10 დეკემბერს მეტრო სადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტში“ მომხდარი შემზარავი დანაშაულის ირგვლივ გამოძიება კვლავ ეძებს კითხვაზე პასუხს, რა გახდა 30 წლის ლაშა ამირეზაშვილის მკვლელობის მიზეზი. სწორედ ეს კითხვა აინტერესებს ახალგაზრდა კაცის ოჯახს და ახლობლებს. რატომ გაიმეტა მეტრო სადგურში ახალგაზრდა კაცი სიკვდილისთვის 36 წლის ბექა მინდიაშვილმა? ის უკვე დაკავებულია და დროებითი მოთავსების იზოლატორშია, ხოლო ბრალის ოფიციალურად წარდგენას ელოდება. მას ადვოკატი უკვე შეხვდა. ის ამ ეტაპზე მკვლელობსი მიზეზზე არ საუბრობს. სავარაუდოდ, ის დუმილს სასამართლოზე დაარღვევს.
კაცმა ლაშა ამირეზაშვილს ხელი იმ დროს ჰკრა, როცა მატარებელი უკვე სადგურში შემოდიოდა. ახალგაზრდა კაცის დახმარება ვერავინ მოასწრო. ვერც მატარებლის მძღოლმა შეძლო დამუხრუჭება. ამიტომ 30 წლის ლაშა ამირეზაშვილი ადგილზევე დაიღუპა. უმძიმესი ტრაგედიის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელშიც გავრცელდა. თვითმხილველები ჰყვებიან, რომ დამნაშავე 36 წლამდე ახალგაზრდა მამაკაცია, რომელიც მოკლულ ლაშა ამირეზაშვილს არ იცნობდა. გაჩნდა ვერსია, რომ ის ან არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა დანაშაულის ჩადენის დროს, ან ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს. თვითმხილველები ყვებიან, რომ მამაკაცმა შემთხვევის ადგილიდან გაქცევა სცადა, მაგრამ ის მეტროს თანამშრომელმა ქალმა და კიდევ ერთმა მოქალაქემ პოლიციის მისვლამდე დააკავა.
„კადრებშიც კარგად ჩანს და თვითმხილველებიც ყვებოდნენ, რომ ბიჭი თავისთვის იდგა. სრულიად მოულოდნელად უკნიდან ახალგაზრდა კაცი მიეპარა და ხელი ჰკრა. თანაც იმ დროს, როცა ბაქანზე უკვე მატარებელი შემოვიდა. ატყდა ყვირილი და ჩოჩქოლი. ხალხი ბიჭის ამოყვანას ცდილობდა. ის კი ზურგით იყო დავარდნილი და, დიდი ალბათობით, დავარდნის დროს გაითიშა. ის უძრავად იწვა და ხალხი ეძახდა, რომ ამოსულიყო, ან გაქცეულიყო. ვიღაც ბიჭიც მირბოდა მის ამოსაყვანად, მაგრამ ვერ მოასწრო, მატარებელი უკვე შემოსული იყო. ეს იყო წარმოუდგენელი კოშმარი.
ხალხის განწირული ხმა მესმოდა. მკვლელი კი, ამბობენ, რომ ამ დროს უაზროდ იცინოდა და არაადეკვატურად იქცეოდა. ერთი ვერსიის მიხედვით, ის შესაძლოა, არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფილიყო, ან ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს. დამნაშავე მეტროს თანამშრომელმა და მოქალაქეებმა დააკავეს. ის გაქცევას შეეცადა. მშვენივრად მიხვდა, რაც ჩაიდინა და გაქცევა გადაწყვიტა. რატომ მივარდა მაინც და მაინც ამ ბიჭს, არავინ იცის. ალბათ, არ ჰქონდა მისთვის მნიშვნელობა. ასე მოუვიდა თავში და ეს საშინელება გააკეთა. მატარებლის მძღოლი შოკში იყო, კაცი ტიროდა, ვერ ჩერდებოდა. ვერ შეძლო დამუხრუჭება, შეუძლებელი იყო. მას თურმე შვილი ჰყოლია ახალი გარდაცლილი და ეს კიდევ ორმაგი ტრაგედია აღმოჩნდა“,-უყვება for.ge-ს მეტროს თანამშრომელი.
მოკლული 30 წლის ლაშა ამირეზაშვილი კი კასპის რაიონის სოფელ ხანდაკიდან არის. ადგილობრივები for.ge-სთან ჰყვებიან, რომ ახალგაზრდა ბიჭი თბილისში დრო და დრო სამუშაოდ ჩამოდიოდა. მას საკმაოდ კარგ და გაწონასწორებელ ახალგაზრდად მოიხსენიებენ. მათი ინფორმაციით, ბიჭი თავდამსხმელს არ იცნობდა და ეს არის სრულიად შემთხვევით ჩადენილი დანაშაული. თუმცა დამატებით დეტალებს მაინც გამოძიებისგან ელიან და ფიქრობენ, რომ უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი.
„ოჯახმაც არაფერი არ იცის, ეს იყო თავზე მეხის დაცემა. ახალგაზრდა ბიჭის ასეთ მკვლელობა სოფლისთვის, ოჯახისთვის, ქვეყნისთვის დიდი ტრაგედიაა. როგორც ვიცით, საერთოდ არ იცნობდნენ ერთანეთს. ბიჭს თავს მოულოდნელად დაესხა, კადრებშიც კარგად ჩანს. დედა და მამა გაგიჟებულები არიან. ერთი და ჰყავს. მთელი სოფელი დასტირის მას და ველით გამოძიება რას დაადგენს. თბილისში დრო და დრო სამუშაოდ ჩადიოდა. სულ ორი დღის ჩასული იყო. კარგი პატიოსანი, მშრომელი ბიჭი, არავისთვის არაფერი დაუშავებია. ოჯახი შესანიშნავი, მამა ხელოვანი, მუსიკოსი კაცია. რატომ მოგვიკლა ახალგაზრდა ბიჭი ასე სასტიკად, ამ კითხვაზე გვაინტერესებს ყველას პასუხი“, - ყვება ადგილობრივი for.ge-სთან.