მრავალრიცხოვანი რადიკალური, ვოუქისტური, დეზინფორმაციის გამავრცელებელი პარტიებისა და ორგანიზაციების დაფინანსების გამო, NED-ი მართლაც შეიძლება, თაღლითური ორგანიზაცია იყოს, – წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.
იგი მიმოიხილავს, NED-იდან როგორ და ვინ ცდილობდა საქართველოში სიტუაციის არევას.
„მას შემდეგ, რაც, როგორც იქნა, NED-ის საკითხი აშშ-ს შიდა პოლიტიკურ დღის წესრიგში დადგა, უნდა გავიხსენოთ, NED-იდან როგორ და ვინ ცდილობდა საქართველოში სიტუაციის არევას.
2020 და 2021 წლებში NED-ი პირდაპირ ერეოდა ქართულ პოლიტიკაში, თითქოსდა „დამოუკიდებელი“ ტელეკომპანია „პირველის“ დაფინანსებით, თითქოსდა მედიის თავისუფლებისა და გამჭვირვალობის გაზრდისთვის. თუმცა, ამ კომპანიას ფლობდნენ და მართავდნენ რადიკალური პოლიტიკური პარტია „ლელო“ და ოლიგარქი ხაზარაძე და მიზნად ისახავდა საქართველოს დემოკრატიულად არჩეული მთავრობის დამხობას.
2021 წლის ადგილობრივ არჩევნებამდე, NED-ის დაფინანსებით, ტელეკომპანია „პირველმა“ გაუშვა პანიკის დამთესავი (ახლა უკვე დადასტურებულად) ყალბი გამოძიებების სერია ორი ახალგაზრდის, ბაჩალიაშვილისა და შაქარაშვილის გარდაცვალების შესახებ, მიზანმიმართულად შეცდომაში შეჰყავდა საზოგადოება, ამ გარდაცვალებებს აკავშირებდა მთავრობის ქმედებებთან ან სავარაუდო გამოძიების ნაკლებობასთან.
უფრო მეტიც, NED-მა უარი განაცხადა იმ არასამთავრობო ორგანიზაციების სახელების გამჟღავნებაზე, რომლებმაც 2021 წლის შემდეგ, ამერიკელი გადასახადების გადამხდელების ფული მიიღეს NED-ის მეშვეობით. მიუხედავად ჩვენი მრავალჯერადი მოთხოვნისა და მათი დაპირებებისა, NED-ის ხელმძღვანელობამ, მათ შორის NED-ის მაშინდელმა თავმჯდომარემ, კენ ვოლაკმა და რეგიონულმა დირექტორმა მირიამ ლანსკოიმ, არასდროს მოგვაწოდეს თუნდაც მიახლოებითი ინფორმაცია NED-ის ოპერაციების მასშტაბისა და ქართულ პოლიტიკაში ჩარევის შესახებ.
რადიკალური ოპოზიციის მიერ გასულ წელს მოწყობილი საპროტესტო აქციების დროს, NED-ის პრეზიდენტმა, დეიმონ უილსონმა პირადად მიმართა ქუჩაში შეკრებილ ხალხს სიტყვით, რომელიც სერიალ „სამშობლოს“ ესთეტიკას მოგვაგონებდა, სრული მხარდაჭერა აღუთქვა მათ მაშინ, როდესაც ანტისამთავრობო პროტესტები ძალადობრივ ხასიათს იღებდა.
ეს მხოლოდ აისბერგის წვერია, რაც ჩვენთვის ცნობილია. მრავალრიცხოვანი რადიკალური, ვოუქისტური, დეზინფორმაციის გამავრცელებელი პარტიებისა და ორგანიზაციების დაფინანსების გამო, NED-ი მართლაც შეიძლება, თაღლითური ორგანიზაცია იყოს“, – წერს შალვა პაპუაშვილი.
კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელმა და ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა განაცხადა, რომ დემოკრატიის ეროვნული ფონდი (NED) თაღლითობაა. „უკიდურესად შემაშფოთებელია. NED-ი გაჟღენთილია კორუფციით!“ - აღნიშნა მასკმა.
მან ასევე მოუწოდა სოციალური ქსელის მომხმარებლებს ჩამოთვალონ ყველა ის ბოროტება, რაც NED-მა ჩაიდინა. მასკის თქმით, ორგანიზაციის მიერ ჩადენილი ბოროტების სია გრძელია.