სოზარ სუბარი სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე: აქეზებენ მზია ამაღლობელს, რომ ბოლომდე მიიყვანოს თავისი შიმშილობა, რადგან მსხვერპლი რომ სჭირდებათ, თუნდაც, ამ მსხვერპლად გამოადგეთ

სოზარ სუბარი სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე: აქეზებენ მზია ამაღლობელს, რომ ბოლომდე მიიყვანოს თავისი შიმშილობა, რადგან მსხვერპლი რომ სჭირდებათ, თუნდაც, ამ მსხვერპლად გამოადგეთ

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, „ხალხის ძალის“ ლიდერი სოზარ სუბარი სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ „მზია ამაღლობელი ძალიან ძლიერი იარაღია”.

„პრეზიდენტი ხალხთან კი არა, ხალზე მაღლა უნდა იყოსო - ასე მაღლიდან უყურებს ის [სალომე ზურაბიშვილი] საქართველოს და ქართველ ხალხს. თუმცა, მზია ამაღლობელთან დაკავშირებით რა განცხადებაც გააკეთა, ფაქტობრივად კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ ის ადამიანებს ადამიანებად არ აღიქვამს. ისინი აქეზებენ მზია ამაღლობელს, რომ ბოლომდე მიიყვანოს თავისი შიმშილობა, რადგან მსხვერპლი რომ სჭირდებათ, თუნდაც, ამ მსხვერპლად გამოადგეთ”, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

აღნიშნული განცხადება სალომე ზურაბიშვილმა გამოცემა „ბათუმელებთან“ ინტერვიუში გააკეთა.

პატიმრობაში მყოფი მზია ამაღლობელი შიმშილობს. მის გათავისუფლებას ითხოვენ პროტესტის მონაწილეები.

„ბათუმელების“ დამფუძნებლისა და დირექტორის მზია ამაღლობელის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამაღლობელი, ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან, აქციაზე 11 იანვარს დააკავეს. პირველ ჯერზე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემდეგ ის ხელწერილით გაათავისუფლეს, შემდეგ კი ამაღლობელმა სამართალდამცველს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა - ხელი გაარტყა, რის შემდეგაც ის ისევ დააკავეს.