე, რასაც ომი წარმოადგენს. შესაბამისად, მიმდინარეობს ეს პროცესები, საქართველოშიც არ სიამოვნებთ და არიან მძიმე მდგომარეობაში, იმიტომ, რომ მათი პატრონები მარცხდებიან. რა თქმა უნდა, რადიკალიზმი, ბოროტება, ყოველთვის დამარცხდება, სადაც არ უნდა იყოს, გინდ საქართველოში და გინდ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

კითხვაზე - რატომ ვერ აირიდა თავიდან უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთთან ომი, დედაქალაქის მერი პასუხობს, რომ ის, რაც უკრაინაში ხდება, ძალიან მძიმეა.

„არ მინდა უკრაინის პრეზიდენტზე საუბარი. ერთხელ ვთქვი, რომ ის არ ეკუთვნის საკუთარ თავს, ხალხს და ქვეყანას. შესაბამისად, უფრო დეტალებში და კონკრეტიკაში არ მინდა, შევიდე, რადგან უკრაინა არის უმძიმეს მდგომარეობაში. ჩვენ უკრაინა, უკრაინელი ხალხი მიგვაჩნია მეგობრად და, რა თქმა უნდა, მძიმეა ის ვითარება, რაც იქ არსებობს“, - განმარტა თბილისის მერმა.

რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლების პრაგმატულ პოლიტიკას, კახა კალაძე აცხადებს, რომ მმართველი გუნდის მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა ქვეყანას დიდი უბედურება აარიდა თავიდან, რასაც მოსახლეობა ძალიან კარგად ხედავს.

„გამოვდივართ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან, არავისზე ვართ დამოკიდებული და არ ვართ ვინმეს მიერ დანიშნული ხელისუფლება. ჩვენ ვართ ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება. 2012 წლიდან მოყოლებული, საქართველოს მოსახლეობა ხედავს, თუ რა პოლიტიკას ატარებს „ქართული ოცნება“. თუ გადავხედავთ წარსულს, მთელი ამ ხნის განმავლობაში, მივიღეთ უამრავი შეურაცხყოფა, იყო მუქარები, შანტაჟი, რომელიც დღესაც გრძელდება, იმისთვის, რომ ქვეყანა გამოყენებული ყოფილიყო სხვა ქვეყნის ინტერესების გასატარებლად; იგივე თუნდაც, მეორე ფრონტის გასახსნელად; სანქციებზე მიერთება; არავინ საუბრობდა იმ შედეგებზე, თუ რა შეიძლებოდა ამ ყველაფერს მოჰყოლოდა ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის. ჩვენ, რა თქმა უნდა, მოგვიწია ამ ყველაფრის მოთმენა და გაგრძელება იმ პოლიტიკის, რომელიც, პირველ რიგში, ქვეყნისთვის და ხალხისთვის იყო მნიშვნელოვანი. დღეს მოსახლეობის უმრავლესობა, ვინც ჯანსაღად აზროვნებს, ხედავს, თუ რამხელა უბედურებას ავარიდეთ ქვეყანა იმ პოლიტიკით, რომელსაც „ქართული ოცნება“ ახორციელებს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე განმარტებით, ყოველთვის გაგრძელდება ხელისუფლების მსგავსი დამოკიდებულება და ქვეყნისთვის სასიკეთო პოლიტიკა გატარდება.