ერთ თვეში შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 22 ათასით გაიზარდა

ერთ თვეში შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 22 ათასით გაიზარდა

[გიორგი ბექაური]

მსოფლიო ბანკის დასკვნის მიხედვით, ბოლო ექვსი თვის განმალობაში სამომხმარებლო ფასების ზრდის შედეგად, მსოფლიოში დამატებით 44 მილიონი ადამიანი სიღარიბის ზღვარს მიღმა აღმოჩნდა. გაჭირვებამ კი მთლიანად 1,2 მილიარდი ადამიანი მოიცვა.

სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთა, უფრო ზუსტად კი, საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა იზრდება საქართველოშიც. მაგალითად, თუ 2010 წლის დეკემბრის მონაცემებით სოციალური მომსახურების სააგენტოში რეგისტრირებული იყო 408 367 ადამიანი, რომელიც საარსებო შემწეობას იღებდა, უკვე 2011 წლის იანვარში ასეთი ადამიანების რაოდენობა 430 461-მდე გაიზარდა. როგორც ჩანს, მსოფლიო სასურსათო კრიზისი საქართველოზეც აისახა, ყოველ შემთხვევაში, ციფრები სწორედ ამაზე მეტყველებს.

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2010 წლის ოქტომბრიდან 2011 წლის იანვრამდე ფასები 15%-ით გაიზარდა. ამავე დოკუმენტის თანახმად, უკანასკნელი ექვსი თვის განმავლობაში ხორბალზე, სიმინდზე, შაქარზე, კარაქსა და ბრინჯზე ფასებმა იმატა.

„მსოფლიოში საკვები პროდუქტების ფასები სახიფათო ზღვარს აღწევს“, - განაცხადა მსოფლიო ბანკის პრეზიდენტმა რობერტ ზელიკმა. პროდუქტების გაძვირება განსაკუთრებით ღარიბებმა იგრძნეს, რომლებიც შემოსავლის ნახევარს საკვებზე ხარჯავენ.  შედეგად, 2010 წლის ივნისის შემდეგ სიღარიბის ზღვარს მიღმა დამატებით 44 მლნ ადამიანი აღმოჩნდა.

საერთაშორისო სტანდარტების თანახმად, სიღარიბის ზღვრად ითვლება ერთი დღე-ღამის განმავლობაში 1,25 დოლარის ოდენობით შემოსავალი ერთ სულზე.

ამასთან, სასურსათო პოლიტიკის საერთაშორისო კვლევითი ინსტიტუტის მონაცემებით, დღეს მსოფლიოში 1 მილიარდამდე ადამიანი შიმშილობს. საქართველო კი ამავე კვლევის თანახმად, იმ ქვეყნების რიცხვში აღმოჩნდა, სადაც „არასრული კვების საშუალო დონეა“. ასეთ ადამიანების რიცხვი კი, ქართველი ექსპერტების თქმით, ქვეყნის მოსახლეობის, დაახლოებით, მესამედს შეადგენს. რაც შეეხება იმათ, ვინც ფიზიოლოგიურ შიმშილს განიცდის, ექსპერტების ერთი ნაწილის თქმით, ეს ციფრი, დაახლოებით, 5-7%-ია, მეორე ნაწილის თქმით კი შიმშილობის ზღვარზე თითქმის 22% იმყოფება.

ამავე ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის ავტორები არასახარბიელო მაჩვენებლების შესამცირებლად ქვეყნების ხელისუფლებებს მოუწოდებენ, ებრძოლონ ბავშვთა შორის სურსათის უკმარისობას. გაერო მიიჩნევს, რომ ადამიანმა ჯანმრთელი და აქტიური ცხოვრებისთვის ყოველდღიურად სულ მცირე 1800 კილოკალორია უნდა მიიღოს.

1990 წლიდან 2006 წლის ჩათვლით, მოშიმშილეთა რაოდენობა მსოფლიოში შემცირდა, მაგრამ ბოლო პერიოდში ეს მაჩვენებელი გაიზარდა. 2009 წელს შიმშილობის პრობლემა ერთ მილიარდ ადამიანს ჰქონდა. მოხსენების ავტორებმა ვითარება შეისწვალეს გარდამავალი ეკონომიკის მქონე 122 ქვეყანაში. მათ შორის 29 ქვეყანაში, რომლებიც საჰარის სამხრეთითა და აზიის კონტინენტის სამხრეთით მდებარეობენ. მათი ინფორმაციით, მოსახლეობის სურსათით მომარაგებისა და შიმშილის ინდექსის თვალსაზრისით, აქ „ვითარება სახიფათოა“.

მართალია, ამ კვლევის მიხედვით საქართველოში არასრული კვების საშუალო დონეა, თუმცა ქართველი ექსპერტების თქმით, სიტუაცია ჩვენთან უფრო მეტად მძიმეა. მათი ერთი ნაწილი თვლის, რომ ისეთი ადამიანების რიცხვი, რომლებსაც არასრული კვების რაციონი აქვთ, ქვეყანაში საკმაოდ მაღალია და დაახლოებით 20-22%-ს შეადგენს, მეორე ნაწილი კი აცხადებს, რომ ეს რიცხვი სადღაც 5-7%-ს არ აღემატება.

„საერთოდ, ჩვენი ფსიქიკიდან გამომდინარე, ქართველ კაცს იმის აღიარება, რომ შიმშილობს, ძალიან უჭირს. თუმცა ცხადია, რომ ეს პრობლემა ქვეყანას უკვე საუკუნეებია თან სდევს. დღეს კი, როდესაც ქვეყანას არ გააჩნია ეკონომიკური უპირატესობა, მშპ არის ძალიან დაბალი, ამიტომ კვლევის მონაცემები რეალობასთან უფრო ახლოა.

რაც შეეხება ზოგად მონაცემებს, ჩემი გათვლებით დღეს საქართველოში ფიზიოლოგიურ შიმშილს მოსახლეობის, დაახლოებით, 5-7% განიცდის, არასრულფასოვანი კვება კი მოსახლეობის მესამედს აქვს. ეს ციფრები არც ისე დაბალია და აუცილებელია, რომ მას ყურადღება მიექცეს“, - განაცხადა ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში სოსო არჩვაძემ.

უფრო სკეპტიკურადაა განწყობილი ექსპერტი სოფლის მეურნეობის საკითხებში პაატა კოღუაშვილი, რომლის მონაცემებით დღეს ქვეყანაში სიტუაცია საკმაოდ მძიმეა და უახლოეს მომავალში უფრო მეტად დამძიმდება. მისივე თქმით, საქართველოში დღეს სრულფასოვანი კვება მხოლოდ 53%-ს აქვს, რომელთაგან 18% მდიდარი ადამიანია და დანარჩენი 35% მათზე მიბმული.

„დღეს საქართველოში არასრულფასოვნად მოსახლეობით, დაახლოებით, 47% იკვებება, აქედან 22% ღატაკია და მათი კვების რაციონი ხომ საერთოდ პურითა და ჩაით შემოიფარგლება. არცთუ კარგ მდგომარეობაშია დარჩენილი 25%, რომელთა კვების რაციონში მცირედი დანამატია შესული. ეს კი არის იმის შედეგი, რომ დღეს ქვეყნის მოსახლეობას ძალიან უჭირს. გაჭირვებულთა მდგომარეობას ისიც ამძიმებს, რომ არც მათ ნათესავებს აქვთ იმდენი შესაძლებლობა, ამ ადამიანებს დაეხმარონ“, - დასძინა კოღუაშვილმა.