შიმშილი მსოფლიო რეალობა ხდება

შიმშილი მსოფლიო რეალობა ხდება

[მოამზადა გოჩა ქიმუცაძემ]

მთელს მსოფლიოში სურსათი სულ უფრო და უფრო ძვირდება და თანდათანობით სარეკორდო ნიშნულს აღწევს. აღსანიშნავია, რომ გაეროს მონაცემებით, ფასები უკვე რვა თვეა ზედიზედ, იზრდება. ამჟამინდელი მონაცემებით, სურსათის სამომხმარებლო ინდექსი 231 პუნქტია. ეს კი 1990 წლის შემდეგ, როცა გაერომ აღნიშნული ინდექსის გამოთვლა დაიწყო, მაქსიმალური ნიშნულია.

აღსანიშნავია, რომ მარტო იანვრის თვეში ხორბლეული 3 პროცენტით, ზეთოვანი კულტურები 5,6, რძის პროდუქტები 6,2, შაქარი კი 5,4 პროცენტით გაძვირდა. ეს ერთგვარი ტენდენციის გაგრძელება გახლავთ, რომელიც გასული წლის შემოდგომაზე დაიწყო. ჯერ იყო და მთელს მსოფლიოში სტიქიურმა უბედურებებმა მოუსავლიანობა განაპირობა, შემდეგ კი ყველაფერს ენერგომატარებლებზე ფასების ზრდაც დაემატა. თანაც, კვების პროდუქტებზე ფასები გარკვეულწილად ერთმანეთზეა დამოკიდებული.

სხვათა შორის, სწორედ საკვები პროდუქტის გაძვირება და მისგან გამომდინარე სიდუხჭირე გახდა ტუნისსა და ეგვიპტეში სახალხო მღელვარების მიზეზი. ცხადია, საფუძველი კარგა ხანია არსებობდა, მაგრამ ეს ერთგვარი ნაპერწკალი იყო. სხვათა შორის, წინა, 2008 წელში დაფიქსირებულმა ფასების მსგავსმა ზრდამ არაერთ ქვეყანაში ასევე პროტესტის ტალღა გამოიწვია. თანაც, ანალიტიკოსთა ვარაუდით, ამგვარი ტენდენცია კიდევ მრავალი თვის განმავლობაში შენარჩუნდება. ტყუილად როდი ურჩია მსოფლიო ბანკის თავკაცმა რობერტ ზელიკმა პირველ რიგში სასურსათო პრობლემების მოგვარებაზე იზრუნონ.

გაეროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მსოფლიოში უკვე მილიარდზე მეტი ადამიანი შიმშილობს და ეს ციფრი თუ არ გაიზრდება, ნამდვილად არ შემცირდება. ანუ, შიმშილი მსოფლიო რეალობა ხდება. უნდა ითქვას, რომ ამგვარი დასკვნები ეფუძნება ორი წლის განმავლობაში 35 ქვეყნის წარმომადგენელი 400 სწავლულის მიერ ჩატარებულ კვლევას „ფერმერობის და სასურსათო პროგრამების მომავალი“. დიახ, სხვადასხვა ქვეყანაში და საერთაშორისო ორგანიზაციაში ამ პრობლემაზე დიდი ხანია მსჯელობენ.

კვლევის ავტორთა აზრით, თუ ძალიან მალე არ შემუშავდება სასურსათო წარმოების გაზრდის რადიკალური მეთოდები, მომავალ ათასწლეულებში მსოფლიოს ჰუმანიტარული კატასტროფა ელის. საქმე ისაა, რომ ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა კლიმატის ცვლილება, წყლის დეფიციტი და ენერგომატარებლების გაძვირება, კვლავინდებურად დიდი დოზით იარსებებს, საკვებზე მოთხოვნილება კი მოიმატებს. კერძოდ, 2050 წლისათვის, დედამიწის მოსახლეობა 9 მილიარდამდე გაიზრდება და მათ გამოსაკვებად სურსათის წარმოების გაორმაგება იქნება საჭირო.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთელს მსოფლიოში სწრაფი ტემპით გრძელდება ურბანიზაცია. სავარაუდოდ, 20 წლის შემდეგ ქალაქებში იცხოვრებს მსოფლიოს მოსახლეობის 65-70 პროცენტი. ეს კი, ცხადია, ფერმერობის განვითარებისათვის დიდი დარტყმაა.

როგორც წესი, სოციალურ-ჰუმანიტარული კატაკლიზმები პრობლემატურია არა მარტო ამა თუ იმ ქვეყნის სტაბილურობისათვის, არამედ სრულიად მსოფლიო წესრიგისათვის. მაგალითად, მოშიმშილე სომალი მეკობრეების თავშესაფარია, შავ დღეში მყოფი ავღანეთი ტერორისტების და ა.შ.

ასე რომ, საერთაშორისო ორგანიზაციები და განვითარებული ქვეყნები ტყუილად როდი განიცდიან ასე ძლიერ ამ პრობლემის არსებობას. სხვათა შორის, გაერო სწორედ ეკონომიკურად ძლიერ ქვეყნებს მოუწოდებს ამ საერთო პრობლემის მოსაგვარებლად მილიარდები გაიღონ, მაგრამ ჯერჯერობით, ქმედითი ნაბიჯების გადადგმისაგან ყველა თავს იკავებს.