ეზუგბაია სადგურებს აუქმებს, ოპოზიცია კი - თავად ეზუგბაიას

ეზუგბაია სადგურებს აუქმებს, ოპოზიცია კი - თავად ეზუგბაიას

[ეკა ბაქრაძე]

რკინიგზაში ფასები იზრდება, ხოლო სდაგურების რაოდენობა თანდათან მცირდება. ყოველ შემთხვევაში, ასე ამტკიცებს ოპოზიცია.  ასეთი მიდგომა მომგებიანიც კია, რადგან 2010 წლის მონაცემებით, საქართველოს რკინიგზის მომსახურებით 5 მლნ-მდე ადამიანმა ისარგებლა. ხარჯი მცირდება, მოგება კი - იზრდება.

ლეიბორისტული პარტია მატარებლით მგზავრობის გაძვირებას აპროტესტებს და მისი გამომწვევი მიზეზების გარკვევას მოითხოვს. გუშინ თბილისის რკინიგზის ცენტრალურ სადგურთან პარტიის გენერალურმა მდივანმა იოსებ შატბერაშვილმა ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ქართველი ხალხის წინააღმდეგ კიდევ ერთი მძიმე გადაწყეტილება მიიღო - გააძვირა მატარებლით მგზავრობა.

შატბერაშვილი მატარებლით მგზავრობით გაძვირებას „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი ირაკლი ეზუგბაიას მიერ თავისი მოადგილეებისთვის სახალწლოდ პრემიების სახით 200 ათასი ლარის დარიგებას უკავშირებს.

„ეზუგბაიამ თავის მოადგილეებს პრემიების სახით ჯამში 1 მილიონი ლარი გადასცა და სწორედ ეს პრემიები გადადის ახლა ჩვენს კისერზე, ეს ყველაფერი მგზავრობის ტარიფებზე აისახა“, -განაცხადა შატბერაშვილმა.

მისი თქმით, მატარებლით მგზავრობის გაძვირება პროდუქტის ფასებზეც იქონიებს გავლენას, რადგან თბილისში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან პროდუქტები სწორედ ამ რკინიგზით შემოდის.

„ამიერიდან, როგორც პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, იაფი ტარიფებისა და ფასების დრო წარსულს ჩაბარდა. მის სიტყვებს ამტკიცებს გაძვირებული ტარიფები, მატარებლის ბილეთის ღირებულება, დაახლოებით, 20-30% პროცენტით გაძვირდა და რაც ყველაზე მთავარია, ეს დაეტყობა პროდუქტების ფასებს, რომელიც ისედაც გაძვირებულია“, - განაცხადა პარტიის გენერალურმა მდივანმა.

ლეიბორისტები პარტია მოუწოდებენ კონტროლის პალატას და პროკურატურას, შევიდეს რკინიგზის დეპარტამენტში. გაარკვიოს იქ არსებული კორუფციული სქემები და ტარიფები დაუყოვნებლივ დაუბრუნდეს თავის პირვანდელ ღირებულებას.

ოპოზიციის ბრალდებას მსწრაფლ გამოეხმაურა რკინიგზის ხელმძღვანელობა. მათი მტკიცებით, საქართველოს რკინიგზით მგზავრობის ღირებულება არ გაზრდილა. კომპანიის გენერალური დირექტორის ირაკლი ეზუგბაიას თქმით, საქართველოს რკინიგზის სამგზავრო მომსახურებაზე ფასების ზრდა არის მტკნარი სიცრუე.

„საქართველოს რკინიგზას“ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, გადაწყვეტილება ფასების ზრდაზე არ მიუღია. მიუხედავად იმისა, რომ გარე ფაქტორები, მათ შორის ინფლაცია ჩვენზეც მოქმედებს, ეს არის ტყუილი. ფასები არ გაზრდილა და ბოლო ხუთი წელია, ჩვენ ვინარჩუნებთ ძველ ფასებს“, - განაცხადა ირაკლი ეზუგბაიამ.

მართლია, რკინიგზაში ამტკიცებენ, რომ ფასები შეინარჩუნეს, მაგრამ ძველ ინფრასტრუქტურას ვერაფრით ინარჩუნებენ. „საქართველოს რკინიგზის“ გადაწყვეტილებით, თბილისში ბორჯომის სადგური გაუქმდა და მის ნაცვლად საგარეუბნო მატარებლები ბორჯომიდან, გარდაბნიდან და სადახლოდან თბილისის ცენტრალურ სადგურზე შევლენ. რკინიგზის ინფორმაციით, აღნიშნული მატარებლებისთვის ბოლო გაჩერება თბილისის აეროპორტი იქნება.

ცვლილებებს მგზავრობის ღირებულებაზე არ უმოქმედია.

„5 წლის განმავლობაში, საქართველოს რკინიგზას შენარჩუნებული აქვს ფასები. ჩვენ ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტმა მგზავრმა ისარგებლოს ჩვენი მომსახურებით“, - განაცხადა „საქართველოს რკინიგზის“ მგზავრთა გადაყვანის დირექტორის მოადგილემ კომერციისა და სერვისის საკითხებში ხარიტონ შალამბერიძემ.

როგორც რკინიგზაში განმარტავენ, მათ ტურისტების ინტერესებიც გაითვალისწინეს, რომლებიც აეროპორტიდან გაუსვლელად შეძლებენ სასურველი ქალაქის მიმართულებით ბილეთის შეძენას.

ცვლილებების შემდეგ, „საქართველოს რკინიგზა“ მგზავრთა რაოდენობის მატებას ელოდება. 2010 წლის მონაცემებით, საქართველოს რკინიგზის მომსახურებით 5 მლნ-მდე ადამიანმა ისარგებლა.