ლარმა პოზიციები უსწრაფესად აღიდგინა - პრემიერი მყარ გაცვლით კურსს პროგნოზირებს

ლარმა პოზიციები უსწრაფესად აღიდგინა - პრემიერი მყარ გაცვლით კურსს პროგნოზირებს

ლარის ნახტომისებურ გამყარება ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობა მილევად რეჟიმშია და სავალუტო ბაზარზეც რევალვაციის ნიშნებია. ბოლო ერთ კვირაში ლარი დოლართან მიმართებით 3%-ით გამყარდა. ქვეყნის პრემიერიც ეროვნული ვალუტის სტაბილურობას პროგნოზირებს.

ვალუტის კურსზე, ქვეყნის მაკროეკონომიკურ მდგომარეობასა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მასშტაბებსა და ბალანსთან ერთად, დიდ გავლენას ახდენს საზოგადოების - მოქალაქეებისა და ბიზნესის მოლოდინი. ფინანსისტ გიორგი ცუცქირიძის შეფასებით, გარდა ამისა, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ეროვნული ბანკის საბჭოს სრულად დაკომპლექტებამ და სებ-ის პრეზიდენტის დანიშვნამაც.

ბოლო ათი დღეა, საქართველოს ეროვნული ვალუტა განაგრძობს გამყარებას, მათ შორის მხოლოდ დღეს, 7 თებერვალს, ის აშშ დოლართან 1.5 პუნქტით გამყარდა, რაც ეკონომიკაში პოზიტიური მოლოდინების გაძლიერებასთანაა დაკავშირებული და ეს უპირველესად უკავშირდება ეროვნული ბანკის საბჭოს დაკომპლექტებას და ნათია თურნავას დანიშვნას საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტად.

პოზიტიურია, რომ ნათია თურნავას საქმიანობის პირველი დღე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის რანგში სწორედ ქართული ლარის გამყარებით აღინიშნა. თანაც, ხაზი უნდა გაესვას, რომ მისი დანიშვნა კი არ დაემთხვა ლარის მორიგ გამყარებას, არამედ პირიქით - სწორედ ამ დანიშვნამ და სტაბილურობის განცდის გაძლიერებამ ითამაშა დიდი როლი ლარის გამყარებაში. ფაქტობრივად, დიდწილად ეს იყო, ხატოვნად რომ ვთქვათ, „თურნავას ეფექტი“, - განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ.

ბოლო ერთ კვირაზე მეტია, რაც ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში გამყარების ტენდენციაშია. ამ პერიოდში 29 იანვრიდან დღემდე ლარი გამყარდა აშშ დოლართან მიმართებაში 3 პროცენტით 2.87-დან 2.79 ნიშნულამდე. ეკონომიკის დოქტორი სოსო არჩვაძე ხაზს უსვამს, რომ ლარი გამყარებას აგრძელებს და ამ პოსტის დადებამდე უკვე ჩამოცდა 2.79 ნიშნულსაც,

ობიექტურობისათვის უნდა ითქვას, რომ პოლიტიკა, რომელსაც სებ-ი და ნათია თურნავა ახორციელებს ამ ბოლო 3 თვის მანძილზე, იყო გადამწყვეტი აჟიოტაჟური მოლოდინის ნეიტრალირების და პოზიტიური განწყობების თვალსაზრისით და პირობითად ნათია თურნავას ეფექტიც შეიძლება ვუწოდოთ. ამის პირდაპირი ინდიკატორი ლარის გამყარებასთან ერთად, საბანკო დეპოზიტების შემცირების მოლოდინის საპირისპიროდ, დეპოზიტების ზრდაც უნდა მივიჩნიოთ. დეკემბერში დეპოზიტების მოცულობა, წინა თვესთან შედარებით, 372 მლნ -ით გაიზარდა და წლის ბოლოს 58.34 მილიარდი ლარი შეადგინა (ნოემბერში 57.9 მლრდ ლარი იყო), - აღნიშნა არჩვაძემ.

არსებობს საპირისპირო მოსაზრებაც. ოპოზციურად განწყობილი ექსპერტების აზრით, ამჟამინდელი გამყარება ლოგიკას მოკლებულია. ასე ფიქრობს ეკონომისტი აკაკი ცომაია.

ლარი შარშანდელ პერიოდთან შედარებით დღეს უფრო გაუფასურებულია. რაც განპირობებულია, რა თქმა უნდა, მიმდინარე პროცესებით. ქვეყანაში მიმდინარე პროცესები საგანგაშოა ეკონომიკისთვის, რადგან ეს პოლიტიკური კრიზისი, საერთაშორისო არაღიარების ფაქტორი, დროთა განმავლობაში ეკონომიკას აუცილებლად მიიყვანს ჩიხში, იმ მდგომარეობამდე, როცა ეკონომიკური პრობლემები თავს იჩენს, გადაიზრდება უფრო რთულ პრობლემაში. ამ წუთას მსგავსი, რამ ეკონომიკაში არ ხდება, თუმცა არის ალბათობა იმისა, რომ სცენარი ამ მიმართულებით განვითარდეს. შესაბამისად, რაც დღეს ლართან მიმართებით ხდება განპირობებულია სავალუტო ბირჟაზე ყოველდღიური ვაჭრობის პროცესით. ფუნდამენტური ფაქტორები გამყარებისთვის არ არსებობს“, - განაცხადა ცომაიამ.

საბოლოო სიტყვა კი ამ მიმართულებით პრემიერ მინისტრმა თქვა. ირაკლი კობახიძემ პირდაპირ განაცხადა, რომ ეროვნული ვალუტის კურსი იქნება სტაბილური.

„ვაგრძელებთ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და წლევანდელი წელიც იქნება ძალიან წარმატებული ეკონომიკური თვალსაზრისით. ეს სჭირდება ჩვენს ქვეყანას. ამ ფონზე თქვენ ხედავთ, რომ იგივე რადიკალური ოპოზიცია, უცხოური აგენტები საუბრობენ იმაზე, რომ ქვეყანას თითქოს ემუქრება ეკონომიკური ვარდნა, ამას ვერ ეღირსება რადიკალური ოპოზიცია, ისინი ხედავენ საკუთარ პოლიტიკურ შანსებს ასეთ პერსპექტივაში, თუმცა თავადაც იციან, რომ არავითარი ეკონომიკური ვარდნა არ გვექნება, პირიქით, გვექნება ძალიან სტაბილური ეკონომიკური განვითარება. შევინარჩუნებთ მყარად ლარის კურსს, იქნება მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი, ეს სჭირდება ჩვენს ქვეყანას, საზოგადოებას, რაც სჭირდება რადიკალურ ოპოზიციას, იმას ვერ ეღირსებიან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.