როგორ დაიპყრო Mini-მ მსოფლიო

როგორ დაიპყრო Mini-მ მსოფლიო

[მოამზადა გოჩა ქიმუცაძემ]

არსებობს რამდენიმე საავტომობილო ბრენდი, რომელთაც ბაზარზე თავიანთი ნიშა მყარად აქვთ ათვისებული და რომელთა პოპულარობაზე გავლენას ფაქტობრივად ვერფერი ახდენს. სწორედ ამგვარი გახლავთ Mini, რომელიც უკვე 55 წელია მთელს მსოფლიოში წარმატებით იყიდება.

ნავთობკრიზისის პირმშო

ლეგენდარული ინგლისური ავტომობილის Mini-ის დაბადება 1956 წელს ეგვიპტის გამალ აბდელ ნასერის მიერ სუეცის არხის ნაციონალიზაციას უკავშირდება. ამ მოვლენას ახლო აღმოსავლეთში ომის მოჰყვა, რომელმაც ინგლისში ნავთობის ისეთი კრიზისი გამოიწვია, რომ მასზე ბარათები შემოიღეს. ამან პატარა, მცირელიტრაჟიანი ავტომობილების მიმართ ინტერესი გაზარდა.

ჰოდა, კონცერნ British Motor Corp-ის იმდროინდელთა თავკაცმა ლეონარდ ლორდმა გადაწყვიტა ამის ესარგებლა და ცნობილ კონსტრუქტორს ალეკ ისიგონისს დაავალა ახალი, პატარა, ოთხადგილიანი მოდელი შეექმნა. ამ მოთხოვნის შესასრულებლად ისიგონისმა რევოლუციური ნაბიჯი გადადგა - პირველმა გადაწყვიტა ავტომობილში ძრავი განივად განეთავსებინა, რაც შემდგომში წინა წამყვანი თვლების მქონე ავტომობილებისათვის ნორმად იქცა. პირველი მოდელი მზად უკვე 1957 წელს იყო.

სერიული წარმოება კი ორი წლის შემდეგ დაიწყო. მაშინ მას Mini ჯერ კიდევ არ ერქვა. ახალი დასახელება მხოლოდ 1961 წელს შემოიღეს. ვერ ვიტყვით, რომ ახალი, პაწაწინა მოდელი უმალ ჰიტად იქცა, თუმცა. თანდათანობით პოპულარობა მოიპოვა და ინგლისელებისათვის იგივე მნიშვნელომა შეიძინა, რაც დანარჩენი მსოფლიოსათვის „ხოჭოს“ ჰქონდა.

Mini ყველა შესაძლო კატეგორიით იწარმოებოდა. გამოდიოდა მისი კაბრიოლეტი, ხით მოპირკეთებული უნივერსალი და ფურგონი, პიკაპი და ჯიპიც კი. ეს უკანასკნელი არმიისათვის იყო შექმნილი და, უნდა ითქვას, რომ ამ თვალსაზრისით ვერ გაამართლა, თუმცა, ძალზე პოპულარული გახდა როგორც პლაჟის ავტომობილი.

ავტომობილის პოპულარობა თანდათანობით გაერთიანებულ სამეფოს გასცდა. 1965 წლიდან დაიწყო ლიცენზირებული Mini-ის წარმოება იტალიაში, ჩილესა და ურუგვაიში. გულხელდაკრეფილი არ იყვნენ კონსტრუქტორები და ავტომობილის გაუმჯობესებისათვის ყველაფერს აკეთებდნენ. 1967 წელს ეს პაწაწინა ავტომობილის გაუმჯობესებული, 948 კუბური სანტიმეტრი მოცულობის ძრავით აღჭურვეს, რის შემდეგაც მან უპრეცედენტო სისწრაფის - საათში 145 კილომეტრის განვითარება შეძლო. ეს მოდელი უკვე სხვადასხვა რალის უცვლელი მონაწილე გახდა.

1964 წელს ისიგონისთან ერთად კომპანია Cooper Car-ის მფლობელმა ჯონ კუპერმა შექმნა მოდელი Mini Cooper S, რომელიც 1965 და 1967 წლებში მონტე-კარლოს რალის გამარჯვებული გახდა.

გერმანული Mini

პირველი თაობის Mini 1,19 მილიონი ცალი გაიყიდა და თავისი არსებობა 1967 წელს შეწყვიტა. მას მეორე თაობა ჩაენაცვლა, რომელიც მხოლოდ რადიატორის ფორმით იყო განსხვავებული. მესამე თაობის მოდელები კი, რომლებიც ასევე უმნიშვნელოდ გახლდათ განსხვავებული, კონვეიერიდან 1970 წელს ჩამოვიდა.

 ამ პერიოდში British Motor Corp-ს ფინანსური პრობლემები შეექმნა. სამწუხაროდ, მას რამდენჯერმე გაყიდვამ და ვერც ნაციონალიზაციამ ვერ უშველა. საბოლოოდ, 1988 წელს უკვე Rover Group-ად წოდებული კონცერნი British Aerospace-მ შეიძინა. თავდაპირველად, თითქოს საქმე კარგად წავიდა, მაგრამ ავტოკონცერნი მომგებიანად ვერც აეროკოსმოსურმა ტექნოლოგიებმა ვერ აქცია. საბოლოოდ, 1994 წელს Rover Group გერმანულმა ავტოკონცერნმა BMW-მ შეიძინა.

ყველა ეს ცვლილება Mini-ზე ფაქტობრივად არ ასახულა. არქაული დიზაინის და კონსტრუქციის მიუხედავად, იგი კვლავ უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა. მარტო ის რად ღირს, რომ როცა 2000 წელს BMW-მ Rover Group გაყიდა, ბრენდი Mini თავად დაიტოვა.

იქედან მოყოლებული ბავარიულმა ავტოკონცერნმა არაერთხელ განაახლა Mini-ის სამოდელო რიგი, მასში უამრავი სიახლე შეიტანა, თუმცა ძველი, განთქმული შტრიხები უცვლელად შეინარჩუნა. შედეგად, Mini-ის პოპულარობამ სულ უფრო და უფრო იმატა.