თბილისში 36 წლის მამაკაცი სახლში საკუთარ საწოლში, სავარაუდოდ, ძმის მაგივრად ჩაცხრილეს - რა გახდა სასტიკი დანაშაულის მოტივი

თბილისში 36 წლის მამაკაცი სახლში საკუთარ საწოლში, სავარაუდოდ, ძმის მაგივრად ჩაცხრილეს - რა გახდა სასტიკი დანაშაულის მოტივი

უმძიმესი დანაშაული თბილისში, ბათუმის ქუჩაზე 36 წლის მამაკაცი საკუთარ სახლში ჯერ სასტიკად, გონების დაკარგვამდე სცემეს, შემდეგ კი საწოლში ათამდე ტყვია ესროლეს. როგორც ადგილობრივები for.ge-სთან ჰყვებიან, სახლში შესულმა თავდამსხმელმა, ჯერ იარაღის კონდახით ძაღლი გაანეიტრალა, რომელსაც თავში ჩაარტყა, შემდგ კი სახლში შესული ახალგაზრდა მამაკაცს უმოწყალოდ გაუსწორდა. მეზობლები ამბობენ, რომ ყრუ ხმები საღამოს 7 საათზე ესმოდათ, თუმცა გასროლის ხმა არ გაუგიათ. ვერ იფიქრებდნენ, რომ ასეთი სასტიკი დანაშაული ხდებოდა. მათ მძიმე დანაშაულის შესახებ მას შემდეგ გაიგეს, რაც გონზე მოსულმა ძაღლმა გამაყრუებელი ყმუილი დაიწყო. მეზობლები დაინტერესდნენ რა სჭირდა ძაღლს. მეორე სართულზე ასულებს კი ჯერ გასისხლიანებული ცხოველი დახვდათ, შემდეგ კი ბინაში შესულებმა სასტიკად მოკლული მამაკაცი ნახეს. 36 წლის ათუკა ჯოხაძე მეზობლებს უკვე გარდაცვლილი დახვდათ.

შსს-მ მძიმე დანაშაული ცხელ კვალზე გახსნა. დაკავებულია 34 წლის დავით ფაილოძე.

„რაც გავიგეთ ის არის, რომ საწოლშია მოკლული. ჯერ სავარაუდოდ, სასტიკად სცემა, შემდეგ კი საწოლშივე ჩაცხრილა. სახლში შესვლამდე კი ძაღლს გაუსწორდა. მე ვნახე საწყალი ცხოველი, თავი ჰქონდა გატეხილი და ფეხსაც მიათრევდა. მან გააგებინა მეზობლებს, რომ რაღაცა უბედურება ხდებოდა. ათუკა ჯოხაძეა მოკლული, რომელიც ძაღლთან და ძმასთან ერთად ბათუმის და თევდორე მღვდლის ქუჩის კვეთაზე ცხოვრობდა. ეს ბიჭი უმუშევარი იყო და უბანში მიუსაფარ ცხოველებს უვლიდა. ერთ-ერთი ვერსიით მკვლელობა ფულის გამოძალვას უკავშირდება. ამბობენ, რომ რეალურად, მკვლელი ამ ბიჭის ძმის მოსაკლავად მოვიდა და ეს ბიჭი მოკლეს. სანამ გამოძიება არ დაადგენს რა მოხდა, ძალიან ჭირს საუბარი. პოლიცია იყო მოსული და მთელი სახლი, ეზო და ყველაფერი გადაჩხრიკეს. კრიმინალისტები მუშაობდნენ. ბევრი ვერსიაა და ამ ბიჭთან რომ ნაკლებად უნდა ჰქონოდა საქმე ფაქტია“, - გვიყვება მეზობელი.

კიდევ ერთი ადგილობრივი ამბობს, რომ არსებობს ასევე ვერსია, რომ მოკლული ახალგაზრდა კაცის ძმა, ერთ-ერთ გემის კაპიტანს ფულს სისტემატიურად სძალავდა. კაპიტანს ე.წ. საერთოში ფულის დარიცხვას აიძულებდა.

„მოკლულის ძმა ცოტა მოკრიმინალო ფიგურაა. ეს ბიჭი გვგონია, რომ შემთხვევით არის მოკლული. გამოვიდა ინფორმაცია, რომ ავთუკას ძმა სისტემატიურად 2 წლის განმავლობაში, ვიღაცა მეზღვაურს თუ კაპიტანს ფულს სძალავდა. საქმეში ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტებიც კი ყოფილან ჩართულები. ვიცით, რომ დავით ფაილოძეა დაკავებული. ამბობენ, რომ მკვლელს ოჯახთან ნათელმირონობა აკავშირებდა. მკვლელობის დროს ის სახლში შესული 4-მა ადამიანმა დაინახა. პოლიციას მოწმეები ჰყავს, რომლებმაც ის ამოიცნეს“, - ამბობს ადგილობრივი.

როგორც ცნობილია, დაკავებული დავით ფაილოძე დუმილის უფლებას იტოვებს. ამ ეტაპზე დანაშაულის იარაღს პოლიცია კვლავ ეძებს. ახალგაზრდა მამაკაცი ორდღიანი ძებნის შემდეგ მარჯანიშვილის ქუჩაზე დააკავეს. ბრალდებული დანაშაულის მოტივზე არ საუბრობს და სასამართლოში მხოლოდ ის თქვა, რომ გარეთ ყოფნას ციხეში ყოფნა ურჩევნია და გირაო არ მოითხოვა. 34 წლის კაცს 15 წლამდე პატიმორბა ემუქრება.