საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი თანამდებობაზე ყოფნის ვადის ამოწურვის შემდეგ, აქტიურად იღებს მონაწილეობას სხვადასხვა შევხედრებში, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. ის ხვდება მაღალი თანამდებობის პირებს უცხოეთში, საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების ოჯახის წევრებს, ეკონომისტებს, ფინანსისტებს საქართველოში და ა.შ. მისი აქტიურობიდან გამომდინარე, გამოითქვა მოსაზრება, რომ შესაძლებელია, მის ირგვლივ ოპოზიციურ ფლანგზე, გაჩნდეს ახალი პოლიტიკური ფრთა, რომელსაც უშუალოდ ყოფილი პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უხელმძღვანელებს. თუმცა, მეორე ნაწილის მოსაზრებით, დღეს სალომე ზურაბიშვილს არ აქვს ის პოლიტიკური წონა, რომ მის ირგვლივ ოპოზიციური პარტიები გაერთიანდნენ.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე For.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ მსოფლიო მასშტაბით, დიდ დაპირისპირებას ვხედავთ კონსერვატორებს და ლიბერალებს შორის და ამის ფონზე, საქართველოზე ზეწოლა ძლიერდება, რადგან „ქართული ოცნების“ ლიდერები კონსერვატიულ ძალას წარმოადგენენ.
„ზურაბიშვილი აქტიურია, ოპოზიციაც მეტ-ნაკლებად აქტიურია, თუმცა, საყვედურობენ უფრო აქტიური უნდა იყოო. აქ არსებობს ერთი კითხვა: რატომ არის ოპოზიცია აქტიური და პასიური ხელისუფლება?! - იმიტომ, რომ არ მოხდეს სამოქალაქო შეჯახება, რაც ძალიან მძიმე შედეგებს მოიტანს. ამასთან, „ოცნების“ მხრიდან ასეთი გადამწყვეტი მოქმედებისთვის დრო არ დამდგარა, რადგან დიდი დაპირისპირება მიდის კონსევრატიულ და ლიბერალურ ძალებს შორის - ეს დაპირისპირება ახლა პიკშია. ამის პარალელურად, ძლიერდება შეტევა საქართველოზე, რადგან საქართველოს ხელისუფლება არის კონსერვატიული ორიენტაციის და აქეთ არის პატარა ფრონტი გადმოტანილი“, - განაცხადა საყვარელიძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, რადიკალური ოპოზიციის მთავარ გზავნილს, რომ არსებობს რაღაც იდეალური დასავლეთი, რომელსაც არ შეიძლება ჰქონდეს რაიმე უარყოფითი განზრახვა საქართველოს მიმართ, ძალიან დიდი საფრთხე შეექმნა და სწორედ ამის გამო არიდებენ, ბუნებრივია, ისინი თავს პასუხის გაცემას ასეთ უხერხულ კითხვებზე. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვითარება წარიმართება რადიკალური ოპოზიციისთვის არასახარბიელოდ.
„ადრე, გახსოვთ, როგორ წარმოაჩენდნენ ისინი დასავლეთს, როგორც ასეთს, წარმოაჩენდნენ რაღაც იდეალურ მოვლენად, სადაც არაფერი ნეგატიური არ შეიძლება მოხდეს. დღეს უკვე ერთმანეთს უპირისპირდებიან ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი. შესაბამისად, მათ მთავარ გზავნილს, რომ არსებობს რაღაც იდეალური დასავლეთი, რომელსაც არ შეიძლება ჰქონდეს რაიმე უარყოფითი განზრახვა საქართველოს მიმართ, ძალიან დიდი საფრთხე შეექმნა და სწორედ ამის გამო არიდებენ, ბუნებრივია, ისინი თავს პასუხის გაცემას ასეთ უხერხულ კითხვებზე. რა თქმა უნდა, არსებობს ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი, არის იქ პოლიტიკური ინტერესები. ზოგადად, გლობალური პოლიტიკა არის ისეთივე რთული და მძიმე საქმე, როგორიც არის ლოკალური ქართული პოლიტიკა, იქ არის უამრავი სხვადასხვა ინტერესი. ამერიკა-ევროკავშირმა ერთმანეთში უნდა გაარკვიონ საკუთარი ინტერესები. ჩვენ უნდა დავაკვირდეთ მოვლენების განვითარებას. იმედს ვიქონიებთ, რომ ყველაფერი წარიმართება ჩვენი ქვეყნისთვის სასიკეთოდ. რაც შეეხება რადიკალურ ოპოზიციას, მათ მთავარი „მესიჯი“ ჩამოეშალათ, დანარჩენს შევხედოთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
რაც შეეხება სლაომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ მომავალს, რამაზ საყვარელიძის შეფასებით, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, რომელსაც 100 კაცის მოწონებაც კი არ დაუმსახურებია, ვერ გაუტოლდება ისეთ პოლიტიკურ ძალას, რომელიც საზოგადოების გარკვეულ ნაწილს მოსწონს.
„იმის ფონზე, რომ მსოფლიო მასშტაბით, არ არის გარკვეული ვინ იმარჯვებს, „ქართული ოცნება“ არ შედის დაპირისპირებაში და ცდილობს იდგეს ჩრდილში. იმისდა მიხედვით, როგორ განვითარდება მოვლენები, ქალბატონი სალომე შეიძლება გაერიდოს საქართველოს. ადამიანი, რომელსაც 100 კაცის სიმპათია ვერ დაუმსახურებია, ის უნდა გაუტოლდეს პოლიტიკურ ძალას, რომელსაც ათასობით კაცის სიმპათია აქვს მოპოვებული?! - ასეთი რამ თუ ხდება, ამას მიზეზი უნდა ჰქონდეს. ერთ დროს ჰქონდა ამ ყველაფერს მიზეზი: ეს ადამიანი პრეზიდენტი იყო და მას კავშირები ჰქონდა, ახლა მეტ-ნაკლებად კავშირები აქვს, თანამდებობა - აღარ. მალე ეს კავშირებიც გაუფერულდება, ბევრი სხვადასხვა მიზეზის გამო“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.
სალომე ზურაბიშვილის თქით კი, პოლიტიკური იზოლაცია, რაც ქვეყანას შეეხო და რაც „ქართული ოცნების“ პოლიტიკის შედეგია, გადავიდა ეკონომიკურ იზოლაციაში, რომელსაც შეიძლება უფრო ღრმა კრიზისი მოჰყვეს. მისივე განმარტებითმ, უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ რა იქნება არსებულ ეკონომიკურ გამოწვევებზე პასუხი, მას შემდეგ, რაც ახალი არჩევნები დაინიშნება და ქვეყანას ახალი ხელისუფლება ეყოლება. ზურაბიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ აქციების დროს დაკავებულებს და თავისუფლებისთვის მებრძოლ ოჯახებს, ასევე საჯარო მოხელეებს, რომლებიც სამსახურებიდან გათავისუფლდნენ, დაუწესდება შეღავათები სხვადასხვა მიმართულებით. როგორც ზურაბიშვილმა განმარტა, აქციების დროს დაკავებულების ოჯახის წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა, ეს არის მოსაზრება, რომელიც უკავშირდება ახალი ფონდის დაარსებას, რომელიც არ იქნება პოლიტიკური ფიგურების მიერ მართული.