ლევან დავითაშვილი: ყაზახეთთან თითოეული უმაღლეს დონეზე გამართული შეხვედრა  დიდი ბიძგის მიმცემია ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურებისთვის

ლევან დავითაშვილი: ყაზახეთთან თითოეული უმაღლეს დონეზე გამართული შეხვედრა  დიდი ბიძგის მიმცემია ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურებისთვის

ყაზახეთთან თითოეული უმაღლეს დონეზე შეხვედრა  დიდი ბიძგის მიმცემია ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურებისთვის, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, ყაზახეთში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით,   ეკონომიკის სამინისტროს ყაზახეთთან მნიშვნელოვან ინვესტიციებზე და საინვესტიციო პროექტებზე აქვს მოლაპარაკებები.

„ყაზახეთი საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორია, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ სავაჭრო-ეკონომიკური პოტენციალი სრულად არ გვაქვს ათვისებული ამ ქვეყანასთან. ამიტომ, თითოეული შეხვედრა უმაღლეს დონეზე ძალიან დიდი ბიძგის მიმცემია ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურებისთვის. დღესაც ჩვენ შეხვედრაზე დავფარეთ ფაქტობრივად, ეკონომიკური თანამშრომლობის ყველა საკითხი, რომელიც ეხებოდა ვაჭრობას, ორივე ქვეყნიდან ვაჭრობის ზრდის დიდი პოტენციალი არსებობს და ამაზე პრემიერ-მინისტრებმა დეტალურად ისაუბრეს. ჩვენ ასევე განვიხილეთ თანამშრომლობა საინვესტიციო მიმართულებით და მართლაც, საქართველოში ყაზახეთიდან წლების განმავლობაში ხორციელდება მნიშვნელოვანი ინვესტიციები, თუმცა ეკონომიკის სამინისტროს ძალიან მნიშვნელოვან ინვესტიციებზე და საინვესტიციო პროექტებზე მოლაპარაკებები გააჩნია ყაზახეთთან, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს მზარდი ტენდენცია, რომელიც საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კუთხით ყაზახეთიდან გვაქვს, მომავალ წლებში შენარჩუნდება. ჩვენ, განსაკუთრებით, ველოდებით 2026-2027 წლებიდან იმ პროექტებში ინვესტიციებს, რომლებზეც ახლა მიდის მუშაობა.

ასევე ჩვენ შევეხეთ სატრანსპორტო-ლოგისტიკურ სფეროში თანამშრომლობას და აქაც, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პოტენციალი ძალიან დიდია. ყაზახეთი და საქართველო, ორივე, ე.წ. შუა, ანუ ცენტრალური დერეფნის უმნიშვნელოვანეს ელემენტს წარმოადგენს. ამ კუთხით თანამშრომლობა რკინიგზებს და სხვადასხვა უწყებებს შორის არის ყოველდღიურ რეჟიმში. დღევანდელი შეხვედრის დროსაც აღინიშნა ამ შესაძლებლობების კიდევ უფრო ზრდის მნიშვნელობაზე. მაღალ დონეზე კოორდინაცია ხელს შეუწყობს ტვირთნაკადის ზრდას შუა დერეფანში, ზოგადად, საქართველოს მიმართულებით შუა აზიიდან დამატებით ტვირთების წამოსვლას, მათ შორის, საუბარია იგივე სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან მულტიმოდალური სარკინიგზო გადაზიდვების ორგანიზებაზე.

ჩვენ საუბარი გვქონდა ასევე ტურიზმის სფეროში თანამშრომლობაზე. მზარდია ტურისტული ნაკადი ყაზახეთიდან საქართველოში. 2024 წელს 180 000-ზე მეტი ვიზიტორი გვყავდა ყაზახეთიდან და ეს ტენდენცია იმედი გვაქვს, რომ შენარჩუნდება", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.