თიანეთის რაიონის სოფელ ახალსოფელში უმძიმესი დანაშაული მოხდა. როგორც გამოძიებით ირკვევა, 24 წლის გალინა ნოზაძეს ქმარმა თმაზე საწვავი მძინარეს გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა. ახალგაზრდა ქალი უკვე 10 დღეზე მეტია სიკვდილს ებრძვის, დამწვარი აქვს სხეულის 70 პროცენტი, ყველაზე მძიმედ კი სახე.
როგორც ადგილობრივები for.ge-ს უყვებიან, შემთხვევა გვიან ღამით მოხდა, ხოლო ახალგაზრდა ქალის სამი მცირეწლოვანი შვილი ყველაფერს შეესწრო.
33 წლის თემურ ყარალაშვილმა, რომელიც ამ სასტიკ დანაშაულშია ბრალდებული, თავდაპირველად სცადა მომხდარი უბედურ შემთხვევად გაესაღებინა. სასწრაფოს, რომელმაც ქალი კლინიკაში გადაიყვანა, ისიც გაჰყვა. ბრალდებული მხოლოდ მომდევნო დღეს დააკავეს, როცა მომხდარის შესახებ ეჭვი გაჩნდა და ბავშვები გამოკითხეს. მათ მომხდარის შესახებ სიმართლე თქვეს: დედის დაწვა მამამ სცადა.
მეზობლები ამბობენ, რომ გალინა ნოზაძე ახალსოფელში ქმრის ოჯახში უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობდა, თვითგადარჩენისთვის იძულებული იყო, რომ ფიზიკურად ეშრომა. გალინას სამი შვილი ამ შემთხვევიდან 11 დღის განმავლობაში მეზობლებთან ცხოვრობდა, ოჯახი ყარალაშვილებს ენათესავება.
„უმძიმესი ამბავი მოხდა. თავდაპირველად ყველას უბედური შემთხვევა გვეგონა. ვიფიქრეთ, რომ ალბათ, ღუმელიდან წაეკიდა ცცეხლი. ან ჩაეძინა, ან რაღაცა მსგავსი. ქმარიც ასე ამბობდა, რომ უბედური შემთხვევააო. ხოლო არის ვარაუდი, რომ ბრალდებული მას შემდეგ დააკავეს, რაც მცირეწლოვანმა ბავშვა პოლიციელს მოუყვა, როგორ წაუკიდა მამამ დედას ცეცხლი. აი, ამის შემდეგ დაეჭვდა ყველა, რომ ის რაღაცას იტყუებოდა. ეს ოჯახი არის უკიდურესად გაჭირვებული. გოგო ხან სად დადიოდა ქირაზე და ხან სად. ბავშვებს მეზობლები აწვდიდნენ საკვებს და ტანსაცმელს. შემფარებელ ოჯახს, რომლებსაც ბავშვები ჰყავდა, ადგილობრივებიც ეხმარებოდნენ. სამი მცირეწლოვანი ახლა ბებიამ და ბიძამ თიანეთიდან ჭიათურაში წაიყვანეს. არც დამწვარი გოგოს დედას და არც ძმას მომხდარზე საუბარი არ სურთ. ბავშვები შოკში იმყოფებიან. წარმოდგენაც არ მინდა რა გადაიტანეს“, - გვიყვება გოგოს მეზობელი.
გალინა ნოზაძე ამ დრომდე დამწვრობის ცენტრში რჩება, მდგომარეობა ისევ მძიმეა, მომხდარზე არაფერს ამბობენ არც ბრალდებულის მშობლები. კიდევ ერთი მეზობელი კი ყვება რომ ბავშვები არიან ოქროს მოწმეები, რომელთაგანაც სიმართლე გაიგეს. მისი თქმით, სავარაუდოდ, კონფლიქტი ყოფით ნიადაგზე მოხდა, რის შემდეგაც კაცმა მძინარე ცოლის დაწვა გადაწყვიტა.
„რომ არა ბავშვები სახლში, ალბათ, ასე ცოცხლად დაიწვებოდა. ბავშვების წარმოუდგენელმა ყვირილმა შეძრა მეზობლები. რომ მიცივივდა ხალხი და ჩაქრობა დაიწყეს ცცეხლის, ვერავინ მოვიდა აზრზე, რომ ქმარი ამას იზამდა. კი ჰქონდათ კონფლიქტი, ძალიან გაჭირვებული ოჯახია, მაგრამ ვინ იფიქრებდა, რომ კაცი ამ დონემდე საზარელ რამეს მოიფიქრებდა. სავარაუდოდ, ამ გაჭირების გამო იკამათეს. ეს ბიჭი არაფრის მაქნისია და საწყალი გოგო ქირაზე დადიოდა, სამი ბავშვის გამოსაკვები ფული რომ ეშოვა. ამან კიდევ ცოცხლად წაუკიდა ცეცხლი. ისე თამაშობდა, აზრზეც ვერავინ მოვიდა. პოლიცია რომ დაეჭვდა და ბავშვები გამოკითხეს, მერე გახდა ცნობილი. მანამდე ასე იჯდა საავადმყოფოში, ვითომ მას არ უცდია ცოლის მოკვლა“, - ამბობს კიდევ ერთი მეზობელი.