ჩვენ ვხედავთ ერთი მხრივ, იმ ადამიანებს ევროპის დემოკრატიის ფონდის მმართველ ბორდში, რომლებიც ამავე დროს არიან ამ რეზოლუციის თანასპონსორები ანუ ინიციატორები და მხარდამჭერები. ლოგიკურად ჩნდება კითხვა, რაიმე სუბიექტური ინტერესი ხომ არ აქვთ, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა.
იგი ამგვარად ეხმაურება საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტის რეზოლუციის ავტორთა ვინაობას, რომელთა შორის ევროპის დემოკრატიის ფონდის მმართველი საბჭოს წევრებიც არიან.
„კარგი იქნება, თუ ისინი გააკეთებენ განმარტებას. ამიტომ რა თქმა უნდა, ეს ორმაგი სტანდარტი - ერთი მხრივ, თითქოს გულწრფელი ვაი-ვიში, რომ საქართველოში რაღაც ხდება და ამას თურმე როგორ განიცდიან. მეორე მხრივ, როგორც აფინანსებენ თავად ამ ტიპის რადიკალიზაციის აქტივობებს, მიუღებელია ჩვენთვის“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.
მან ასევე ისაუბრა მედიამენეჯერების სანქციების თემაზეც, რომელიც რეზოლუციის ერთ-ერთი საკითხია.
„ყველა მხრიდან, საიდანაც ამის შესაძლებლობა აქვთ, ცდილობენ, იერიშის მიტანას ამ ადამიანებზე, რომლებიც ერთი მხრივ ემსახურებიან სიმართლეს და მეორე მხრივ სწორედ ამ ადამიანებს ამხელენ სიცრუეში“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.