მე ყველა მინდა დავარწმუნო, რომ ევროინტეგრაციის პროცესი არათუ არ გადადებულა, არამედ, პირიქით, მაქსიმალური ინტენსივობით გაგრძელდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, დღეს, საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე დიპლომატებმა კიდევ ერთხელ მიიღეს შესაბამისი მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ მაქსიმალურად ინტენსიურად უნდა გაგრძელდეს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი.
„მე ყველა მინდა დავარწმუნო, რომ ევროინტეგრაციის პროცესი არათუ არ გადადებულა, არამედ, პირიქით, მაქსიმალური ინტენსივობით გაგრძელდება. ეს არის რეალობა. ყველაფერი დანარჩენი არის უბრალოდ სიყალბე, რასაც შეგნებულად ავრცელებს რადიკალური ოპოზიცია და მასთან დაკავშირებული მედია და სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ გავიხსენებ, რომ ევროკავშირის ელჩიც კი შეუერთდა ამ დეზინფორმაციულ კამპანიას. მე ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით მქონდა დღეს საუბარი საგარეო საქმეთა სამინისტროში, სხვა საკითხებთან ერთად და დღეს დიპლომატებმა კიდევ ერთხელ მიიღეს შესაბამისი მითითება, შესაბამისი დავალება იმასთან დაკავშირებით, რომ მაქსიმალურად ინტენსიურად უნდა გაგრძელდეს ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი", - განაცხადა პრემიერმა.