სად აქვს გადამალული ხელისუფლებას მილიარდიანი რეზერვი

სად აქვს გადამალული ხელისუფლებას მილიარდიანი რეზერვი

[თეონა ხარაბაძე]

ტელეკამერების წინ ვაუჩერების დარიგება გრძელდება და ასეთი შოუ მარტის ჩათვლით გაგრძელდება. ყოველ შემთხვევაში, მთავრობის მხრიდან კეთდება განცხადებები, რომ 20-ლარიანი ელექტროვაუჩერების დარიგება თებერვალში დასრულდება და 30-ლარიანი სასურსათო ვაუჩერების დარიგება მარტიდან დაიწყება.  თუკი გავითვალისწინებთ იმას, რომ 20-ლარიანი ვაუჩერი, დაახლოებით, მილიონ ოჯახს უნდა დაურიგდეს და საერთო ჯამში ამისთვის 20 მილიონია საჭირო, ამ ლოგიკით სასურსათო ვაუჩერებს 30 მილიონი ლარი დასჭირდება.

მიუხედავად იმისა, რომ დასახელებულია ვაუჩერების დარიგების დრო, არავინ იცის ეს 50 მილიონი მთავრობამ საიდან უნდა დახარჯოს. ამას კი ემატება პრეზიდენტის ის დაპირებაც, რომ სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის დამატებით 150 მილიონი ლარი იქნება გამოყოფილი.

ცხადია, 200 მილიონის დახარჯვისთვის გარკვეული კორექტივები ბიუჯეტში უნდა შევიდეს, მაგრამ არც ეს ახსოვს ვინმეს და არც ის იციან, ეს ფული საიდან უნდა მოიტანონ.

ოპოზიცია კი ეჭვობს, რომ მთავრობა სააკაშვილის ამ დაპირების შესრულებას „დარეზერვებული თანხებიდან“ აპირებს.

„მე ნამდვილად არ ვიცი, ეს თანხები საიდან გამოიყოფა. ამაზე არავინ არაფერს ამბობს. ბიუჯეტში ეს გაწერილი არ ყოფილა. როგორც ჩანს, ეს თანხები მობილიზებული იქნება მთავრობისა და პრეზიდენტის ფონდებიდან. ერთი ძალიან საგულისხმო რამ დაფიქსირდა. დახურულ სხდომაზე, რომელიც პარლამენტში ბაქრაძესა და ბიზნესმენებს შორის გაიმართა, ბაქრაძეს უთქვამს, რომ ამ წელს საქართველოს არაფერი ემუქრება იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ეროვნული ბანკის სპეციალურ ანგარიშებზე მობილიზებული მილიარდი ლარი, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ შესაბამისად დაიხარჯება.

თავის დროზე თქვენ არც იმისთვის მიგიქცევიათ ყურადღება, რომ ერთ-ერთ გამოსვლაში ფინანსთა მინისტრმა, რომელიც მობრძანებული იყო ბიუჯეტის განხილვისას, განაცხადა, რომ ჩვენ გვაქვს მილიარდი ლარი მობილიზებულიო. მან ეს ჩემი კითხვის პასუხად განაცხადა. როგორც გახსოვთ, მე მას რამდენიმე მწვავე კითხვა დავუსვი და მან თქვა, რომ ჩვენ არანაირი საფრთხე არ გვემუქრება, ჩვენ მილიარდი ლარი გვაქვსო.

როგორც ჩანს, ბაქრაძეც ამ მილიარდ ლარს შეეხო და ბიზნესმენებს პირდაპირ უთხრა, რომ ჩვენ ამ თანხებს საჭიროებისამებრ გამოვიყენებთო. არ ვიცი, ეს ყველაფერი როგორ უნდა მოხდეს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ითქვა“, - აცხადებს საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი გია ცაგარეიშვილი.

იგი იმასაც აღნიშნავს, რომ არცერთი საუბრისას ხელისუფლების მხრიდან არ დაკონკრეტებულა, ეს რეზერვი სად არის.

„თუ ბიუჯეტიდან უნდა დაიხარჯოს, მაშინ უნდა მოხდეს ცვლილებების შეტანა, რაც არ ხდება. თუ რაღაც რეზერვზეა საუბარი, უნდა დაკონკრეტდეს, რა რეზერვს გულისხმობ და იქ ფული საიდან არის. ფინანსთა მინისტრს არ უთქვამს, რომ ეს ეროვნული ბანკის რეზერვია და როგორც გავიგე, არც ბაქრაძეს. მათ თქვეს, რომ ჩვენ გვაქვს რეზერვიო და ეს არის საინტერესო, სად არის და რა თანხაზეა საუბარი“, - აცხადებს ცაგარეიშვილი.

სხვა საკითხია, ეს ვაუჩერები ლარის კურსის სტაბილურობაზე რა გავლენას იქონიებენ და საერთო ჯამში, ეს ყველაფერი ეკონომიკურ პროცესებზე როგორ აისახება, რაზეც ექსპერტებს საკმაოდ პესიმისტური გათვლები აქვთ. ამ შემთხვევაში საინტერესო მართლაც ის არის, თუ ეს 200 მილიონი მთავრობამ საიდან უნდა მოიტანოს.

გამორიცხულია ეს თანხა მთავრობის და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდებიდან დაიხარჯოს, რადგან ამ ორივე ფონდში სულ 110 მილიონი ლარია და, როგორც წესი, ეს თანხები კონცერტებზე იხარჯება ხოლმე.

საპარლამენტო უმრავლესობას კი საერთოდ არ აინტერესებს მთავრობა ამ ფულს საიდან მოიტანს და იმით კმაყოფილნი არიან, რომ საკუთარ ვაუჩერებს მორიგეობით კამერების თანდასწრებით გაჭირვებულ ოჯახებს ურიგებენ და მათგან სამადლობელ სიტყვებს ისმენენ.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ მელიქიშვილი აღნიშნულთან დაკავშირებით შეგნებულად არ საუბრობს და ამბობს, რომ სასურსათო ვაუჩერების საკითხი მისი კომპეტენციის ფარგლებს სცილდება. მელიქიშვილი ირწმუნება, რომ მისთვის უცნობია პარლამენტის თავმჯდომარისა და ბიზნესმენების შეხვედრის შესახებაც. არადა, ეს შეხვედრა ოფიციალურად გაიმართა და, წესით, მან ის თუ არ იცის, ამ შეხვედრაზე რა ითქვა, ის მაინც უნდა იცოდეს, რომ ეს შეხვედრა ცოტა ხნის წინ პარლამენტში შედგა.

„მსგავსი ინფორმაცია არ მაქვს და ვერც დავადასტურებ, ეროვნული ბანკის სარეზერვო ფონდიდან გაიცემა თანხა თუ სხვა ფონდებიდან, ეს საკითხი ჩემი კომპეტენციის ფარგლებს სცილდება. შეგიძლიათ, ფინანსთა სამინისტროს მიმართოთ“, - განაცხადა ზურაბ მელიქიშვილმა.

ფინანსთა სამინისტროში კი ამის შესახებ ღიად არ საუბრობენ და აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე საკითხი დამუშავების სტადიაშია.

ამიტომაც ახლა მთავარი კითხვა ის არის, თუ საიდან დახარჯავს მთავრობა 200 მილიონს და ფინანსთა მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე რა მილიარდიან რეზერვებზე საუბრობდნენ.