აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინისა და რუსეთის საკითხებში, კიტ კელოგმა განაცხადა, რომ ევროპა უშუალოდ არ მიიღებს მონაწილეობას უკრაინაში ომის დასრულებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებში, თუმცა მისი ინტერესები იქნება გათვალისწინებული.
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას კელოგმა ახსენა 2015 წლის მინსკი 2-ის შეთანხმება, რომელიც მიზნად ისახავდა 2014 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შეჩერებას. იმ დროს მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ გერმანია, საფრანგეთი, უკრაინა და რუსეთი.
„[მაშინ] მოლაპარაკების მაგიდასთან ბევრი მონაწილე იყო, მაგრამ შედეგი ვერ მიიღეს“, - განაცხადა კელოგმა.
მისი თქმით, სწორედ ამიტომ ევროპა არ იქნება მოლაპარაკებების უშუალო მონაწილე, თუმცა მისი ინტერესები აუცილებლად იქნება გათვალისწინებული.
კელოგმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ შესაძლოა წელსაც დასრულდეს და პირობა დადო, რომ 180 დღეში „ყველა მხარეს ჩართავს“ ამის მისაღწევად.
კელოგმა ასევე განაცხადა, რომ ტრამპი „არ დათმობს მნიშვნელოვან ინტერესებს“ და დასძინა, რომ აშშ გააგრძელებს უკრაინისათვის დახმარების გაწევას.