ეკონომისტები თანხმდებიან, რომ სავალუტო ბაზარზე საგანგაშო არაფერი ხდება, მაგრამ ვითარება საყურადღებოა

ეკონომისტები თანხმდებიან, რომ სავალუტო ბაზარზე საგანგაშო არაფერი ხდება, მაგრამ ვითარება საყურადღებოა

პოლიტიკური ვითარება თანდათან სტაბილურობისკენ მიდის. ქვეყანაში რაიმე ტიპის დაძაბულობის ზრდა პრაქტიკულად გამორიცხულია. ეს ეკონომიკაზეც მოახდენს დადებით გავლენას და პროცესიც აქტიურ რეჟიმს დაუბრუნდება. ერთ-ერთი მყიფე წერტილი ახლა ლარის კურსია. ეროვნული ვალუტა წლის დასაწყისიდან თითქოს შეუმჩნევლად, მაგრამ მაინც უფასურდება და უკვე 2,85-იან ნიშნულს გადააბიჯა. 

ანალიტიკოსები სავალუტო ბაზარზე არსებულ ვითარებას საყურადღებოს უწოდებენ, მაგრამ საგანგაშოს ვერაფერს ხედავენ. ლარის მერყეობას თავისი კონკრეტული მიზეზი აქვს და ის უფრო საზოგადოებაში გაჩენილ მოლოდინს უკავშირდება.

ეკონომისტი ოთარ ანგურიძე უკვე აღარ ელოდება გაუაფასურებას და დარწმუნებულია, რომ ლარის სტაბილურობის შენარჩუნება მოხერხდება.

„ლარის მეტად გაუფასურებას არ ველოდები. დღეს რა სურათიც გვაქვს და რაც ბოლო 4-5 თვეში ვნახეთ, დავრწმუნდით, რომ ეროვნული ბანკი ისეთი მოწოდების სიმაღლეზეა, როგორზეც მანამდე არ ყოფილა. როდესაც ლარი კურსი უფასურდება არა მაკროეკონომიკური ფაქტორების გათვალისწინებით, არამედ აჟიოტაჟური ან ცრუ მოლოდინის შექმნის საფუძველზე, ეროვნული ბანკი ბაზარზე მყისიერად ერევა და იჭერს იმ წონასწორულ ნიშანს, რომელიც ბუნებრივ მოცემულობაში უნდა იყოს.

ლარის მეტ გაუფასურებას აღარ ველოდები, ერთი მხრივ, როგორც ვთქვით, ეროვნული ბანკის სიძლიერიდან გამომდინარე და მეორე მხრივ, ეკონომიკის მოსალოდნელი გაუმჯობესების, გაჯანსაღების პირობების გათვალისწინებითაც“, - განაცხადა ანგურიძემ.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, რაც ეროვნულ ვალუტა უარყოფითად მოქმედებს, სანქციების შიშია. მართალია, ამერიკიდან ეს საფრთხე თითქოს მოიხსნა, მაგრამ ევროპა ჯერ კიდევ აქტიურობს. აკადემიკოსი ლადო პაპავას აზრით, ლარის გაუფასურება მხოლოდ სანქციების მოლოდინთან არ არის დაკავშირებული. ის ირიბად ბმაშია იმ სიტუაციასთან, რაც ქვეყანაში ხდება.

„ჩვენ ვხედავთ, რომ თითქმის ორი თვეა იმართება ყოველდღიური საპროტესტო აქციები. აქციები გარკვეულ საფრთხეებს ქმნის, თუ როგორ განვითარდება მოვლენები. ბუნებრივია, ადამიანები ცდილობენ, თავი დაიზღვიონ, რისკები შეამცირონ და დანაზოგი გადაიყვანონ უცხოურ ვალუტაში. ამით კიდევ უფრო ზრდიან მოთხოვნას უცხოურ ვალუტაზე და ხელს უწყობენ ლარის გაუფასურებას.

მეორე მხრივ როდესაც სანქციებზეა საუბარი, ეს ზრდის რისკებს. რისკის დაზღვევა როგორ ხდება - პირველ რიგში, ადამიანები და ბიზნესი ცდილობს თავისი ანგარიშები, დანაზოგები გადაიყვანონ სტაბილურ ვალუტაში. ასეთი ვალუტაა დღეს აშშ დოლარი. ბუნებრივია, ეს აისახება ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსზე და ჩვენ ამას ვხედავთ, მაგრამ აქაც სიტუაცია დრამატული ნამდვილად არ არის

ლარს ცუდი არაფერი ემუქრება, თუ სიტუაცია არ შეიცვალა და იგივე მდგომარეობაში დარჩა ქვეყანაში, როგორშიც დღესაა“, - აღნიშნა ბიზნესპრესნიუსთან პაპავამ.

არსებულ რეალობას ადასტურებს უმსხვილეს ბანკთან დაკავშირებული ანალიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელიც. თიბისი კაპიტალის მთავარი ეკონომისტი ოთარ ნადარაია მიიჩნევს, რომ უცხორ ვალუტაში გადაყვანილი თანხები გაჩერებული და აკუმულირებულია.

დღეს, ეს თანხები არის აკუმულირებული კომპანიების და მოსახლეობის ხელში. ჩვენი შეფასებით, შეიძლება ეს იყოს 1 მილიარდზე მეტი, იმ ტენდენციასთან შედარებით, რაც მანამდე იყო. ნოემბერი იყო თვე, როდესაც ეს ტენდენცია შემოტრიალდა და სებ-ს ჰქონდა საშუალება დაახლოებით 100-150 მლნ დოლარი ეყიდა. მიმდინარე პერიოდში რა ინფორმაციაც გვაქვს, არ იკვეთება, რომ მეტ-ნაკლებად სტაბილური ლარი, რაც დღეს არის, იმის ხარჯზეა, რომ სებ კვლავ ყიდის რეზერვებს, უფრო პირიქითაა, - განაცხადა ოთარ ნადარაიამ.