მშენებლობა ძვირდება, ბინები არ იყიდება

მშენებლობა ძვირდება, ბინები არ იყიდება

[ეკა ბაქრაძე]

სამშენებლო სექტორი დიდი ხანია ისედაც სულს ღაფავს და ახლა გაძვირება დაატყდა თავს. ძვირდება ცემენტი, ბეტონი, არმატურა, საბოლოო ჯამში კი ბინები. ამ დროს კი უძრავი ქონების რეალიზაცია მუდმივად იკლებს. ასეთ პირობებში ვითარების დასტაბილერების შანსი მიზერულია.

საქართველოში ცემენტის უმსხვილესი მწარმოებლები პროდუქციას აძვირებენ. „თბილცემენტი“, რომელიც ბეტონსა და ცემენტს აწარმოებს, ენერგორესურსების გაძვირების გამო, ერთ ტონა ცემენტზე ფასს 10 ლარით - 155 ლარამდე ზრდის. ასეთივე გაძვირება შეეხება ბეტონსაც. იგი 130-ის ნაცვლად, 140 ლარი ეღირება. 

ბეტონზე გაზრდილი ფასები აქვს „ჰაიდელბერგცემენტსაც“. კომპანიაში ერთი კუბური მეტრის ფასი 140 ლარია, რაც 5 ლარით მეტია აქამდე არსებულზე. თუმცა, „ჰაიდელბერგში“ განმარტავენ, რომ გაზრდილი ფასების მიუხედავად მოთხოვნა მაინც დიდია.

ფასების ზრდაზე არმატურის მწარმოებლებიც საუბრობენ. მათი თქმით, ბოლო ორი თვის განმავლობაში არმატურის ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა და არსებობს რეალური საფრთხე, რომ ზრდის ტენდენცია კვლავ გაგრძელდება.

„ფოლადის“ კომერციული დირექტორის ჯუღა სიხარულიძის განცხადებით, ბოლო თვეების განმავლობაში ერთი ტონა არმატურის ფასი 70 დოლარით გაიზარდა. სადღეისოდ მისი ფასი ერთ ტონაზე 760-780 დოლარს შეადგენს.

რაც შეეხება იმპორტირებულ არმატურას, მისმა ფასმა კიდევ უფრო მეტად მოიმატა. საქართველოში „კრივოი როგის“ არმატურის იმპორტიორი კომპანია „ორიონ მეტალის“ კომერციული დირექტორის ნუგზარ წიტაიშვილის განცხადებით, სადღეისოდ უკრაინული არმატურა საქართველოში 870-880 დოლარი ღირს, თუმცა მალე ფასი უფრო მაღალი იქნება.

არმატურის ფასის ზრდის პარალელურად კი დეველოპერები მშენებარე ფართებზე ფასების ზრდას ვარაუდობენ. როგორც კომპანია „აქსისის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი კაპანაძემ „კომერსანტ.გე“-ს განუცხადა, არმატურის და ცემენტის, ისევე როგორვ საწვავის გაძვირება მშენებლობის ფასზე იმოქმედებს. მისი თქმით, თუკი ეს ტენდენცია გაგრძელდა, რისი პროგნოზირებაც ძნელია, ახლადაშენებულ ფართებზე ფასი, სავარაუდოდ, 10%-ით მოიმატებს.

ისედაც სულთმობრძავ სამშენებლო და უძრავი ქონების სექტორს ეს გაძვირება ძალიან ცუდად შემოუბრუნდება. ბოლო პერიოდში ბინების ყიდვა-გაყიდვა (განსაკუთრებით მშენებარე კორპუსებში) მინიმალურ დონემდე დაეცა. სიტუაციის გამოსწორება ვერაფრით ხერხდება. ასე რომ, კიდევ უფრო მაღალი მაზანდა თითო-ოროლა შემორჩენილ პოტენციურ მყიდველს საერთოდ დააფრთხობს.

უძრავი ქონების სააგენტოების წარმომადგენლები ამ ეტაპზე ბაზარს არასახარბიელოდ აფასებენ და ამბობენ, რომ შესყიდვების მაჩვენებელი ბოლო პერიოდის განმავლობაში არ გაზრდილა. სამაგიეროდ, მოიმატა მოთხოვნამ გირაოზე. თუმცა, ამ მხრივაც სერიოზული პრობლემებია, რადგან მოთხოვნა-მიწოდების ბალანსი დარღვეულია.

მაკლერების თქმით, მოთხოვნა მეტ-ნაკლებად შენარჩუნდა იაფფასიან ბინებზე ისიც, ძირითადად, გარეუბნებში იყიდება. რაც შეეხება ღირებულებას, ამ მხრივაც კლებაა და დაბალი მოთხოვნის პირობებში ხშირად 60 ათას დოლარად ღირებული ქონების გაყიდვა მეპატრონეს 45 ათას დოლარად უწევს.

„ძალიან კარგი იქნება, რომ უძრავი ქონების რეალიზაცია რეალურად გაიზრდოს, მაგრამ სინამდვილეში ჯერაც დიდი სირთულეებია. ჯერჯერობით, გაყიდვაში იაფფასიანი ბინებია, ძირითადად, გარეუბნებში და ისიც იშვიათ შემთხვევაში.

ძნელად დასაჯერებელია, მაგრამ ზოგჯერ მთელი თვე ისე გავა, 2-3 ბინის გაყიდვას ძლივს ვახერხებთ. ასეთი მდგომარეობა ბაზრისთვის ძალიან ცუდი ტენდენციაა“, - ამბობენ მაკლერები.

მათ ნაწილობრივ ეთანხმებიან ექსპერტები, თუმცა ისინი უფრო ოპტიმიზმს ინარჩუნებენ.

„ბაზარზე გაჩნდა ახალი მოთხოვნები და ახალი სტანდარტები. უკვე არავინ არ ყიდულობს ე.წ.  „ხრუშჩოვკებს“, შემცირდა ინტერესი „შავი კარკასების“ მიმართაც – ნაკლებად ყიდულობენ. მოთხოვნა გაიზარდა დამთავრებულ ბინებზე, ასევე მეტი ინტერესია საოფისე ფართებსა და მიწის ნაკვეთებზე“, - ამბობს ექსპერტი გიორგი ბარვენაშვილი, რომელიც მიუხედავად მრავალი პრობლემისა იმედოვნებს, რომ უძრავი ქონების სექტორი წელსვე გამოცოცხლდება.