ევროპარლამენტის რეზოლუციას ფასი არ აქვს, ვინაიდან იგი ფაქტებზე არ არის დაფუძნებული. ნებისმიერი პირის, მათ შორის, სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა იქნებოდა რელევანტური, თუ ვთქვათ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაადგენდა, რომ მას არ ჰქონდა სამართლიანი სასამართლოს შესაძლებლობა საქართველოში და ეჭვ ქვეშ დააყენებდა იმ განაჩენს, რომელიც მის მიმართ დადგა, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა „დღის ქრონიკაში“ ჩართვისას ევროპარლამენტის რეზოლუციაზე საუბრისას.
მისივე თქმით, ევროპულ სასამართლოში სააკაშვილის მხარემ საქმე წააგო. შესაბამისად, ვერ დადგინდა, რომ მას არ ჰქონდა სამართლიანი სასამართლო.
„როდესაც ევროპული სასამართლო თავად ადგენს სამართლებრივად, რომ არავითარ ეჭვს განაჩენი არ იწვევს, როგორ შეიძლება ეს საკითხი აღმოჩნდეს სერიოზული ორგანოს რეზოლუციაში?!“, - დასძინა შარმანაშვილმა.
მან ასევე ისაუბრა რეზოლუციაში გამოთქმულ სხვა საკითხებზე, კერძოდ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებითაც.
„ევროპარლამენტარებიცა და ევრობიუროკრატებიც არჩევნებამდე აცხადებდნენ, რომ მთავარი იქნებოდა ეუთო/ოდირის დასკვნა ამ საკითხზე. შემდეგ არ მოეწონათ ეუთო/ოდირის ეს დასკვნა, რადგან არ იყო მითითებული რაიმე ისეთი დარღვევა, რომელიც ეჭვქვეშ დააყენებდა არჩევნების ლეგიტიმურობას და დაიწყეს გამოგონილი ნარატივებით საუბარი“, - აღნიშნა შარმანაშვილმა.
მისივე განმარტებით, აღნიშნული ყალბი ნარატივებიც ევროპარლამენტის აღნიშნულ რეზოლუციაში აღმოჩნდა.
„ამის შემდეგ როგორ შეიძლება, სერიოზულად შევხედოთ ამ ორგანოს საქმიანობას. იქ, სადაც ფაქტებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, იქ, სადაც სამართლებრივ არგუმენტებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს და მხოლოდ გამოგონილი ნარატივებია, რა თქმა უნდა, ამას ჩვენ სერიოზულად არ შევხედავთ. ჩვენ ჩვენი ეროვნული ინტერესებისა და სუვერენიტეტის დაცვას განვაგრძობთ“, - განაცხადა შარმანაშვილმა.
რეზოლუციის პროექტს, რომელიც ოპოზიციის მონაწილეობით მომზადდა, ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა. რეზოლუციაში საუბარია კონკრეტული პირების სანქცირებაზე, ვიზალიბერალიზაციის გადახედვაზე, ახალ არჩევნებსა და აქციებზე დაკავებულების გათავისუფლებაზე.