ამირან სალუქვაძე: მთელი ამ სამი წლის განმავლობაში დასავლეთის დახმარება არ აღმოჩნდა საკმარისი იმისათვის, რომ უკრაინას ბრძოლის ველზე სასურველი შედეგისთვის მიეღწია

ამირან სალუქვაძე: მთელი ამ სამი წლის განმავლობაში დასავლეთის დახმარება არ აღმოჩნდა საკმარისი იმისათვის, რომ უკრაინას ბრძოლის ველზე სასურველი შედეგისთვის მიეღწია

უკვე შეიძლება საუბარი იმაზე რომ პირველი სერიოზული ნაბიჯი გადაიდგა ომის დასასრულებლად. უბრალოდ ჯერჯერობით ვადებს ვერავინ იტყვის - ეს მოხდება ერთ კვირაში, ერთ თვეში თუ კიდევ რამდენიმე თვეს გასტანს, ან ხომ არ მოხდება მოლაპარაკებების დროს რაიმე ისეთი, რამაც შეიძლება ეს პროცესი ჩაშალოს, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ექსპერტმა ამირან სალუქვაძემ, რომელიც რუსეთ-უკრაინის ირგვლივ განვითარებულ ბოლო მოვლენებს ეხმიანება.

„ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენ ვიხილეთ, რომ რუსეთი მუდმივად აღმოსავლეთის ფრონტზე მიიწევდა წინ. ახლა ბოლო დღეებში არის ცოტა შენელებული, მაგრამ ვინც ნახავს დინამიკას, ვინც აკვირდებოდა რა ხდებოდა აღმოსავლეთის ფრონტზე, განსაკუთრებით დონბასის მიმართულებით დამეთანხმებიან. აი ეს არის მთავარი. ვის უნდა დააბრალონ ეს? - რუსეთს უნდა დააბრალონ, თუ ამ 50-მა სახელმწიფომ თავის თავს?“, - განაცხადა სალუქვაძემ.

სალუქვაძემ ასევე აღნიშნა, რომ ისმის სხვადასხვა განცხადებები იმის თაობაზე, რომ არ შეიძლება ევროკავშირის გარეშე ამ მოლაპარაკეების გამართვა, ისმის განცხადებები ტრამპის მისამართით, პრეტენზიები, რომ ხომ არ არის ეს უკრაინის ღალატი და ა.შ.

„უკრაინას, რა თქმა უნდა, აქვს თავისი კითხვები იმიტომ, რომ ეს სატელეფონო საუბარი, როგორც ახლა მედიაში იწერება უკრაინის გარეშე შედგა და მხოლოდ ამის შემდეგ განაცხადა ტრამპმა სოციალური ქსელით, რომ დაურეკავდა პრეზიდენტ ზელენსკის და ჩააყენებდა საქმის კურსში, თუმცა მე მაინც ვიტყოდი იმას, რომ არავისთვის არ ყოფილა მოულოდნელი ტრამპი-პუტინის სატელეფონო საუბარი. ტრამპი ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პერიოდში აცხადებდა, რომ შეეცდებოდა 24 საათში დაემთავრებინა ომი, ახლა ვადები გადაწია, მაგრამ ის, რომ ტრამპს ჰქონდა ამის სურვილი და ეს იყო მისი წინასაარჩევნო დაპირება, როგორც ამერიკელი ხალხისთვის, ასევე მსოფლიოსთან მიმართებით, ეს არ იყო სიახლე. არავისთვის არ უნდა ყოფილიყო, ევროკავშირს გულისხმობ და მის ლიდერებს, მოულოდნელობა ტრამპის შესაძლო ნაბიჯები, რომ ის აპირებდა რუსებთან და, კერძოდ, პუტინთან დალაპარაკებას“ - აღნიშნა სალუქვაძემ.

მისი თქმით, ყველა ომის შედეგები წყდება ბრძოლის ველზე და ეს არის რეალობა. სალუქვაძემ აღნიშნა, რომ დასავლეთის დახმარება უკრაინისადმი არასაკმარისი იყო და ეს იგრძნობოდა პირველივე დღეებიდან, როდესაც ამერიკამ, ევროპასთან ერთად, 50 სახელმწიფოსგან შემდგარმა კოალიციამ დაიწყო უკრაინისათვის როგორც ფულადი დახმარების გაწევა, ასევე შეიარაღების და ტექნიკის მიწოდება.

„მთავარი არის ის, რომ დასავლეთმა ბრძოლის ველზე ვერ უზრუნველყო უკრაინის არა თუ უპირატესობა, რაც აუცილებელია წარმატებული საბრძოლო მოქმედებისთვის, არამედ თანაბარი ბალანსიც კი ვერ შექმნა. ჭურვების რაოდენობაც კი ვერ მიაწოდეს იმდენი, რამდენსაც აწარმოებდა რუსეთი. იყო საუბრები, რომ რუსეთს ჩრდილოეთ კორეა და ირანი დაეხმარა, თუმცა, როდესაც აქეთ მხარეს არის 50 სახელმწიფო, რომელთა მთლიანი შიდა პროდუქტი, მრეწველობა ბევრად აღემატება რუსეთისას, რატომ ვერ მოხერხდა ეს? აი ამაზე არის პასუხები გასაცემი. ვერ თუ არ?“, - აღნიშნა სალუქვაძემ.

ექსპერტის აზრით, რუსეთისთვის მარტივია თავისი მოწყობიდან გამომდინარე (როდესაც ცენტრალიზებულად იმართება სახელმწიფო და სამხედრო მრეწველობა არის სახელმწიფო მმართველობის ქვეშ) გადააწყო მთლიანად ეს სისტემა.

სალუქვაძის თქმით, სანქციებით რუსეთის ეკონომიკა არ ჩამოიშალა და პირიქით ევროკავშირთან შედარებით (მსოფლიო ბანკისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებების მიხედვით) ეკონომიკური ზრდაც კი ჰქონდა.

„ამ სანქციებმა შედეგები ვერ გამოიღო-თქო ამაზე არ ვსაუბრობ, მაგრამ ის შედეგი რა შედეგიც იყო აუცილებელი იმისათვის, რომ რუსეთს ვერ შესძლებოდა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში საბრძოლო მოქმედებების წარმოება, ეს ვერ იყო მიღებული, თორემ, რა თქმა უნდა, ეკონომიკურად დაზიანდა რუსეთი და რამდენ ხანს გაძლებს ასე და რა გავლენებს იქონიებს ორი და ხუთი წლის მერე, რა მოუვა, ეს ცალკე შესაფასებელი საკითხია, მაგრამ უკრაინამ რა მიიღო ამით? უკრაინისთვის სასურველი შედეგები არ დადგა ამ სანქციებით“, - აღნიშნა სალუქვაძემ.