როგორ გაუსწრო ჩინეთმა იაპონიას

როგორ გაუსწრო ჩინეთმა იაპონიას

[მოამზადა გოჩა ქიმუცაძემ]

იაპონიის ეკონომიკამ პირველად უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში მსოფლიოში მეორე ეკონომიკის წოდება დაკარგა და იგი ჩინეთს დაუთმო. ეს ცნობილი გახდა გასული წლის სტატისტიკის გამოქვეყნების შემდეგ, რომლის მიხედვითაც ქვეყნის შიდა პროდუქტის მოცულობა 2,6 პროცენტით გაიზარდა და 5,474 ტრილიონი დოლარი შეადგინა. ამ დროს კი ჩინეთისა 5,879 ტრილიონი დოლარი გახლავთ.

მსოფლიო ეკონომიკაში იაპონია მეორე ადგილზე ძალიან დიდ ხანს, 1980 წლის შემდეგ იყო, როცა მისი შიდა პროდუქტის მოცულობამ ტრილიონ დოლარს მიაღწია. სხვათა შორის, მაშინ ამომავალი მზის ქვეყანამ საბჭოთა კავშირს გაუსწრო. იმ პერიოდში, განვითარებულ სახელმწიფოებს შორის იაპონია ყველაზე დინამიურად განვითარებადი ქვეყანა იყო.

ამგვარი სიტუაცია შენარჩუნდა 80-იანი წლების ბოლომდე, როცა იაპონიის ეკონომიკამ ამერიკის ნახევარი შეადგინა. მაშინ ბევრი სპეციალისტი ამომავალი მზის ქვეყანას ძალიან მალე მსოფლიო ლიდერად გახდომას უწინასწარმეტყველებდა. სხვათა შორის, ამერიკელები გვარიანად ნერვიულობდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ტოკიო ვაშინგტონის მოკავშირე იყო.

80-იანი წლების დასაწყისში კი ჩინეთი, სადაც დენ სიაოპინის რეფორმები ის იყო იწყებოდა, პირიქით, ჩამორჩენილი და აგრარული ქვეყანა იყო. გარკვეული ინდუსტრიალიზაცია უკვე გატარებული იყო, მაგრამ დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებთან და, მით უმეტეს, იაპონიასთან, ჩინეთის შედარება წარმოუდგენელი იყო. კერძოდ, ჩინეთის ეკონომიკა 200 მილიარდი დოლარი თუ იქნებოდა, რაც იაპონიის შიდა პროდუქტის მეხუთედი იყო.

90-იანების დასაწყისში ეს განსხვავება კიდევ უფრო გაიზარდა, როცა იაპონიის ეკონომიკის მოცულობა 3 ტრილიონ დოლარს ასცდა, ჩინეთისა კი მხოლოდ 390 მილიარდი იყო. აქ საქმე მარტო სწრაფ განვითარებაში კი არ არის, მნიშვნელოვანი როლი იენის გაძვირებამაც ითამაშა, ჩინეთმა კი პირიქით, ამ პერიოდში ექსპორტის მხარდასაჭერად თავისი ვალუტის დევალვაცია განახორციელა და „იაფი იუანის“ პოლიტიკის გატარება დაიწყო. ყველაფერი ეს, ცხადია, ორივე ქვეყნის შიდა პროდუქტის მოცულობაზე აისახა.

ამ დროს იაპონიის განვითარებული ეკონომიკა მძიმედ დასნეულდა. 1990 წლის კრიზისს ნამდვილი ხანგრძლივი დეპრესია მოჰყვა. შედეგად, იაპონიის ეკონომიკა შემდგომი 20 წლის განმავლობაში მხოლოდ 25 პროცენტით გაიზარდა. თუმცა, იენის გაძვირების გაგრძელების გამო, ეს შიდა პროდუქტის მოცულობის გამოთვლაზე არ ასახულა. ამიტომაც იყო, რომ 1994 წელს იაპონიის ეკონომიკა ჩინეთისაზე 9-ჯერ დიდი იყო. ეს განსხვავება ისტორიული მაქსიმუმი გახლავთ.

მაგრამ იენის კურსი მუდმივად ვერ გაიზრდებოდა. 90-იანი წლების შუიდან იაპონიის შიდა პროდუქტმა შემცირება დაიწყო, ჩინეთმა კი, პირიქით, ტემპს მოუმატა და 1998 წელს საერთო აზიური ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, მისმა ეკონომიკამ ტრილიონ დოლარს მიაღწია. კიდევ ორი წლის შემდეგ ჩინური ეკონომიკა იაპინურს მხოლოდ მეოთხედითღა ჩამორჩებოდა.

ამ დროისათვის ჩინეთმა ინდუსტრიალიზაცია უკვე დაამთავრა და არაერთ სფეროში მსოფლიო ლიდერი გახდა. თანაც, თანდათანობით მისი ეკონომიკა არა მარტო რიცხობრივად, არამედ ხარისხობრივად იზრდებოდა. უცხოელი ინვესტორებიც ჩინეთს სულ უფრო და უფრო მასიურად ეტანებოდნენ. იაპონია კი სტაგნაციას აგრძელებდა. მაგალითად, მისი შიდა პროდუქტი ბოლო 10 წლის განმავლობაში მხოლოდ 15 პროცენტით გაიზარდა. ჩინეთის ეკონომიკა კი, საშუალოდ, წლიურ 10 პროცენტიან ზრდას აჩვენებდა. და ეს კრიზისების მიუხედავად.

შედეგად, ჩინეთმა, რომელმაც ახალი ათასწლეული ეკონომიკის მოცულობის მხრივ მსოფლიოში მეშვიდე ადგილზე დაიწყო, კონკურენტები ერთი-მეორის მიყოლებით უკან ჩამოიტოვა. კერძოდ, 2000 წელს გაუსწრო იტალიას, 2005 წელს საფრანგეთს, 2006 წელს დიდ ბრიტანეთს, 2007 წელს კი გერმანიას. რომ არა საკრედიტო კრიზისი, ჩინეთი იაპონიას ერთი წლის წინ გაუსწრებდა, მაგრამ საბოლოოდ, მოსახდენი მაინც მოხდა.

ასე რომ, წინ ამერიკაა, რომლის შიდა პროდუქტის მოცულობა 14,6 ტრილიონი დოლარია. ანუ, თითქმის სამჯერ მეტი. ცხადია, ეს ძალიან სერიოზული განსხვავებაა, მაგრამ ისიც გავიხსენოთ, რომ 1980 წელს აშშ-ს ეკონომიკა ჩინურს 14-ჯერ აღემატებოდა. ამიტომაც არის, რომ ეჭვი თითქმის არავის ეპარება, რომ ჩინელების მსოფლიო ეკონომიკის ლიდერის პოზიციაზე აღზევება გარდაუვალია.