ვერელი ყარაჩოხელი სცენაზე

ვერელი ყარაჩოხელი სცენაზე

ქართველებს მრავალი შესანიშნავი ხელოვანი გვყავდა. სამწუხაროდ ამჟამინდელ თაობას წარსულის თანამემამულე მსახიობებზე, მწერლებზე და რეჟისორებზე ნაკლები ინფორმაციები გააჩნია. დღევანდელ წერილ-მოგონებაში დაახლოებით ორი საუკუნით უკან მინდა რომ დავბრუნდე და ახლადჩამოყალიბებულ ქართულ თეატრთან დაკავშირებული საინტერესო ისტორიები მოგითხროთ.

 

მე-19 საუკუნის 60-იანი წლების ჩვენი საზოგადო მოღვაწე და მწერალი კირილე ლორთქიფანიძე დიდად უწყობდა ხელს ქუთაისის თეატრის მუშაობას და ერთ დროს სუფლიორის საპატიო თანამდებობაც ეჭირა.

 

ერთხელ იმერეთის დედაქალაქში საგასტროლოდ ვასო აბაშიძე ჩამოვიდა. თამაშობდნენ ვალერიან გუნიას პიესას. წარმოდგენას აუარებელი ხალხი დაესწრო. აიხადა ფარდა და სცენაზე ვასო აბაშიძე გამოჩნდა. იქუხა აპლოდისმენტებმა. საზოგადოებამ მსახიობს ოვაციები გაუმართა.

 

კირილე ლორთქიფანიძე ამ დროს სამალავში იჯდა და ყველაფერს ამას თითქოს გულცივად შეჰყურებდა. ის იყო ხმაურობა მიწყდა და ვასოს როლი უნდა დაეწყო, რომ კირილემ გამოჰყო თავი სამალავიდან და ტაში დასცხო. მას დაავიწყდა რომ სუფლიორი იყო. მაყურებელმა ეს შეამჩნია. შეიქმნა სიცილ-ხარხარი და ტაშის გრიალი. ახლა კი მიხვდა კირილე, რა უხერხულ მდგომარეობაში ჩაიგდო თავი.

 

თუ კირილე ლორთქიფანიძეს ერთხელ გაწითლება მოუწია, უფრო უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა კოტე ყიფიანი, როდესაც დიდ სცენაზე დებიუტი ჰქონდა.

 

1865 წლის ზაფხულის მიწურულს გაიმართა ერთ-ერთი საქველმოქმედო სპექტაკლი. თამაშობდნენ მოლიერის პიესას “ძალით ცოლის შერთვევინება”. ვინაიდან იმ დროს ქალის სცენაზე გამოსვლა თავის მოჭრად ითვლებოდა, დორიმენას როლს ვასილ მაჩაიძე ასრულებდა, ხოლო პაჟს, კოტე ყიფიანი.

 

ეპოქის მოდის თანახმად, დორიმენას მეტად გრძელშლეიფიანი კაბა ეცვა და ამ შლეიფის ტარება ახალბედა მსახიობ კოტეს ევალებოდა. სცენაზე რომ გამოვიდნენ, ყიფიანი მაყურებლის დანახვამ ისე დააბნია, შლეიფჩაჭიდებული იდგა, ვიდრე დორიმენას კაბაზე ქინძისთავებით მიბლანდული შლეიფი ხელში შერჩა. ასეთმა მოულოდნელმა სიურპრიზმა დარბაზში ხარხარი და ტაში გამოიწვია. მხოლოდ მაშინ მოვიდა გონს გარინდებული კოტე და კულისებისაკენ მოკურცხლა.

 

ალექსანდრე ყაზბეგი რამდენადაც ჩინებული მწერალი იყო, იმდენად უხეირო მსახიობი. სამწუხაროდ ამისი დაჯერება არასოდეს სურდა და სხვადასხვა წარმოდგენებშიც ხშირად მონაწილეობდა. სასაცილო მდგომარეობაშიც არაერთხელ ჩავარდნილა.

 

ერთხელ სცენაზე ვასო აბაშიძე და ალექსანდრე ყაზბეგი ერთად თამაშობდნენ “მეფე ლირში”. უკანასკნელ მოქმედებაში ისინი ხმალში იწვევენ ერთმანეთს. ყაზბეგს თვალთ აკლდა, მაგრამ ხმალს მარჯვედ უქნევდა ვასოს. პიესის მიხედვით ვასოს უნდა მოეკლა იგი. ასეც მოიქცა.  განგმირა მოწინააღმდეგე და გამარჯვებული გავიდა სცენიდან. სანდროს კი ეგონა, პარტნიორი კვლავ განაგრძობდა ბრძოლას და ჰაერში ხმალს ატრიალებდა. კულისებიდან უყვიროდნენ: “მოკვდი, სანდრო, მოკვდი!” ყაზბეგმა როგორც იყო გაიგონა ეს, შეჩერდა და ხვნეშით  საზოგადოებისკენ მიიხედა:

 

-მაშ, უნდა მოვკვდე?

 

-ჰო, სანდრო, უნდა მოკვდე! – უკარნახა სუფლიორმაც.

 

- რა გაეწყობა, მოვკვდები!– თქვა ყაზბეგმა, ხმალი გადააგდო და მოჭრილი ალვის ხესავით წაიქცა.

