ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის შეთავაზება უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ „გარღვევას“ წარმოადგენს პოტენციური სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად.
თეთრ სახლში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ევროპელ ლიდერებთან მრავალმხრივი შეხვედრისას, რუტემ ტრამპს მიმართა: „ის ფაქტი, რომ თქვენ თქვით, "მე მზად ვარ მონაწილეობა მივიღო უსაფრთხოების გარანტიებში", დიდი ნაბიჯია, ეს მართლაც გარღვევაა და ეს ყველაფერს ცვლის. ამიტომ, ამისთვისაც მადლობას გიხდით“.
მანამდე, ოვალურ კაბინეტში ზელენსკისთან შეხვედრისას, ტრამპმა პირდაპირ არ გამორიცხა უკრაინაში ამერიკელი ჯარების გაგზავნა პოტენციური სამშვიდობო შეთანხმების შესანარჩუნებლად.
„ამის შესახებ, შესაძლოა, დღეს მოგვიანებით შეგატყობინებთ“, - განაცხადა ტრამპმა.
რუტემ ასევე მადლობა გადაუხადა ამერიკელ პრეზიდენტს „ჩიხიდან გამოსვლისთვის“ და ვლადიმირ პუტინის სამშვიდობო მოლაპარაკებების მაგიდასთან წარმატებით მოყვანისთვის.