რეალურად უკრაინა, ძლიერი სახელმწიფო ზედაპირულმა ლიდერმა, პროფესიით კლოუნმა დაღუპა. მამა- პაპურ ენაზე რომ ვთქვათ, ეს ნამდვილად სატირალი ამბავია იმიტომ, რომ ეს ერი ამას ნამდვილად არ იმსახურებდა, - განაცხადა „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის“ ხელმძღვანელმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“.
მისივე თქმით, ჩვენ მოგველოდა იგივე და უარესი იმიტომ, რომ ჩვენ ამხელა რესურსი რაც დიდ უკრაინას ჰქონდა, არ გვაქვს.
„ჩვენს ხალხს უნდა ვუთხრათ პირველ რიგში მადლობა ასეთი მოთმინებისთვის იმიტომ, რომ როდესაც ბიძინა ივანიშვილმა, როგორც ლიდერმა მმართველი ძალის, სხვადასხვა ლიდერებმა „ქართული ოცნების“ პირველად თქვეს, რომ უკრაინაში არ ხდება კარგი ამბები და საქართველოს წინაშე არის დიდი საფრთხე ომისა, პირდაპირ მოთხოვნა, რომ ჩვენ ჩავერთოთ ამ ომში და ამას ჩვენ არ გააკეთებთ, ძალიან დიდი თავდასხმა, შეტევა წამოვიდა ჩვენს პოლიტიკურ ხელისუფლებაზე. იყო გარკვეული რისკი, რომ თუკი ქართველი ხალხი თავის ხელისუფლებას მხარს არ დაუჭერდა, ძალიან ცუდად საფრთხის შემცველი მოვლენები განვითარებულიყო. ამიტომ, მადლობა მათ. მე სულ ვფიქრობდი ამ რთულ წლებში ჩვენი გუნდის წევრებთან ერთად, რომ ის ბევრი ავბედითობა, რაც ჩვენ გვაქვს საუკუნეების მანძილზე გავლილი, როგორც ჩანს მაინც ადვილად მიგვახვედრებს ხოლმე სად არის საფრთხე, სად არის სიმართლე, სად არის შეფარული ტყუილი.
ჩვენ, როგორღაც დღეს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოვესწარით იმ დღეს, როდესაც მსოფლიოს ყველაზე დიდი სახელმწიფო, ამერიკის შეერთებული შტატები და მისი ხელმძღვანელობა ამბობს ზუსტად იმავეს, რასაც ჩვენ ვამბობდით 2022 წლის გაზაფხულიდან.
დღეს ალბათ უფრო, მითუმეტეს ჩემი მხრიდან, ალბათ არაფერი დაშავდება თუ ცოტა უფრო მწვავეთაც ვიტყვი, რომ რეალურად უკრაინა, ძლიერი სახელმწიფო ზედაპირულმა ლიდერმა, პროფესიით კლოუნმა დაღუპა. მამა- პაპურ ენაზე რომ ვთქვათ, ეს ნამდვილად სატირალი ამბავია იმიტომ, რომ ეს ერი ამას ნამდვილად არ იმსახურებდა. ჩვენ მოგველოდა იგივე და უარესი იმიტომ, რომ ჩვენ ამხელა რესურსი რაც დიდ უკრაინას ჰქონდა, არ გვაქვს“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.