 

იმდროინდელ წარმოდგენებს ხშირად უცნაური სტუმრებიც ესწრებოდნენ. 1892 წელს, ვერაზე კვიჟინიძის სახლში დადგეს “რაც გინახავს, ვეღარ ნახავ”. არტემ ივანიჩის როლს ასრულებდა ერთ-ერთი ყარაჩოხელი. ეს ამბავი გაეგოთ ვერელ ყარაჩოხელებს და არღნით მიადგნენ ამხანაგს. კარის შეღებისთანავე სცენისაკენ გაეშურნენ. რეჟისორს გული გაუსკდა:

 

- აქ სად მოდიხართ?! გააჩუმეთ ეგ არღანი, გააჩუმეთ!

 

- რად უნდა გავაჩუმოთ?– მიუგეს მათ, - ჩვენ შენთან არც მოვსულვართ, ჩვენი ძმაბიჭის სადღეგრძელო გვინდა დავლიოთ.

მათ სცენაზე ასვლისთანავე სველი ხელადა მოიმარჯვეს და ლოთიფოთურად ძმაბიჭის სადღეგრძელო დალიეს.

 

კვლავ ვასო აბაშიძეს დავუბრუნდეთ. 1902 წელს ვასო აბაშიძის სასცენო მოღვაწეობის 25 წლის იუბილე მოეწყო. მთელი საქართველო იღებდა ამ სახალხო დღესასწაულში მონაწილეობას. საიუბილეო კომიტეტის გადაწყვეტილებით, იუბილარი თეატრში საგანგებო ლანდოთი უნდა მოეყვანათ. თეატრიდან დაიძრა ვასოს ბინისაკენ ლანდო. ხალხი იუბილარს მოელოდა. ლანდო ცარიელი დაბრუნდა. ვასო აბაშიძე უკანა კარიდან გასულა, მიყრუებული ქუჩებით მივიდა თეატრში და ხალხის შეუმჩნევლად სცენაზე აღმოჩნდა. საიუბილეო წევრების საყვედურზე ვასომ ღიმილით უპასუხა:

 

- ქაჯან, თუ ჩემს იუბილეს მართავთ, მე აქ გახლავართ და თუ ცხენების და ლანდოს იუბილეს დღესასწაულობთ, მაშინ მე რა შუაში ვარ?

 

წერილის დასასრულს კი კიდევ ერთ ძველ სახალისო მოგონებას შემოგთავაზებთ, რომელსაც დღეს მომრავლებული სპონსორობის ინსტიტუტის პირობებში აქტუალურობა ნამდვილად არ დაუკარგავს.

 

ეს ამბავი მოხდა წინა საუკუნის დასაწყისში. ოქტომბრის რევოლუციამდე, საქველმოქმედო მიზნით, ჩვენში ხშირად იმართებოდა წარმოდგენები, სალიტერატურო საღამოები, კონცერტები. ასეთი წარმოდგენა-საღამოების მომწყობად იწვევდნენ გავლენიანსა და დიდი თანამდებობის პირთ, ან მათ ცოლებს. ზოგი სახელის მოსახვეჭად, ზოგიც თავისი სიამოვნებისათვის შემოიკრებდა ხოლმე გარშემო მეგობრებს, ნათესავებს და საქმეს მიჰყოფდა ხელს.

 

ერთხელ, რომელიღაც კულტურული საზოგადოების სასარგებლოდ, თბილისის თეატრში მოეწყო საღამო-წარმოდგენა საკონცერტო განყოფილებითა და აპოთეოზით. საღამოს გამგედ მოწვეული იყო იმხანად ცნობილი გენერალი ჭილაშვილი. საკონცერტო განყოფილებას ხელმძღვანელობდა მომღერალი სანდრო კავსაძე.

 

თეატრში ყოველ საღამოს იმართებოდა რეპეტიციები. ჭილაშვილი, როგორც წესი, რეპეტიციებს ესწრებოდა და მონაწილეებს ამხნევებდა.

 

ბოლოს და ბოლოს მოახლოვდა საღამოს მოწყობის დროც. დაინიშნა გენერალური რეპეტიცია, მოვიდნენ საღამოს მომწყობნი, მოვიდა გენერალი ჭილაშვილიც. იგი პირველად სანდრო კავსაძეს შეხვდა და ჰკითხა:

 

- როგორ არის, სანდრო, საქმე, გუნდი მზად არის?

 

- ყველაფერი მზადაა, მაგრამ უბედურება ის გახლავთ, სცენას რეზონანსი არა აქვს, - მოწყენით მიუგო სანდრომ.

 

- კი მაგრამ, რა დაჯდება ეგ ოხერი რეზონანსი რომ შევიძინოთ? –აღელვებით გააწყვეტინა სიტყვა გენერალმა.

სანდრო კავსაძე არ დაიბნა, ალღო აუღო მის უმეცრებას და უპასუხა:

 

- ხუთ თუმნამდე დაჯდება, თქვენო აღმატებულებავ.

 

- მაშ, აი, შენ ხუთი თუმანი და უეჭველად შეიძინე, მაგით საქმეს ნუ გააფუჭებ,

 

- უთხრა გენერალმა. სანდრომ ეშმაკურად გაიღიმა და ფული ჩამოართვა.

 იმ ღამეს, რეპეტიციის შემდეგ, იმ ფულით გუნდმა ერთი ლაზათიანად იქეიფა.