„შემოდონ თაროზე ეგ რეზოლუციაც და დაელოდონ ქართველი ხალხი მაგათ ფალავნებს ხელისუფლებაში როდის მოიყვანს“

„შემოდონ თაროზე ეგ რეზოლუციაც და დაელოდონ ქართველი ხალხი მაგათ ფალავნებს ხელისუფლებაში როდის მოიყვანს“

„უსამართლო და ქართულ სახელმწიფოზე თავდასხმა“ - ესაა საქართველოს ხელისუფლების შეფასება რეზოლუციაზე, რომელიც ევროპარლამენტმა 13 თებერვალს მიიღო. პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ასეთი დოკუმენტები ევროპულ ბიუროკრატიაზე მძიმედ აისახება. საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ მორიგ რეზოლუციას მთავრობის მეთაური ქვეყნის შიგნით ოპოზიციის და მათი უცხოელი პარტნიორების კოორდინირებულ მუშაობას და ინტერესს უწოდებს.

400 ხმით 63-ის წინააღმდეგ ევროპარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით რიგით მე-6 რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტის მხარდამჭერები 26 ოქტომბერს არჩევნებს არ აღიარებენ, ითხოვენ ახალ არჩევნებს და საქართველოს პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილს მიიჩნევენ; მოითხოვენ მზია ამაღლობელისა და სხვა დაკავებულების გათავისუფლებას, ისმის მოწოდება პერსონალური სანქციების დაწესებაზე პოლიტიკური ლიდერების, მთავრობის წევრების, მოსამართლეებისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიმართ. ევროპარლამენტი ინდივიდუალური პასუხისმგებლობის დაწესების მომხრეა გარკვეული ბიზნესმენებისა და მედია მფლობელების წინააღმდეგაც, რეზოლუცია კვლავ იმეორებს მოწოდებას, რომ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის სტატუსი გადაიხედოს.

ამ რეზოლუციაში კვლავ ჩაიწერა ჰუმანიტარული მიზნით მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა, თუმცა დოკუმენტში ამ თემას ისიც დაემატა, რომ ევროპარლამენტარებს სააკაშვილთან შეუფერხებელი წვდომა ჰქონდეთ.

ევროპარლამენტის სერიოზულად აღქმა შეუძლებელია, რადგან ევროპარლამენტის რეზოლუციებს სამართლებრივი ძალა არ აქვს, სიმბოლური ხასიათისაა და პოლიტიკურ პოზიციას გამოხატავს. მაგალითად, ევროკავშირის ინდივიდუალური სანქციების დაწესებას ყველა წევრი სახელმწიფოს თანხმობა სჭირდება. ამ ეტაპზე, ეს შეუძლებელია - „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებულ სანქციებს უნგრეთი და სლოვაკეთი ეწინააღმდეგება. „ქართული ოცნების“ დეპუტატები ევროპელი კოლეგებისგან, პირველ რიგში, სამართლიანობას მოითხოვენ.

ირაკლი კოაბიძის განცხადებით, ასეთი აქტები და რეზოლუციები ძალიან მძიმედ აისახება ევროპული ბიუროკრატიის რეპუტაციაზე ქართული საზოგადოების თვალში.

„ეს ყველაფერი გვახსენებს იმ 9-წლიან პერიოდს, რა დროსაც მოქმედებდა მძიმე რეჟიმი, რომელიც თავს ესხმოდა სახელმწიფოებრიობას და მედიის დამოუკიდებლობას ჩვენს ქვეყანაში და ეს რეჟიმი იმართებოდა იმავე ძალების მხრიდან, რომლებიც დღეს ასეთ რეზოლუციებს აინიცირებენ ევროპარლამენტში. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა, ასეთი აქტები და რეზოლუციები ძალიან მძიმედ აისახება ევროპული ბიუროკრატიის რეპუტაციაზე ჩვენს ქვეყანაში, ქართული საზოგადოების თვალში. იმედი გვაქვს, რომ ევროკავშირი, ევროპული ინსტიტუტები და ბიუროკრატია გაჯანსაღდება მომავალში, დღევანდელი ტენდენციები არის საკმაოდ მძიმე“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

რეზოლუციის საბოლოო ტექსტში ვერ მოხვდა გერმანელი და ბულგარელი ევროპარლამენტარების ვერსია. ისინი ევროკავშირს „ქართული ოცნების“ მთავრობასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებდნენ და აღნიშნავდნენ, რომ სანქციებით მუქარა და ფინანსური დახმარების პოტენციური შეჩერება რეგიონში მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან დაშორებას იწვევს. ამ ჩანაწერის ავტორი ევროპარლამენტარების ჯგუფშია ილონ მასკის მიერ მხარდაჭერილი გერმანული პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“.

