შეიძლება რამდენიმე ასეული ადამიანი შემოიყვანო კონკრეტულ მენეჯერულ პოზიციებზე საზღვარგარეთიდან, მაგრამ ვინც უნდა შეასრულოს პროექტი, დარწმუნებული ვარ, დიდი ნაწილი საქართველოს მოქალაქეები იქნებიან, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ კომპანია „არქის“ დამფუძნებელმა ილია წულაიამ 6 მილიარდიან ინვესტიციასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, სხვანაირად კანონმდებლობაც არ უშვებს.
„ბუნებრივია, როდესაც ამხელა ინვესტიცია შემოდის, კონკურენციას გამოიწვევს ბაზარზე, უფრო მეტი დასაქმებული[იქნება], უფრო მეტი ხელფასი და ალბათ უძრავი ქონების ფასის ზრდასთან ერთად, როდესაც ამ პროექტის განხორციელება დაიწყება, სავარაუდოდ გაიზრდება მუშა-ხელის და ხელფასების ზრდაც, ამ სფეროში“, - აღნიშნა ილია წულაიამ.
საქართველოს ისტორიაში უმსხვილესი ინვესტიცია - დეველოპერული კომპანია Emaar Properties/Eagle Hills-ი საქართველოში 6 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიციას განახორციელებს, - თანამშრომლობის მემორანდუმი კომპანიასა და ქართულ მხარეს შორის აბუ-დაბიში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა.