„უნდა შევქმნათ ისეთი მოცემულობა, რომ საქართველოს და ქართველი ხალხის შესახებ გადაწყვეტილებების მიღება ყოველთვის თავად ქართველმა ხალხმა შეძლოს და არა ნებისმიერმა სხვა ვინმემ. სწორედ აქ შეიძლება იყოს ეროვნული და ღირსეული, რეალურად ევროპული ღირებულებებისა და ინტერესების თანხვედრა. სწორედ ამ შემთხვევაშია შესაძლებელი ეკონომიკის ზრდა და ხალხის კეთილდღეობის უზრუნველყოფა", - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე, რომელზეც ჟურნალისტებს პარლამენტის მიერ უახლოესი ორი თვის განმავლობაში განსახორციელებელი გეგმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
„ჩვენ გავამკაცრებთ კანონმდებლობას როგორც ადმინისტრაციულ, ასევე სისხლისსამართლებრივი მიმართულებით პოლიტიკოსებზე, საჯარო მოხელეებზე, პოლიციელებზე და ა.შ. თავდასხმებთან დაკავშირებით. გავაგრძელებთ მუშაობას ყველა თავსმოხვეული საკანონმდებლო ხარვეზის აღმოსაფხვრელად იმისათვის, რომ ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას ჰქონდეს სახელმწიფოს მართვის ყველა შესაბამისი ბერკეტი და საშუალება. ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმაც, მათ შორის USAID-ის მსოფლიო მასშტაბის სკანდალმა ყველა დაარწმუნა, რომ ჩვენი ქვეყანა ბოლომდე უნდა დავიბრუნოთ და არარსებული პრობლემებით, გამოგონილი ბრალდებებით ვეღარავინ უნდა შეძლოს ჩვენი სამშობლო მუდმივი ჯანჯღარის რეჟიმში ამყოფოს", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისი თქმით, ვერავინ უნდა შეძლოს საკუთარი მავნებლური, ანტისახელმწიფოებრივი მიზნებისათვის გამოიყენოს არასრულწლოვნები თუ ახალგაზრდები ან მათი გულწრფელი ემოციები.
მამუკა მდინარაძის შეფასებით, ხელისუფლებამ უნდა შეძლოს, რომ ენჯეო-ს წარმომადგენლებად თუ პოლიტიკოსებად შეფუთული აგენტურის ანტიქართული მოქმედებების პრევენცია მოახდინოს; მოქალაქეები დაიცვას ცრუ და ქვეყნის გარედან თავსმოხვეული ანტიქართული პროპაგანდისგან; ასევე უზრუნველყოს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩაურევლობის იმგვარ სტანდარტთან თუნდაც ოდნავ მიახლოებული სტანდარტი, როგორიც, მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებშია.
„ამ მიზნით, მომდევნო ორი თვის განმავლობაში: გავამკაცრებთ ანტინარკოტიკულ პოლიტიკასა და კანონმდებლობას, სადაც სახელმწიფო ნარკოტიკის ნებისმიერი სახით გამსაღებლის მიმართ იქნება უკიდურესად მკაცრი, ხოლო მომხმარებლებს, მათი ყველა უფლების დაცვასთან ერთად, უბიძგებს უარი თქვან ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებაზე; ასევე მათივე უფლებების განუხრელი დაცვის პარალელურად, გავამკაცრებთ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებას, გამკაცრდება მიგრაციის შესახებ კანონმდებლობაც.
აბსოლუტურად ყველა კანონიდან და კანონქვემდებარე აქტიდან ამოღებული იქნება ნორმები, რომლებიც ითვალისწინებს საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების სავალდებულო მონაწილეობას; შეიზღუდება საჯარო სამსახურში უცხოური წყაროებიდან დაფინანსებული სარგებლის მიღება.
დავიწყებთ მუშაობას მედიის კანონზე, რითაც დადგინდება მედიის ობიექტურობის, აგრეთვე ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები. განისაზღვრება აღნიშნული სტანდარტების მონიტორინგისა და დაცვის ინსტიტუციური მექანიზმი, შეიზღუდება მედიასაშუალებების დაფინანსება უცხოური წყაროებიდან (ბუნებრივია, ეს არ შეეხება კომერციული რეკლამიდან მიღებულ შემოსავლებს).
დავაინიცირებთ კანონპროექტს, რომელიც იქნება ამერიკული ,,ფარას'' დღეს მოქმედი რედაქციის პირდაპირი ასლი და უზრუნველვყოფთ მის სრულფასოვან ამოქმედებას. პარალელურად მთავრობა შექმნის ფონდს საზოგადოებრივი ორგანიზაციების ინიციატივების დასაფინანსებლად, რისთვისაც „გრანტების შესახებ" კანონში ცვლილებები შევა. საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, რომლებსაც სურთ, უზრუნველყონ არა უცხოური, არამედ ქართველი ხალხის გავლენის გატარება საქართველოში, შეეძლებათ მიიღონ საგრანტო დაფინანსება საქართველოს მთავრობისგან", - განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რაც უფრო მეტი იქნება წნეხი, ზეწოლა, შანტაჟი და საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფის, არეულობის და ქაოსის მცდელობები, მით უფრო მკაცრი იქნება რეაგირება ამ ყველაფერზე და გაგრძელდება, მათ შორის, როგორც სამართლებრივი, ასევე პოლიტიკური რეაგირება.
„ყველა ღონეს მივმართავთ, რომ მოხდეს ამ ყველაფრის პრევენცია, რომ ქვეყანა აღარასდროს დაექვემდებაროს შანტაჟს, მისი ინსტიტუტები იყოს ძლიერი და ვერავინ ვეღარასოდეს გაბედოს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა, მისი დამოუკიდებლობის ხელყოფა და ქართველი ხალხის გადაწყვეტილებების უპატივცემულობა", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.