ისტორიკოსი ედიშერ გვენეტაძე for.ge-სთან ამბობს, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ევროსაბჭო თავის ევროპარლამენტარებიანად საბჭოთა კავშირს დაემსგავსა. გვენეტაძე მიიჩნევს, რომ ამ ორგანომ ქართველი ხალხის თვალში საკუთარი თავის მარგინალიზება თავადვე მოახდინა, ამიტომ მე-6 რეზოლუციას მიიღებენ თუ მე-10-ს უკვე არავისთვის მნიშვნელობა აღარ აქვს. ევროპარლამენტარები „წერონ და იკითხონ“ რეჟიმში არიან გადასულები.

„რასაც ამ ბოლო პერიოდში თავალს ვადევნებთ, მათი რეოზოლუციებით და განცხადებებით, ამ ევროპარლამენტარებს საქართველო მათი კოლონია ჰგონიათ. რასაც იტყვიან ფოტიგა, კრამონი, კუბილიუსი და ძმანი მისნი, ხოლო ახალი შემატებული კაია კალასი ბეჭედს დაარტყამს, ამათ დაკრულზე უნდა იცეკვოს საქრათველოს ხელისუფლებამ და ხალხმა? საქმე ისაა, რომ ძალიან ცოტა დრო დარჩათ. ამათი გავაკება მალე დასრულდება და თავდაღმართში დაეშვებიან. ამერიკაში რაც ხდება, ეს სიტუაცია ტალღასავით სულ ცოტახანში გადაივლის ევროპაზეც და მერე სადღა გაიქცევიან ეს სამშობლოს გამყიდველები და ვისგან რა მხარდაჭერას მიიღებენ, მაგასაც ვნახავთ. ბაიდენი რასაც უშვრებოდა ამერიკას და მთელ მსოფლიოს, ამერიკელი ხალხი გონს მალევე მოეგო. იმ იდეოლოგიას რომ წაჰყოლოდნენ, საბჭოთა კავშირი მონაგონი იქნებოდა.

ახლა კი ეს იდეოლოგია ჯერ კიდევ ევროპაში ხარობს, მაგრამ დიდი ხანი ვერ გაძლებენ. ძალიან კარგად ვიცით, რაც ჩაიდინა ფონ დერ ლაიენის ქმარმა და ჯერ რომ თაროზე დევს ეს საქმეები. უამრავი სხვა კორუფციული სქემებია ბრიუსელში, სოროსის დაფინანსებით მთელი ბრიუსელის ჩინოვნიკები ნაყიდი ჰყავთ. ამიტომ ახლა წერონ და იკითხონ რეჟიმში არიან. ქართველ ხალხს რომ მაგათი რეზოლუციები არ ანაღვლებს, არჩევნების შედეგებითაც გამოჩნდა. „ოცნებამ“ ამ 3 წლის განმავლობაში ისეთ შეტევას გაუძლო, ამ წარმავალი პოლიტიკოსების ფაფხური კოღოს ნაკბენივით არის“, - ამბობს გვენეტაძე.

მისივე თქმით, ეს არის ევროპული ექსტრემიზმი, რითაც ეს ევროპარლამენტარები ქართველ ხალხს თავს აძულებენ. ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იცის ვინ არის მელია, გვარამია, ჯაფარიძე, ბოკუჩავა და სხვა დანარჩენი მათნაირი, მარგინალური პოლიტიკოსები. ამიტომ მათ რაც უფრო დიდი მხარდაჭერა ექნებათ ევროპარლამენტიდან, ქართველი ხალხისთვის ევროპას მით უფრო ნაკლები ნდობა ექნება.

„გვარამის და ჯაფარიძეს თუ ჰგონიათ, რადგან ევროპარალმენტს ეგ რეზოლუცია მიაღებინეს აქ რომ ჩამოვლენ ქართველი ხალხი გმირებად შერაცხავს და ხელისუფლებაში დააბრუნებს, ძალიან ცდებიან. პოლიტიკოსებს, რომლებსაც საქართველოში თავი არ გამოეყოფათ, ევროპარლამენტში მხარდაჭერას მიიღებენ თუ ხელში აყვანილი ატარებენ, რა მნიშვნელობა აქვს. თუმცა იქაც გამოჩნდა როგორი მხარდაჭერა აქვთ - პრესკონფერენცია ცარიელ დარბაზში ჩაატარეს. ეს ექსტრემიზმი, რომელიც ევროპარლამენტიდან მოდის საქართველოს ხელისუფლებას ვერაფერს ავნებს. შემოდონ თაროზე ეგ რეზოლუციაც და დაელოდონ ქართველი ხალხი მაგათ ფალავანებს ხელისუფლებაში როდის მოიყვანს.

მასკმა არ გამოაქვეყნა ის ვიდეო რგოლი, სადაც საქართველოში მიმდინარე პროცესები იყო დართული და ეწერა, რომ ფერადი რევოლუციების მოწყობას გეგმავდა იუესაიდი? ეს ევროპარლამენტარები კიდევ დემოკრატიას და მშვიდობიან საპროტესტო მუხტს უწოდებდნენ. ამიტომ ხვალე ეგ მიღებული რეზოლუცია საქართველოში არც ერთ ქართველს აღარ ემახსოვრება“,-ამბობს გვენეტაძე.