დავით ჯუღელი მიხეილ სააკაშვილის ადვოკატია. ის სოფო ჯაფარიძესთან ერთად, რომელიც მისი მეუღლის ახლო მეგობარია, რეგიონების ტურნეში იღებდა მონაწილეობას - ყველაფერი ხელის გულზე დევს და დასკვნის გამოტანა იოლია, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ე.წ. „კაბელების საქმის“ მოსამართლეზე.
„ჩვენ კარგად ვიცით, რომ იგი მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი გახლავთ. ჩვენ ისიც კარგად მოგვეხსენება, რომ როდესაც მიხეილ სააკაშვილმა ქალბატონ სოფო ჯაფარიძეს დაავალა რეგიონებში რაღაც ტურნეს ჩატარება, ბატონი ჯუღელიც იღებდა მონაწილეობას ქალბატონ სოფო ჯაფარიძესთან ერთად ამ ტურნეში. ქალბატონი სოფო ჯაფარიძე, სხვათა შორის, „ფეისბუქზე“ შეგვიძლია შევბრძანდეთ და ვნახოთ, თუ როგორი ახლო მეგობრული ურთიერთობა აქვს მას ბატონი ჯუღელის მეუღლესთან და ყველაფერი ხელის გულზე დევს. შესაბამისად, მოქალაქეებისთვის დასკვნის გამოტანა ძალიან იოლია“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
ე.წ. „კაბელების საქმის“ ერთ-ერთი მოსამართლე დავით ჯუღელი, რომელიც ათი წლის წინ თითქოს მასზე განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს და ამ კონტექსტში ბიძინა ივანიშვილის სახელსაც ახსენებს, დღეს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი და ნდობით აღჭურვილი პირია. ყოფილი მოსამართლე დავით ჯუღელი ბოლო დღეების განმავლობაში ოპოზიციური მედიის შეუცვლელი რესპონდენტი გახდა.